ჯანსაღი კბილები და ღრძილები არა მარტო ჯანმრთელობაზე, არამედ ჩვენს ვიზუალზეც დიდ გავლენას ახდენს, როდესაც ლამაზი ღიმილი უფრო ახალგაზრდასა და მიმზიდველს აჩენს თითოეულ ადამიანს. მისი შენარჩუნება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საზრუნავია, რაც გამოიხატება პირის ღრუს ყოველდღიურ ჰიგიენაში, თუმცა თანამედროვე სტანდარტის მიხედვით, დიდი ყურადღება ექცევა ესთეტიკურ მხარესაც, ანუ კბილების ფერს. სწორედ ამ და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით, OK! ექიმს, სტომატოლოგ-პაროდონტოლოგ ელენე შამუგიას ესაუბრა.
ელენე, რას ნიშნავს კბილის ქიმიური გათეთრება და აზიანებს თუ არა მინანქარს (ემალს)? რა არის საჭირო ჯანმრთელი და თეთრი კბილების შესანარჩუნებლად?
ქიმიური გათეთრება ნიშნავს მინანქარ-დუღაბის საზღვარზე სინათლის გამტარიანობის გაზრდას. მარტივი აღსაქმელი რომ იყოს პაცინტებისთვის, ქიმიური გათეთრების პროცესში ხდება მხოლოდ მინანქარ-დენტინის საზღვარზე არსებული ნახშირბადის გისოსების ჩანაცვლება ჟანგბადის რადიკალებით (00). შესაბამისად, ჟანგბადის თავისუფალი რადიკალებით გაჯერებული მინანქარ-დენტინის საზღვრის სინათლის გამტარიანობა იზრდება და ვიღებთ უფრო „თეთრ კბილებს“.
სინამდვილეში, გათეთრებას არანაირი ზიანი არ მოაქვს კბილებისათვის − არც მინანქრისთვის და არც დენტინისთვის. აღნიშნულ შიშს ადამიანების არასწორი ინფორმირება უდევს საფუძვლად (არა მხოლოდ პაციენტების, არამედ ექიმების მხრიდანაც).
გვესაუბრეთ გათეთრების ეტაპებზე.
კბილების ფერის ცვლილებას − დისკოლორიტს, ცხოვრების განმავლობაში მიღებული ორგანული თუ არაორგანული საღებავები იწვევს. ამ დროის განმავლობაში საღებავები ილექება კბილის ზედაპირზე.
გათეთრების წინ აუცილებელია პირის ღრუს სანაცია − გაწმენდა ღრძილზედა, ღრძილქვეშა რბილი და მაგარი ნადებისაგან. მოგეხსენებათ, პირის ღრუს პროფესიული წმენდა აუცილებელია წელიწადში 2-ჯერ, რის შემდეგაც ბევრი პაციენტი იმდენად კმაყოფილი რჩება, რომ საერთოდ უარს ამბობს ქიმიურ გათეთრებაზე.
პროფესიული წმენდის შედეგად, კბილის ქსოვილს უბრუნდება ბუნებრივი ფერი, მცირდება ღრძილებიდან სისხლდენა და ქრება პირის ღრუდან არასასიამოვნო სუნი. შემდეგ კი პაციენტი თავად ირჩევს, რომელი მეთოდით სურს ქიმიური გათეთრება სტომატოლოგიურ კაბინეტში (საოფისე გათეთრება) თუ კაპებით სახლის პირობებში. უმრავლესობა ირჩევს პირველს, რადგან შედეგი პირველ 15 წუთშივე სახეზეა, პროცედურა მიმდინარეობს დისკომფორტის, მგრძნობელობისა და ტკივილის გარეშე.
რამდენი ხნის განმავლობაში გრძელდება პროცედურა, რამდენი ტონით შეიძლება გათეთრდეს კბილები და რამდენ ხანში შეიძლება პროცედურის განმეორება?
საოფისე გათეთრება 45 წუთის განმავლობაში გრძელდება და კბილები 3-5 ტონამდე თეთრდება. ვიღებთ ბუნებრივ თეთრ კბილებს დაზიანების გარეშე. ყოველ 15 წუთში პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა თავისი თვალით ნახოს შედეგი. კაპების შემთხვევაში კი შედეგი მიიღწევა რამდენიმე დღის შემდეგ.
ამერიკელი სპეციალისტები რეკომენდაციას უწევენ საოფისე გათეთრების ჩატარებას და შემდეგ დაბალი, 10-12%-ანი სახლის მათეთრებელი სისტემის გამოყენებას, რაც დაგეხმარებათ შედეგის ხანგრძლივად შენარჩუნებაში. აქვე აღვნიშნავ, რომ მათ, ვინც არ აგრძელებს სახლის პირობებში კბილების გათეთრებას, ყოველ 6 თვეში ერთხელ პროფესიულ ჰიგიენაზე მოსულ პაციენტს ვჩუქნი გათეთრების 15-წუთიან პროცედურას, რითაც ვეხმარები ხანგრძლივად შეინარჩუნოს კბილების სითეთრე პაციენტმა და გაზარდოს შემდგომი გათეთრების შუალედები. სრული კურსის ჩატარება შეიძლება 2 წლის გავლის შემდეგ.
შედეგის შესანარჩუნებლად, უპირველესად აუცილებელია საოფისე გათეთრებიდან 10 დღის განმავლობაში პაციენტმა ე.წ. „თეთრი დიეტა“ (ყავა, ჩაი, ნიკოტინი, მუქი შეფერილობის საკვებისგან უარის თქმა) დაიცვას და 6 თვეში ერთხელ ჩაიტაროს პროფესიული წმენდა.
მათთვის, ვისაც გვირგვინი აქვს ერთ ან რამდენიმე კბილზე, როგორ შეიძლება ლამაზი ესთეტიკის მიღება?
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გათეთრებას არ ექვემდებარება ბჟენები, ხელოვნური კონსტრუქციები (გვირგვინები და ხიდები). გათეთრების შემდეგ იქმნება მათი გამოცვლის აუცილებლობა, მაგრამ ეს ყოველივე დამატებით დიდ ხარჯს მოითხოვს. თუ გამოსაცვლელი არ არის და მხოლოდ ბუნებრივი კბილების ფერის ცვლილებასთან გვაქვს საქმე, ვათეთრებთ ეტაპობრივად, მცირეხნიანი პროცედურებით. მაგალითად, არა 45 წუთის განმავლობაში, არამედ 15, 20 ან 30 წუთია საჭირო პროცედურისთვის, რაც მოგვცემს საშუალებას, მივიღოთ ერთიანი ფერი და ფერთა სხვაობა არ იყოს თვალშისაცემი. სწორედ ასე ვიღებთ ესთეტიკურ მხარეს. ეს მეთოდი მაშინაც ამართლებს, როცა გვაწუხებს მხოლოდ ეშვების სიყვითლე. ბჟენების შემთხვევაში, თუკი ახალი რესტავრაციაა ჩასატარებელი, ვგეგმავთ 7-10 დღის შემდეგ.
რას ეტყოდით თქვენს პაციენტებს?
ყველაზე მეტად მესმის ჩემი პაციენტების, რადგან მეც ვიღაცის პაციენტი ვარ, ვიცი როგორია თითოეული პაციენტის გადმოსახედი, მანიპულაციის პროცესი და შეგრძნებები. მაქსიმალურად ვცდილობ მისი თვალით შევხედო სიტუაციას, მოვუსმინო ყურადღებით და გავიგო, რა სურს მას უპირველეს ყოვლისა, შემდეგ კი ერთად მივაღწიოთ სასურველ შედეგს. მე მიყვარს ჩემი სამსახური და ვმეგობრობ საკუთარ პაციენტებთან. მსურს რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიღიმოს თამამად.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
უამრავი გეგმა მაქვს, ძალიან აქტიურად ვაპირებ რეალური თვალით დავანახო ხალხს შიდა სამზარეულო და მივაწოდო მეტი ინფორმაცია ჩემი სფეროდან. ამისათვის შევქმენი დახურული ჯგუფი ქალბატონებისთვის Beautiful smile, სადაც შესაძლებელი იქნება რეკომენდაციების გაცემა და შედეგის გაზიარება. ჯგუფში ყველა პროფილის სტომატოლოგია გაწევრიანებული და მათგან ბევრი კვალიფიციური პასუხის მიღება შეეძლებათ დასმულ კითხვებზე. იქნება გათამაშებები და რეალური ფასდაკლებები.
ასევე, ჩემმა 10-დღიანმა ვიზიტმა ბათუმში ექიმისა და სპიკერის ამპლუაში გათეთრების სისიტემებთან დაკავშირებით ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც პაციენტების მხრიდან, ასევე კოლეგებისგან. მაქვს სხვადასხვა კლინიკიდან მოწვევა და შესაბამისად, ვფიქრობ ახლო მომავალში კვლავ ვესტუმრო ბათუმს. კიდევ უამრავი იდეა მაქვს და დაინტერესების შემთხვევაში, ყველას ექნება შესაძლებლობა თვალი მადევნოს ჩემს ინსტაგრამ და ფეიბუქ-გვერდებზე.
Group: Beautiful smile
Instagram: eleneshamugia
FB: Dr. Elene Shamugia