„დეამედი“ − ეს არის ადგილი, სადაც თმის გადანერგვის საშუალებით უამრავი ადამიანი სრულიად ახალ ცხოვრებას იწყებს. კლინიკის საქმიანობის ძირითად პროფილს თმის ცვენის დიაგნოსტიკა-მკურნალობა, თმის გადანერგვა წარმოადგენს და ამ მიმართულებით ის უდავოდ ლიდერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. მისი დაფუძნების უკან პლასტიკური ქირურგი დეა პაპასკირი და მისი მეუღლე, პროფესორი ალექსი მახარაშვილი დგანან, რომელთაც საქმიანობის გაგრძელება საკუთარ ქვეყანაში გადაწყვიტეს და აქ არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელეს. ხოლო უკვე ორ წელზე მეტია, რაც ესთეტიკური მედიცინისა და ჯანმრთელობის ცენტრ „დეამედს“ ხელმძღვანელობენ. OK! ბათუმი შეეცდება „დეამედის“ იდეისა და თითოეული წარმატების ავტორი, დეა პაპასკირი უფრო ახლოს გაგაცნოთ. როგორია კლინიკის დიასახლისის თავის მოვლის რუტინა, რამდენად კომფორტულია პარტნიორობა ოჯახსა და საქმიანობაში, რა სიახლეებია პროფესიულ ასპარეზზე − უამრავ საინტერესო ასპექტზე დეა OK! ბათუმს ესაუბრა.
რა სიახლეები აქვს „დეამედს“?
დღეს თმის გადანერგვა თბილისის გარდა უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიცაა შესაძლებელი. გავხსენით ფილიალები ბათუმსა და საირმეში. აჭარის მოსახლეობას აქვს საშუალება, თმის გადანერგვის სერვისი ადგილზე მიიღოს, ამასთან, დაზოგოს დრო და თავიდან აიცილოს თბილისში მგზავრობასთან დაკავშირებული ხარჯები, დისკომფორტი. რაც შეეხება საირმეს, ეს უნიკალური პროექტია, სადაც, თმის გადანერგვის პარალელურად, თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ, გაერთოთ და ისარგებლოთ სხვადასხვა გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი პროცედურით და რაც მთავარია, ყველა სერვისს მიიღებთ მხოლოდ თმის გადანერგვასთან დაკავშირებული ხარჯით.
რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი, რომელიც მოდუნების საშუალებას არასდროს გაძლევთ?
ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიზანი და ზრუნვის საგანი პაციენტების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაა. რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოდუნების უფლება, ვმუშაობთ იმისთვის, რომ პაციენტს შევთავაზოთ თმის გადანერგვის თანამედროვე, ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური ტექნოლოგიები, რაც თავისთავად განაპირობებს გარანტირებულად კარგ შედეგს.
რატომ არის თქვენთვის საინტერესო თმის ტრანსპლანტაციის დარგი?
19 წლის წინ გამიჩნდა სურვილი, ძალები თმის გადანერგვის მიმართულებით მეცადა. იმ დროს ეს დარგი პოპულარული არ იყო, მაგრამ, ჩემ გარშემო საკმაოდ ბევრი ადამიანები აღმოჩნდა, ვისაც თმის ცვენა ძალიან აწუხებდათ. მოკლედ, ეს პრობლემატიკა თავიდანვე საინტერესოდ მომეჩვენა საბრძოლველად. საერთოდ, მიყვარს განსხვავებული გამოწვევები, სიახლეებთან შეჭიდება ჩემს ხასიათში ზის. იმ დროისთვის თმის ცვენის პრობლემის გადაჭრის რეალური გზები ნაკლებად არსებობდა, თმის ტრანსპლანტაცია მოკლებული იყო მეცნიერულ საფუძვლებს და შედეგებიც არცთუ დამაკმაყოფილებელი. ჩვენ შევძელით ახალი სტანდარტი დაგვემკვიდრებინა ამ სფეროში. 2010 წელს, უცხოეთში დავიცავი დისერტაცია, რომელიც ნაწიბურებში თმის გადანერგვას ეხებოდა. კლინიკურ მასალას 8 წელი ვაგროვებდი. კვლევაში ჩართული ყველა პაციენტი ჩემი პირადი პაციენტი იყო. რა თქმა უნდა, საინტერესოა და სასიამოვნოც, როცა შეგიძლია მრავალ ადამიანს გაუუმჯობესო სიცოცხლის ხარისხი.
დღეს უკვე ჩვენს კლინიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი ექიმი აკითხავს, რათა კვალიფიკაცია აიმაღლონ და თმის გადანერგვის თანამედროვე ტექნოლოგიებს დაეუფლონ.
რა ეტაპზეა ახლა მედიცინის ამ დარგის განვითარება? რა სიახლეებია და როგორ ახერხებთ არასდროს ჩამორჩეთ ტემპს?
დღეისთვის თმის გადანერგვა სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებსაც მას პაციენტი უყენებს. ესენია: გადანერგილი თმის მაქსიმალური სიხშირე და ბუნებრივი ვიზუალი; არანაირი ნაწიბური თავის თმიან საფარველზე, ასევე ხანმოკლე რეაბილიტაციის პერიოდი.
იმისათვის, რომ კლინიკა თმის ტრანსპლანტოლოგიის თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობდეს, მნიშვნელოვანია პერსონალი ყველა მეთოდსა და ტექნოლოგიას კონკრეტულ მოცემულობაში საჭიროებისამებრ იყენებდეს. აუცილებელია, თმის გადანერგვას ასრულებდეს კვალიფიციური ექიმი, რომელიც მუდმივად ზრუნავს კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ეწევა სამეცნიერო საქმიანობას.
ჩვენი ექიმები რეგულარულად სტუმრობენ საერთაშორისო კონგრესებს, როგორც ვიზიტორის, ასევე სპიკერის სტატუსით; ვართ არაერთი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი, ჩვენმა ორიგინალურმა სამეცნიერო კვლევებმა საგრძნობლად გააუმჯობესა თმის გადანერგვის შედეგები. მუდმივად ვეცნობით მსოფლიო სიახლეებს თმის ტრანსპლანტაციის სფეროში, ვაღიარებთ ჩვენი უცხოელი კოლეგების მიღწევებს და ვნერგავთ მათ ჩვენს პრაქტიკაში.
მაგალითად, ჩვენ ვიყენებთ უნაკერო მეთოდით თმის გადანერგვის „ტრი¬ვე¬ლე¬ნის სისტემას“, რომელიც შემოგვთავაზა პარაგვაელმა კოლეგამ, ლუის ალბერტო ტრიველინიმ და რომელიც 2019 წელს მსოფლიო ექსპერტებმა საუკეთესოდ აღიარეს. ამ ტექნოლოგიის გამოყენებისას, გადაპარსულ თავზეც კი არ შეინიშნება არანაირი წერტილოვანი ნაწიბური. გამორიცხავს ფოლიკულების დაზიანებას და ეფექტურია ნებისმიერი ტიპის თმის შემთხვევაში. ასევე შესაძლებელია თმის გადანერგვა თავის გადაპარსვის გარეშე და გრძელი თმის გადანერგვა. ტრიველინის FUE სისტემის გამოყენებისას, გაცილებით მეტი თმის გადანერგვაა შესაძლებელი, ვიდრე აქამდე არსებული, სტანდარტული ტექნოლოგია გვაძლევდა ამის საშუალებას.
როგორ ფიქრობთ, რამდენად მოერგო თქვენი, როგორც ქალის, ესთეტიკური გემოვნება თქვენსავე პროფესიას?
ზოგადად, პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგიაში და, რა თქმა უნდა, თმის გადანერგვაშიც, ძალიან მნიშვნელოვანია ქირურგის გემოვნება და მხატვრული ხედვა. ექიმმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლები (სახის პროპორციები და ოვალი, ასაკი, სქესი, თმის სტრუქტურა და ა.შ.) და შექმნას თმის ზრდის ისეთი დიზაინი, რომ გადანერგილი თმა აბსოლუტურად ბუნებრივად გამოიყურებოდეს, ეს კი უმთავრესი ამოცანაა ჩვენს სფეროში.
რჩევა, რომელიც ყოველთვის გეხმარებათ... ვინ გაგიზიარათ ის?
ჩემს მეუღლეს, პროფესორ ალექსი მახარაშვილს უყვარს გამოთქმა: „ოპერაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, როდესაც პაციენტის მოლოდინი რეალურ შედეგს ემთხვევა“. ეს ფრაზა ძალიან მეხმარება თმის გადანერგვის პროცედურის დაგეგმვაში. ვცდილობ გავაანალიზო პაციენტის მოთხოვნა, სურვილი, და მაქსიმალურად მოვერგო მას. მაგრამ ამავდროულად, თუ პაციენტის მოთხოვნა არარეალური და მიუღწევადია, სჯობს ოპერაცია საერთოდ არ გაკეთდეს. პაციენტს ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიაწოდო, მოცემულ შემთხვევაში რა შედეგის მიღწევაა შესაძლებელი. მარტივად რომ ვთქვათ, ექიმი, კომპეტენციასთან ერთად, უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებშიც და პაციენტს არ უნდა შეჰპირდეს იმაზე მეტს, რაც რეალობას ასცდება.
როგორია თქვენი წეს-ჩვეულებები საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვისას?
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმიანობა პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის სფეროს უკავშირდება, არასდროს არანაირი ოპერაცია და მანიპულაცია არ გამიკეთებია საკუთარი გარეგნობის გასაუმჯობესებლად. ისევე, როგორც ყველა ქალბატონი, დავდივარ სალონში და ვიკეთებ ყოველდღიურ მაკიაჟს. ჩემთვის მნიშვნელოვანია სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. რა თქმა უნდა, გენეტიკაც თავის როლს თამაშობს.
როგორ ატარებთ დროს კლინიკის მიღმა?
მინდა გითხრათ, რომ მე და ჩემი მეუღლე კლინიკაში საკმაოდ დიდ დროს ვატარებთ და თავშესაქცევებისთვის ნაკლებად გვრჩება დრო. ვცდილობთ თავისუფალი დრო მაქსიმალურად ბავშვებთან ერთად გავატაროთ. გავდივართ ქალაქგარეთ, ვაწყობთ ოჯახურ ვახშამს, მივდივართ კინოში ან თეატრში დ ა.შ.
როგორია მეუღლესთან საქმიანი თანამშრომლობა?
მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ცუდია, როცა ცოლ-ქმარი ერთად მუშაობს. ჩემს პროფესიულ წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი ჩემს მეუღლეს მიუძღვის და წლებია, საქმიანობაშიც ერთად ვართ. ერთად ვართ შინაც და სამსახურშიც, და ეს პირიქით, კარგია − უფრო მეტად გვესმის ერთმანეთის, პრობლემებიც საერთო გვაქვს და ერთობლივად უკეთ ვაგვარებთ მათ. მოკლედ, ერთ მთლიან ორგანიზმად ჩამოვყალიბდით და ეს მხოლოდ ამყარებს ჩვენს ურთიერთობას.