მსოფლიოში, ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. უამრავი ქვეყანა აღნიშნავს ამ თვეს და სიმბოლურად მას „ვარდისფერ ოქტომბერს“ უწოდებენ. საქართველო უკვე რამდენიმე წელია შეუერთდა „ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიას, რომელიც უფრო და უფრო მეტად ფართოვდება. OK! ამ თემაზე აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის გენერალურ მენეჯერ გიორგი დიასამიძეს ესაუბრა.
„თოდუას კლინიკა“ და „ვარდისფერი ოქტომბერი“ – გვიამბეთ ამის შესახებ.
ვარდისფერი ოქტომბერი იყო ერთ-ერთი პირველი თვე, რომელიც სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას მიეძღვნა. ამის შემდეგ კი თითქმის ყოველი თვე ასოცირდება სხვადასხვა სიმსივნესთან. მაგალითად, სექტემბერი გახლავთ პროსტატის კიბოს, ნოემბერი − ფილტვის სიმსივნის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე.
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, ვატარებთ უფასო გასინჯვას − მამოლოგის კონსულტაციას, მამოგრაფიას, სარძევე ჯირკვლის ექოსკოპიურ გამოკვლევებს...
ძნელია გადააფასო ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა ძუძუს კიბოს და საერთოდ, სიმსივნური დაავადების მართვაში, მკურნალობასა და შორეული შედეგების პროგნოზირებაში.
შარშან „ვარდისფერი ოქტომბრის“ აქციით თითქმის 500 ქალბატონი გამოვიკვლიეთ და მათგან ცხრასთან ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი პრობლემის სრულად აღმოფხვრა მოხერხდა.
წელს, ვფიქრობთ გავაფართოვოთ უფასო გასინჯვის პროგრამა: გამოვყოთ მეტი დღე, დავგეგმოთ მეტი კონსულტაცია და კვლევა.
სასიხარულოა, რომ ქვეყანაში არსებობს უფასო სახელმწიფო სკრინინგ-პროგრამა, რომელიც დიდ როლს ასრულებს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის საქმეში.
რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ სკრინინგი?
ცოტა ხნით მინდა სტატისტიკაზე შევჩერდეთ. მაგალითისთვის, აშშ-ში ყოველ ორ წუთში ერთ პაციენტს უდგინდება სარძევე ჯირკვლის სიმსივნე. არ მინდა მკითხველის შეშინება, მაგრამ ოფიციალური მონაცემებით, არსებობს რისკი იმისა, რომ ყოველი რვა ქალიდან ერთს ცხოვრების განმავლობაში უდგინდება სარძევე ჯირკვლის სიმსივნე. ეს დაავადება ასწლეულებია არსებობს და ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ისტორიულ წყაროებში მოიპოვება ცნობები ბიზანტიის იმპერატორის მეუღლე თეოდორას შესახებ, რომელსაც 1500 წლის წინ ჩაუტარდა მასტექტომია, ანუ სარძევე ჯირკვლის მოკვეთის ოპერაცია.
საქართველოში წელიწადში ძუძუს კიბოს 1700-1800 ახალ შემთხვევამდე ფიქსირდება და აქედან მხოლოდ 50% არის პირველ და მეორე სტადიაზე. ანუ ჩვენ იმ დაავადებას, რომლის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენისთვის ყველა ბერკეტი გვაქვს, შემთხვევების ნახევარს მესამე და მეოთხე სტადიაზე ვპოულობთ.
შეუძლებელია არ გავითვალისწინოთ, რომ ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი სიმსივნე ძირითადად სრულად განკურნებადია, მაშინ, როდესაც, უკვე შორს წასულ შემთხვევებში მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ვიბრძვით.
სარძევე ჯირკვლის სიმსივნე ყველაზე ხშირად ვლინდება 50-დან 70 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არის ამ დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია. ბოლო წლებში ხშირია დაავადების დიაგნოსტირება 25-40 წლის ასაკშიც. ამიტომაც არის აუცილებელი ცნობიერების ამაღლების ასეთი კამპანიები. და აქ ადრეული დიაგნოსტიკისთვის ხშირად გადამწყვეტია თავად პაციენტის როლიც. ამიტომ დავამზადეთ საინფორმაციო ბუკლეტები თავის მოვლის რეკომენდაციებით, რისკ-ფაქტორებისა და ადრეული სიმპტომების, თვითგასინჯვის მეთოდიკის აღწერით; ასევე, რომელი კვლევებია მისაღები ამა თუ იმ ასაკობრივ ჯგუფში.
40 წლის ასაკის შემდეგ იწყება რენტგენო-მამოგრაფიული გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობა. ჩვენ მიმდინარე თვის განმავლობაში მივაწვდით საზოგადოებას ამ ინფორმაციას სხვადასხვა ტელე, რადიო თუ ბეჭდური მედიის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჟურნალ OK!-ის საშუალებით.
იმის გარდა, რომ ვატარებთ გამოკვლევებს, ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციებსაც და ძალიან დეტალურად განვიხილავთ პაციენტისთვის საინტერესო ყველა საკითხს. უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა კუთხით ვესაუბროთ ადამიანებს ამ დაავადების შესახებ და როგორც პაციენტებმა, ისე ექიმებმა გავცვალოთ ინფორმაცია.
საყურადღებოა ისიც, რომ არ შევაშინოთ პაციენტები, ავუხსნათ, რომ სკრინინგით არა მარტო სიმსივნის, არამედ კიბოს წინარე ან უბრალოდ კეთილთვისებიანი დაავადებების და წარმონაქმნების აღმოჩენაც ხდება და რეგულარული გასინჯვების რეკომენდაცია სულაც არ ნიშნავს კიბოს არსებობას. საუბარი ნამდვილად აუცილებელია, რადგან ქალბატონები ხშირად აწყდებიან ამ პრობლემას.
დღეს კორონავირუსი ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა. ყურადღებით ვადევნებთ თვალს სტატისტიკას და ვემორჩილებით პრევენციის წესებს, ვიყენებთ ნიღაბს, ხშირად ვიბანთ და ვიმუშავებთ ხელებს, ვინარჩუნებთ დისტანციას ერთმანეთთან. ყოველივე ეს არასასიამოვნო რუტინად იქცა. თუმცა არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ სარძევე ჯირკვლის სიმსივნეს გაცილებით მეტი ზიანის მოტანა შეუძლია. თუ ჩვენ კორონავირუსი გვავალდებულებს მივყვეთ ათეულ რეგულაციას, სარძევე ჯირკვლის პრევენციისთვის საჭიროა წელიწადში მხოლოდ ერთხელ გადავიღოთ მამოგრაფია და გავიაროთ კონსულტაცია მამოლოგთან.
მოდი, შევადაროთ: ნიღაბს თითქმის ყველა ატარებს პანდემიისას, რაც შეეხება უფასო სარძევე ჯირკვლის სკრინინგს, საქართველოში მას მხოლოდ ქალთა დაახლოებით 25% მიმართავს.
როგორ ფიქრობთ, რატომ იკავებენ თავს ქალები ექიმთან ვიზიტისგან?
ამის მიზეზი შეიძლება იყოს სტიგმა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში, რომ კიბო არის განაჩენი. გარდა ამისა, გარკვეულ პერიოდში იყო იმის შიშიც, რომ თუ სიმსივნე დაუდგინდებოდათ, მკურნალობის სახსრების არარსებობის გამო, მაინც განწირული იქნებოდნენ. დღეს, საბედნიეროდ, ამის საფუძველი აღარ არის − ყველა ონკოლოგიური დაავადების მკურნალობა 100%-ით ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
ასევე, ადრე საქართველოში ყველგან არ იყო ხელმისაწვდომი მომსახურება. დღეს უკვე გეოგრაფიული ფაქტორი არ წარმოადგენს პრობლემას. მოძრავი სკრინინგ-ცენტრი უკვე რეგიონებში ჩადის.
ნებისმიერ შემთხვევაში, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი სიმსივნის მკურნალობა გაცილებით იაფი და შედეგიანია, ვიდრე შორს წასულ სტადიაზე, როდესაც მკურნალობის და დიაგნოსტიკის ბევრად ძვირადღირებული მეთოდები ხდება საჭირო.
თუმცა, თუ 2015 წელს პირველ სტადიაზე სიმსივნის აღმოჩენის პროცენტული რაოდენობა იყო მხოლოდ 20%, 2018 წელს უკვე 25%-მდე გაიზარდა. სწორედ ამ შედეგებისთვის ვიღებთ ერთ „ვარდისფერ“ თვეს და ამ ერთი თვის განმავლობაში ჩვენ, თქვენთან ერთად, ვხმაურობთ, ვაწვდით ინფორმაციას, ვიბრძვით საზოგადოებაში დამკვიდრებული სტიგმების გასაქარწყლებლად, კიბოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ ყველას თვეა. ეს არის თვე, როდესაც ყველამ უნდა ავიმაღლოთ ხმა. ძალიან მნიშვნელოვანია მედიის მხარდაჭერა ინფორმაციის მისატანად საქართველოს ისეთ ადგილებამდე, სადაც ხმის მიწვდენა გართულებულია. ყველამ უნდა გაიგოს წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკური კვლევის ჩატარების აუცილებლობა. საკითხი ჯანმრთელობას ეხება. ეს არის ის, რაც გვაძლევს სრულფასოვანი არსებობის საშუალებას.
რა წინსვლაა მკურნალობის მეთოდების მხრივ?
დღეს სიმსივნესთან საბრძოლველად გაცილებით კარგი სადავეები გვაქვს ხელში, ვიდრე თუნდაც 10 წლის წინ.
ჩვენ ხელთ არის მკურნალობის ისეთი მეთოდები, როგორიცაა ტარგეტული, ანუ სამიზნე მკურნალობა, რომელიც მხოლოდ მიზანზე მუშაობს. ამისათვის სხვადასხვა სახის გამოკვლევით დგინდება სიმსივნის მორფოლოგიური ტიპი, რიგ შემთხვევაში დგინდება, რომელ გენშია სიმსივნის მუტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ კონკრეტული სიმსივნის წინააღმდეგ ინიშნება ქირურგიული მკურნალობა, ქიმიო ან ჰორმონოთერაპია; სხივური თერაპია ან მათი კომბინაცია. არსენალი, რომელიც უნდა მივმართოთ სიმსივნის წინააღმდეგ, დღეისათვის წარმოუდგენლად მრავალფეროვანია.
რას გვეტყვით ონკოლოგიური დაავადების კავშირზე გენეტიკასთან?
სიმსივნის წარმოშობის ბევრი სხვადასხვა მიზეზია. აუცილებლად უნდა აღვნიშნო რისკ-ფაქტორები: უძილობა, ჭარბი წონა, ალკოჰოლის მოხმარება, ნიკოტინის მოხმარება არახელსაყრელი გარემო-პირობები, ცუდი ეკოლოგია და ა.შ.
აგრეთვე არსებობს არამოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორები. მაგალითად, გენეტიკური წინასწარგანწყობა, მაგრამ ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ თუ ოჯახში ვინმეს სჭირს სიმსივნე, შთამომავლობასაც აუცილებლად დაემართება.
ჩვენს კლინიკაში ტარდება კვლევები დაავადების გენეტიკური წინასწარგანწყობის განსაზღვრისთვის. თუ ოჯახის რამდენიმე წევრს აქვს სარძევე ჯირკვლის სიმსივნე, ამ შემთხვევაში არის შესაძლებლობა მოვახდინოთ კონკრეტული გენის გამოკვლევა, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს გენეტიკურ კიბოს და არა მარტო ძუძუს, არამედ ნაწლავის, საკვერცხის სიმსივნის შემთხვევაშიც. საინტერესო ფაქტია, რომ ასეთი ტესტი გაიკეთა ანჯელინა ჯოლიმ, და ტესტმა აჩვენა, რომ ვარსკვლავს ჰქონდა მაღალი გენეტიკური წინასწარგანწყობა ძუძუს კიბოს მიმართ.
წინასწარგანწყობის დადგენის შემთხვევაში, განიხილება სარძევე ჯირკვლის პრევენციული მოკვეთა ან აქტიური, წელიწადში ორჯერ მონიტორინგი. ასევე აუცილებლად უნდა ვთქვათ − პლასტიკური ოპერაციები იმდენად წინ არის წასული, რომ ქალბატონებს, რომლებსაც სარძევე ჯირკვალი აქვთ მოკვეთილი, ფაქტობრივად აღარ უჭირთ ამ ფსიქოლოგიური პრობლემის დაძლევა.
ოქტომბერში ვაანონსებთ ახალ პლატფორმას, რომელიც იქნება თოდუას კლინიკის მარკეტინგის სამსახურისა და ონკოლოგების ერთობლივი პროექტი − Oncolo.ge. ეს პლატფორმა იქნება არაკომერციული, მისი საშუალებით საზოგადოება მიიღებს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს ონკოლოგიური პაციენტისთვის და არა მარტო მათთვის.
ყველაფერი იქნება ფაქტებზე და პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული. აქტიური კომუნიკაცია გვექნება ჩვენ, ექიმებს, ნებისმიერ ადამიანთან. ყველაზე მეტად რაზეც უნდა ვიმუშაოთ, ეს არის მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაცია, ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, ცხოვრების რეაბილიტაცია. თუნდაც ის, თუ როგორ უნდა გამოიყენოს პაციენტმა ხელი, რომელ მხარესაც მოხდა სარძევე ჯირკვლის მოკვეთა, ან როგორ მოუაროს თავის კანს ქიმიოთერაპიით გამოწვეული თმის ცვენის დროს ზაფხულში; როგორ მოირგოს პარიკი სწორად და ა.შ. ანუ ვიზრუნოთ ყოფითი პრობლემების მინიმალიზებაზე. დარწმუნებული ვარ, ყველა იპოვის თავისთვის ბევრ სასარგებლოს და საინტერესოს. ვისაუბრებთ მკურნალობის მეთოდებზე და თავისებურებებზე.
დაბოლოს: ყველა ქალს მოვუწოდებ, წელიწადში ერთხელ ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევები, გაესინჯეთ ექიმს − ამან შესაძლოა თქვენი სიცოცხლე იხსნას!
კიდევ ერთხელ გავიმეორებ – კიბო არ არის განაჩენი, ეს დღეს უკვე განკურნებადი დაავადებაა, მით უმეტეს, ადრეულ სტადიაზე აღმოჩენილი.
სიცოცხლე ჩვენი უფლებაა და უნდა გავუფრთხილდეთ, ვიბრძოლოთ მისთვის.