მაკა ჩიჩუა − მსახიობი
გოგონებო, ქალბატონებო, ჩემო მეგობრებო, თანამოქალაქენო... იმისათვის, რომ ცხოვრება მშვიდად და ხალისიანად გავაგრძელოთ, აუცილებელია თითოეული ჩვენგანი გავესინჯოთ ექიმს ძუძუს კიბოს ავადობაზე და დავადგინოთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
მოვახდინოთ ამ დიაგნოზის პრევენცია და დროული დიაგნოსტიკა.
ლიზა ბაგრატიონი − მომღერალი
ყველაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავი არის ის, რომ დღეს ძუძუს კიბო სრულად განკურნებადია. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ძუძუს კიბო განაჩენი აღარ არის.
სწორი და დროული დიაგნოსტიკა პრაქტიკულად 100%-იან დადებით შედეგს განაპირობებს. ჩვენ უამრავი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ როგორ დაძლიეს ეს ვერაგი დაავადება ჩვენმა მეგობრებმა, კოლეგებმა, ქალბატონებმა, რომლებმაც დროულად მიმართეს ექიმებს და დაამარცხეს ეს მძიმე სენი. ამიტომაც მივცემ თავს უფლებას და ყველას ვურჩევ და მოვუწოდებ, მოუსმინონ საკუთარ თავს და ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას. დროულად ჩაიტარონ სკრინინგი, მით უფრო ახლა, რადგან დღეს დიაგნოსტიკა ყველა ქალბატონისთვის უფასო და ხელმისაწვდომია.
დღეს ძუძუს კიბო განაჩენი არ არის!
ძალიან დიდი მადლობა ამ კამპანიისთვის. ყოველთვის ბედნიერი ვიქნები, თუ მცირედით მაინც შევძლებ წვლილის შეტანას ადამიანების ინფორმირებაში.
ქრისტი ყიფშიძე − მოდელი
უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და მოვუწოდოთ ყველა ქალბატონს, აუცილებლად ჩაიტარონ სკრინინგი. დავუთმოთ დრო ჩვენს თავს და მივაკითხოთ ექიმს, მით უფრო მაშინ, როდესაც მთელ ამ პროცესს სახელმწიფო სრულად აფინანსებს და უზრუნველყოფს დიაგნოსტიკას.
მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველას, გავიკონტროლოთ და დავიცვათ არა მარტო საკუთარი თავი, არამედ ჩვენი შვილების მომავალი. მშობლები აუცილებლად უნდა იყვნენ ჯანმრთელები.
ბაია დვალიშვილი − მსახიობი
ქალბატონებო − ახალგაზრდებო და ძველგაზრდებო...
მნიშვნელოვანია, რომ წლის გარკვეულ მონაკვეთში აუცილებლად გადავამოწმოთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმიტომ, რომ სწორედ ეს გვიხსნის განსაცდელისგან და გართულებებისგან.
ვიყოთ ჯანმრთელები და გავიხანგრძლივოთ ცხოვრება.
ეკა მაზმიშვილი − კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი
ქალბატონებო, ძალიან გთხოვთ იზრუნოთ საკუთარ თავზე და მის სიჯანსაღეზე − როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად.
აუცილებლად აკონტროლეთ საკუთარი თავი და იცოცხლეთ ძალიან მხიარულად, ბედნიერად და ჯანმრთელად, დიდი ხნის განმავლობაში.
ანა მაზანიშვილი − „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი
ადრეული დიაგნოსტიკა სიცოცხლის გადარჩენის გარანტია, ამიტომ იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ნუ დაელოდებით სიმპტომებს, წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარეთ დიაგნოსტიკა და შეიმოწმეთ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამით მივმართავ ყველას, რადგან ეს არის „ვარდისფერი ოქტომბრის“ მთავარი მესიჯი.
სოფო ხუნწარია − ტელეკომპანია „არტარეას“ დირექტორი
ძალიან მნიშვნელოვანია ყველამ გავითავისოთ, რომ დიაგნოსტიკა და ხშირი შემოწმება აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და მომავლისთვის.
არ არის აუცილებელი, რაიმე არასასურველი აღმოვაჩინოთ ჩვენს სხეულზე იმისთვის, რომ მივიდეთ ექიმთან და გავიკონტროლოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყველა ქალბატონმა უნდა მიმართოს პრევენციას და 6 თვეში ერთხელ ჩაიტაროს გამოკვლევა.
უნდა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ძუძუს კიბო დიაგნოზია და არა განაჩენი.
ანა ტყებუჩავა − მსახიობი
ყველა ქალბატონს და მათ შორის ჩემს თავსაც მუდმივად მოვუწოდებ, რომ გამოვნახოთ დრო და ვაკონტროლოთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველა მიმართულებით. ვეცადოთ ვიაროთ სუფთა ჰაერზე და ჩავისუნთქოთ ჯანსაღი ჟანგბადი. შეძლებისდაგვარად ვიკვებოთ ნატურალური საკვებით, მაქსიმალურად შევამციროთ გაზიანი სასმელები და სხვადასხვა მავნებელი პროდუქტი. გავუფრთხილდეთ თავს და ვიყოთ ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე.
ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა, იმიტომ, რომ სირთულეებისგან, რომელიც შესაძლოა სხვა შემთხვევაში შენ წინაშე დადგეს, 90%-ით თავისუფლდები.
ძუძუს კიბო დიაგნოზია და არა განაჩენი.
თინა კობალაძე − კლინიკა „მიზოუნის“ დამფუძნებელი
ძუძუს კიბოს პრევენციისთვის აუცილებელია დროული დიაგნოსტირება. გარკვეული პერიოდის წინ ეს დიაგნოზი იყო განაჩენი, მაგრამ დღეს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დიაგნოზი, რომელსაც შეგიძლია უმკურნალო, ამით იცხოვრო და განიკურნო.
ქალბატონებს მოვუწოდებ, იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, მივიდნენ ექიმთან, გაესინჯონ და მოისმინონ მათი რეკომენდაციები, რათა იყვნენ ჯანმრთელები და გაიხანგრძლივონ ცხოვრება.
განსაკუთრებული მადლობა: აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრს და Avon Georgia-ს