თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი – ადგილი, სადაც ხელახალი დაბადების შანსი გეძლევათ… სწორედ ასე დავასათაურეთ სტატია, რომელიც OK!-ის აგვისტოს ნომერში უკვე იხილა ჩვენმა მკითხველმა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მართლაც ასეა, რადგან ეს არის ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სიჯანსაღისა და სილამაზისთვის ყველა აუცილებელ პროცედურას.
OK!-ის სექტემბრის ნომერში ჩვენ გიამბობთ მიოლიფტინგური მასაჟის შესახებ, რომელიც ახალი სეზონის დასაწყისისთვის აღმოჩენა იქნება ყველა მომხმარებლისთვის, რომლებიც თავის თავზე გამოცდიან ამ უნიკალურ პროცედურას.
მიოლიფტინგური მასაჟის შესახებ, უფრო დეტალურად მასაჟის სპეციალისტი და ფიზიკური თერაპევტი თათია კურტანიძე გვიამბობს.
რას მოიცავს სახის მიოლიფტინგური მასაჟი?
სახის მიოლიფტინგური მასაჟი, რომელმაც საბედნიეროდ უკვე ჩვენამდეც მოაღწია, მსოფლიოში აღიარებული, ნაოჭების საწინააღმდეგო, ყველაზე ჯანსაღი, სასარგებლო და სასიამოვნო პროცედურაა.
მასაჟისთვის სპეციალურად შერჩეული 6 ბლოკი მოიცავს როგორც სარელაქსაციო ესთეტიკურ, ასევე სამკურნალო ლიმფურ სადრენაჟო მასაჟის პროცესს, რაც ორმაგ ეფექტს ახდენს როგორც გარეგნულ, ასევე შინაგან სილამაზესა და ჯანმრთელობაზე.
მიოლიფტინგური მასაჟის ტექნიკა, ილეთების შესრულების მანერით რადიკალურად განსხვავდება სახის სხვა მასაჟებისაგან. მრავალი შედეგის საიდუმლოც სწორედ თითების მოქნილი მოძრაობებით შესრულებული შეუდარებელი ილეთებია, რომლის დაუფლებასა და დახვეწას, სასურველი შედეგის მისაღწევად, საკმაო დრო მოვანდომე. სამასაჟო ილეთები სრულდება როგორც ნელი ტემპით, ასევე სწრაფად და ძალიან სწრაფადაც, თუმცა ამავდროულად, ღრმად და ძლიერად, შესაძლოა ცოტაოდენ სასიამოვნო ტკივილამდეც კი. თითოეული მიმიკური ნაოჭი მუშავდება ცალ-ცალკე სპეციალურად შერჩეული მასაჟის ილეთებით, რომელიც ერთ პროცედურაზე მინიმუმ 8-ჯერ და მაქსიმუმ 20-ჯერ სრულდება. ეს ყველაფერი კი პირველ პროცედურაზევე თვალსაჩინო შედეგს იძლევა. აღნიშნული მასაჟით მიღწეული შედეგი, ხანგრძლივი ეფექტით ახდენს მცირე თუ ღრმა ნაოჭების ალაგებას.
სახის როგორი ტიპის კანზე კეთდება ეს მასაჟი?
ეს მასაჟი ყველა ტიპის კანზე არის შესაძლებელი, თუმცა გვაქვს აკრძალვები: იმ შემთხვევაში, თუ სახის კანის ზედაპირზე შეინიშნება ანთებითი პროცესი, ლიმფური სისტემის დაავადება, გამონაყარი, კუპეროზისადმი მიდრეკილება, ორგანიზმის საერთო სისუსტე და ა.შ. ასეთ შემთხვევებში მასაჟი არ კეთდება. ყველა სხვა შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა კანის სტრუქტურას − მშრალია, ნორმალური თუ ცხიმიანი, არ ვართ შეზღუდულები სახის მიოლიფტინგური მასაჟისგან.
როგორია მასაჟის პროცესი?
სახის მიოლიფტინგური მასაჟი ერთ-ერთი გამორჩეულად სასიამოვნო პროცედურაა. მოგეხსენებათ, ადამიანის ასაკთან ერთად, სახის კანი შრება, კარგავს ახალგაზრდულ ფერს, იცვლება სახის კონტურები, იფიტება კოლაგენური ბოჭკოები, რის შედეგადაც კანისა და კუნთების ტონუსი დუნდება. ლიფტინგი, ანუ სახის კანის დაჭიმვა, XXI-ე საუკუნეში არაერთი სხვადასხვა თერაპიით თუ ოპერაციული ჩარევებით არის შესაძლებელი.
სახის მიოლიფტინგური მასაჟი კი ის ჯანსაღი პროცედურაა, რომელიც მიმიკური ნაოჭების ალაგებასთან ერთად, ორგანიზმისთვის სამკურნალო, აღმდგენ, დამამშვიდებელ ეფექტსაც იძლევა, რადგან პროცედურა მოიცავს როგორც სახის კანს, ასევე დეკოლტეს, საყელოს ზონას (კისრის კუნთების ფართო და ღრმა დამუშავებით) თავის კანს, ზედა კიდურებს და ერთგვარად, ბეჭის კუნთებს.
რა მახასიათებლები ახლავს ამ პროცედურას?
სახის მიოლიფტინგური მასაჟის შედეგი, მცირე თუ ღრმა ნაოჭების გადასწორება, ქსოვილების გამკვრივება, სახის კონტურების გაუმჯობესება და რაც მთავარია, ასაკობრივი არასასურველი ცხიმოვანი ქსოვილის (ე.წ. ღაბაბის) მოშორებაა, რასაც უკვე თამამად ვაცხადებ, მრავალი პრაქტიკული მაგალითიდან გამომდინარე.
ერთხელ ჩატარებული სახის მიოლიფტინგური მასაჟის დროს მიღებული შედეგი ნარჩუნდება 6-7 დღე. იმისათვის, რომ მივიღოთ მუდმივი შედეგი, საჭიროა მომხმარებელმა გაიაროს 10-15 პროცედურა, ყოველდღე ან დღეგამოშვებით.
მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად კი საჭიროა 6 თვე, თვეში მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ სამი პროცედურის ჩატარება.
მომხმარებლების დღევანდელი დატვირთული რეჟიმისა და მოუცლელობის გამო, ხშირად მიწევს გრაფიკის ინდივიდუალურად შერჩევა, რაც სულაც არ ახდენს უარყოფით გავლენას სასურველი შედეგის მისაღწევად. მთავარია სურვილი, ნდობა და მონდომება.
რა სახის პროდუქტებს იყენებთ მასაჟის გასაკეთებლად?
ყველაზე მნიშვნელოვანი სახის მასაჟის კეთების დროს სწორად შერჩეული პროდუქციაა. სამასაჟო ზეთი ან კრემი აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური, ანტიალერგიული, დამატენიანებელი, მკვებავი, ნაზი სურნელით, რაც ორმაგად სრულყოფილს გახდის პროცედურას. ამჟამად ფრანგული ფირმის უნიკალური ფორმულის ზეთი შევარჩიე, რომელიც ნამდვილად აკმაყოფილებს ყველა ჩამოთვლილ სტანდარტს.
ძირითადად, რისთვის არის სასარგებლო მასაჟის ეს სახეობა?
სახის მიოლიფტინგურმა მასაჟმა თავისი არაერთი პრაქტიკული შედეგით მსოფლიო აღიარება მოიპოვა, როგორც ნაოჭების საწინააღმდეგო, სარელაქსაციო, სამკურნალო პროცედურა. მასაჟის შედეგად იჭიმება შემაერთებელი ქსოვილის მოდუნებული ბოჭკოები, კანი ხდება გლუვი, ერთფეროვანი და ხავერდოვანი. ხოლო მასაჟის პროცესი სახის კანის გარდა მოიცავს სხეულის მიდამოების კუნთოვანი და ლიმფური სისტემის სრულყოფილ დამუშავებას, რომელიც დიდ სამკურნალო შედეგსაც იძლევა.
სახის მიოლიფტინგური მასაჟით სარგებლობა და მისი სამკურნალო ეფექტი მდგომარეობს ლიმფური დინების გააქტიურებაში და ქსოვილებისათვის სისხლის მიწოდების გაუმჯობესებაში, რაც სახის კანზე შეუდარებელი, ბუნებრივი ფერით გამოიხატება. ერთხელ ჩატარებული პროცედურაც კი შეუდარებელია სისხლის მიმოქცევის, ლიმფური და ნერვული სისტემისათვის.
ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები?
მინდა თამამად და სიხარულით აღვნიშნო, რომ მომხმარებლების ასაკობრივი მრავალფეროვნება მაქვს: დაწყებული 25 წლიდან, დამთავრებული 70 წლამდე. სახის მიოლიფტინგური მასაჟი ყველა ასაკში, ზემოთ ჩამოთვლილი აკრძალვების გარდა, ყველაზე ჯანსაღი, ბუნებრივი და რაც მთავარია, ყველაზე უვნებელი პროცედურაა მიმიკური ნაოჭების გასასწორებლად. მასაჟის სისტემატიური ჩატარება უზრუნველყოფს ყველა ჩვენგანის გარეგნობის გაუმჯობესებას და გაახალგაზრდავებას.