თანამედროვე ქალების ყველაზე დიდი ონკოლოგიური გამოწვევა ძუძუს კიბოა. ეს დაავადება დღეს სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ქალებში, ამიტომ სიფრთხილეს, დროულ სკრინინგს და დაავადების ადრეულ გამოვლენას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, აქვე, არ დაგვავიწყდეს მთავარი − თანამედროვე მედიცინის უდიდესი მიღწევების წყალობით, დღეს, კიბო განაჩენი არ არის. ის გამოწვევაა, სირთულეა, რომლის გადალახვის გზა და საშუალებებიც დღეს სრულიად ხელმისაწვდომია. სულ რამდენიმე წლის წინ ეს დაავადება ბევრისთვის საყვარელმა, უნიჭიერესმა მომღერალმა, ნატო მეტონიძემაც დაამარცხა. სწორედ ამ საყოველთაოდ აქტუალურ თემაზე სასაუბროდ შეხვდა ქართული OK! ნატოს, რომელმაც, ყოფილი პაციენტის პოზიციიდან, ღიად გაგვიზიარა თავისი განცდები, ემოციები, სირთულეები, რომელიც დაავადებასთან ბრძოლის პერიოდში გამოიარა და, რაც მთავარია, ფასდაუდებელი რჩევები მისცა ჩვენს მკითხველს. გთავაზობთ ნატო მეტონიძესთან ინტერვიუს.
ქალბატონო ნატო, რამდენიმე წლის წინ გადალახეთ საკმაოდ რთული პერიოდი თქვენს ცხოვრებაში. ამ გადასახედიდან, როგორ გახსენდებათ დაავადებასთან ბრძოლის დრო? რა შეგიძლიათ ურჩიოთ ქალებს, რომელთაც იგივე პრობლემა შეიძლება დაუდგეთ?
ძალიან რთული და მძიმე პერიოდი იყო. სანამ ამ პრობლემას თვალს არ გავუსწორებთ, მის შესახებ არაფერი ვიცით. მანამდე მუდამ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენ არ დაგვემართება. თუმცა, მე ყოველთვის მქონდა აკვიატებული შიში ამ დაავადების მიმართ, საჭიროზე ხშირადაც კი დავდიოდი მამოლოგთან და ვიმოწმებდი თავს. შემდეგ მოხდა ისე, რომ სხვა პრობლემებმა გადაფარა ჩემი ინტერესის ეს ნაწილი და 1 წლის განმავლობაში არ წავსულვარ ექიმთან. სწორედ იმ პერიოდში, თვითონ აღმოვაჩინე პრობლემა, მივაკითხე სკრინინგს, ჩავიტარე გამოკვლევები და აღმოჩნდა ის, რისიც მანამდე მეშინოდა.
ყველას ვთხოვ, გაცილებით ყურადღებით იყვნენ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. შიში, რომ შეიძლება რამე აღმოაჩნდეთ, საბოლოოდ ვნებთ და საქმეს ურთულებთ, რადგან რაც უფრო ადრეულ სტადიაში გაიგებენ ავადმყოფობის შესახებ, ბევრად მარტივი იქნება პრობლემასთან გამკლავება და მისი გადალახვა. ისეთი რთული გზის გავლა აღარ მოუწევთ, როგორც ამ დაავადების შესახებ მოგვიანებით შეტყობის შემთხვევაში.
ჩემი შემთხვევა ამ ავადმყოფობის მარტივი მიმართულება აღმოჩნდა, სხვა დანარჩენთან შედარებით მსუბუქი ფორმა, ამიტომ მის დასამარცხებლად შედარებით მარტივი გზა გავიარე. არ დამჭირდა ქიმიოთერაპია და ეს იმიტომ, რომ ის ადრე აღმოვაჩინე. მთავარია, ვიყოთ ყურადღებით, ეს არის ელემენტარული პასუხისმგებლობა საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ასევე, ოჯახის წევრებისა და გულშემატკივრების, საყვარელი ადამიანების მიმართ, რადგან ჩვენს ცუდად ყოფნას არანაკლებ განიცდიან ისინიც. ეს დამოკიდებულება განსაკუთრებით მათ ეხება, ვისაც შვილები ჰყავთ. თვითონ მშობელი უნდა იყოს ამგვარი პასუხისმგებლობის მაგალითი შვილებისა და გარშემომყოფებისთვის. დღეს ჩემ გარშემო ყველა ჩემი მეგობარი და ნაცნობი დადის რეგულარულად ექიმთან და იკვლევს ჯანმრთელობის მდგომარეობას.
როგორი იყო განცდები? რა ფიქრები მოდის ასეთ დროს თავში?
(განცდა ასეთია): ეს მდგომარეობა წარმოუდგენელი სტრესია და თავიდან არც გჯერა, რომ ეს ყველაფერი შენს თავს ხდება. თავში ცუდი აზრები მოდის. არის განცდა, რომ ეს განაჩენია.
არის ასეთი ორგანიზაცია − „ევროპა დონა საქართველო“, ანა მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც თავის გუნდთან ერთად საოცარ საქმეს აკეთებს. მისი საშუალებით, ყოფილი პაციენტები ახალ პაციენტებს ვეხმარებით, ყველანაირად მხარში ვუდგავართ. თავის დროზე მეც ძალიან დამეხმარნენ ყურადღებიანი და მზრუნველი ადამიანები, დამაკვალიანეს, რა ეტაპები უნდა გამევლო, ვისთვის მიმემართა, ამიტომ, ვიცი, ეს როგორი მნიშვნელოვანია. ახლა „ევროპა დონას“ საშუალებით მეც ჩართული ვარ ამ აქტივობებში. ქალებს უამრავი პრობლემა უჩნდებათ ამ დაავადების აღმოჩენასთან ერთად და ბევრი მიმართულებით სჭირდებათ დახმარება. ძალიან დიდია სახელმწიფო მხარდაჭერა ძუძუს კიბოს და ზოგადად, ონკოლოგიური პაციენტების მიმართ. არის გარკვეული პრეპარატები, რომელიც საოცრად ძვირი ღირს და ადრე მძიმე ფორმის სიმსივნიან პაციენტებს ყველაფრის გაყიდვა უწევდათ, რომ ეს წამალი შეეძინათ. ახლა უკვე მარტივად ხელმისაწვდომი გახდა ეს პრეპარატი, რაც რთული პაციენტებისთვის დიდი შვებაა. ძალიან დიდი ნაბიჯებია გადადგმული ონკოლოგიის სფეროში, მედიცინა საოცრად განვითარდა ამ მიმართულებით, წარმოუდგენელი შედეგები გვაქვს და ეს ძალიან თვალსაჩინოა.
ჩვენ გვახსოვს ბებიების, დედების − წინა თაობის ისტორიები, როცა ხშირი იყო რადიკალური ზომები, ძუძუს მოკვეთის შემთხვევები, რადგან არ არსებობდა ის პრეპარატები, რაც ახლაა. დღეს კიბოს არც ერთი სტადია არ არის განაჩენი − ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ყველაზე მთავარია, ვიყოთ ყურადღებიანი და კულტურული საკუთარი თავის მიმართ და ჩვენი საყვარელი ადამიანების მიმართაც გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა. ამისათვის საჭიროა, გადავლახოთ შიში და წელიწადში ერთხელ გამოვყოთ 1 საათი ექიმთან კონსულტაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გადაულახავი და დაუმარცხებელი არც ერთი სტადია არ არის, თუკი პაციენტი დროულად აღმოაჩენს დაავადებას, მის დასამარცხებლად ნაკლებად რთული გზის გავლა მოუწევს და თერაპია უფრო დამზოგველი და ნაკლებად დატვირთული იქნება.
თქვენ თავად ოპტიმისტურად იყავით განწყობილი? საკუთარ თავში ახალი მხარეები თუ აღმოაჩინეთ ამ გამოწვევასთან გამკლავების პერიოდში?
დიახ, ასეა. სწორედ ისე, როგორც მანამდე გგონია, რომ ეს არ დაგემართება, ისიც არ იცი, თურმე რამხელა შინაგან ძალას ფლობ, როგორი ბრძოლისუნარიანი ხარ. დაბრკოლებების გადალახვის გზაზე ბევრ საინტერესო მხარეს აღმოაჩენს ადამიანი თავის თავში, რადგან ამ განცდებით, აზრებით, ის მარტო რჩება საკუთარ თავთან. რთულია, რა თქმა უნდა, გონებაში მძიმე სცენარები მოდის და ამ ყველაფრის ფონზე ნებისმიერი მორიგი კვლევის კარგი შედეგი, დამაკმაყოფილებელი პასუხები გაფრთიანებს! სიხარულისგან წონას კარგავ! თითქოს სიცოცხლეს ხელახლა იწყებ... ჩვენი ყოველდღიური პრობლემები უმნიშვნელოა ამ ყველაფრის ფონზე. ადამიანის სიცოცხლეზე ფასეული არაფერია და ამის საჭიროება განსაკუთრებით დედებმა უნდა გააცნობიერონ. უპირველესად, თავიანთ შვილებზე იზრუნონ, რომელთაც ჯანმრთელი მშობლები სჭირდებათ და რომლებიც, როგორც წესი, ყველაზე მეტად განიცდიან ხოლმე დედების მდგომარეობას. უნდა ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რომ ეს ავადმყოფობა განაჩენი არ არის.
ნატო, მოგვიყევით, როგორ ხართ ახლა, ამ პანდემიისა და ახალი გამოწვევის პირობებში?
„კოვიდ-19“-ს თავიდან თითქოს უფრო მშვიდად შევხვდი, ვიდრე ჩემი ოჯახის წევრები და ნელ-ნელა მივხვდი, რასთან გვაქვს საქმე, გვიან შემეშინდა. რა თქმა უნდა, ყველა წესს ვიცავდი და ვიცავ ახლაც. ზედმიწევნით ვასრულებ ყველა რეკომენდაციას და მგონია, რომ ესაა სწორი ქცევა. ხშირად ვაკრიტიკებთ ადამიანებს, რომელთაც არ სჯერათ ამ ავადმყოფობის. მე პატივს ვცემ მათ უფლებას, არ სჯეროდეთ, მაგრამ ვთხოვ, გაგებით მოეკიდონ ჩვენს დამოკიდებულებას, სიფრთხილეს, და ამის გათვალისწინებით, მათაც დაიცვან რეკომენდაციები.
პანდემიისგან განსაკუთრებული დარტყმა თქვენმა სფერომ, არტისტებმა მიიღეთ...
კი, რა თქმა უნდა, ვიზარალეთ მათ, ვინც სცენაზე ვდგავართ და პუბლიკასთან გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ დღეს ჩვენს გასაჭირზე ლაპარაკი უხერხულად მიმაჩნია. მაშინ, როდესაც ამდენი ადამიანი დაზარალდა, დაკარგეს სამუშაო ადგილები, რომლითაც ოჯახებს არჩენდნენ, როცა ექიმები ასეთ რთულ მდგომარეობაში არიან, ჩვენი − მომღერლების გასაჭირზე ლაპარაკი ძალიან მერიდება. მოდით, ასე ვთქვათ − ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია, ჯანმრთელები ვიყოთ.
ქალბატონო ნატო, რა როლი აქვს დაგეგმვას თქვენს ცხოვრებაში? რამდენად ხშირად იღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებებს?
მე არ ვცხოვრობ გეგმებით და არც არასდროს ვგეგმავდი ჩემს ცხოვრებას. არასოდეს ვყოფილვარ არც ერთი კონცერტის ინიციატორი, რაც გამიკეთებია. მყავს მეგობრები, რომლებიც მეტყვიან ხოლმე, რომ დაგროვდა მასალა, სათქმელი, და დროა გავაკეთოთ კონცერტი. ასე რომ, ეს პროექტები მათი მონდომებით და მერე უკვე ჩემი ჩართულობით ხორციელდება. თავისთავად ლაგდება ასე. მიმართლებს, რომ გვერდით ასეთი გულშემატკივრები მყავს.
ახალ რეალობაში როგორ ხედავთ სამყაროს?
მოგვიწევს შევეგუოთ ამ რეალობას, რეჟიმს, რეგულაციებს... ცხოვრება იცვლება და ახალ რეალობასთან მორგება, რა თქმა უნდა, გარკვეული სტრესია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სცენას დავემშვიდობებით და ცხოვრება დასრულდება. ყველაფერი ისევ გაგრძელდება და დავუბრუნდებით ჩვენს აქტიურ ცხოვრების რიტმს. ყველა გეგმა რეალისტურია და შეიძლება უფრო საინტერესოც კი იყოს მათი ახალ რეალობაში განხორციელება.
განსაკუთრებული მადლობა: აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრს და Avon Georgia-ს