თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგის, ორთოდონტის ამპლუისა და კოსმეტოლოგის პროფესიის მიღმა, ახალგაზრდა ექიმს, მარიამ მანჯგალაძეს პაციენტების ესთეტიკური მშვენიერებისა და ჯანმრთელი ღიმილის სასარგებლოდ, უშრეტი ენთუზიაზმი არ უნელდება. დროსთან ერთად კი ვერც მეტად შეძენილი გამოცდილება აცხრობს თვითგანვითარების სურვილს. სწორედ ამიტომ, პროფესიონალიზმი საქმიანობაში თითოეული დეტალის ხარისხს უზრუნველყოფს.
რა იქცა ბიძგად, რომელმაც ამჟამინდელი პროფესიის წლების წინ არჩევა გიკარნახათ?
შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ძირითადი პროფესიისთვის პირველივე ცდიდან არ მიმიგნია. ჯერ თერაპიული სტომატოლოგია ავირჩიე, შემდეგ ქირურგიული სტომატოლოგია დავიმატე, ბოლოს კი ორთოდონტიას დავეუფლე. ეს უკანასკნელი ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის − რთულია, მრავალფეროვანია, მუდმივ განვითარებასა და ლოგიკურ აზროვნებას მოითხოვს. თუმცა არც თერაპიისა და ქირურგიისთვის დამინებებია თავი. ამჟამად 3 ლიცენზია მაქვს, სამივე სფეროში ვმუშაობ და პირადად მე, საკმაოდ მიადვილებს ეს ყველაფერი საქმეს. უფრო სრულ და კომპლექსურ სურათს ვხედავ, როცა ახალი პაციენტის მკურნალობის გეგმას ვსახავ. დასაწყისიდან დასასრულამდე, მე და ჩემი პაციენტები ერთად გავდივართ ამ გზას იდეალურ შედეგამდე.
როგორია მთავარი გამოწვევები ყოველდღიურობაში და ზოგადად, ამოცანები, რომელსაც სფერო სპეციალისტის წინაშე აყენებს?
ორთოდონტია ის სფეროა, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება. მუდმივად შემოდის ახალი ინსტრუმენტები, მასალები, იზრდება შესაძლებლობები. რაც ადრე შეუსრულებელ ამოცანად მიიჩნეოდა, ახლა ხელმისაწვდომი გახდა.
პირადად მე მუდამ ვცდილობ ვიარო სემინარებზე, მასტერკლასებზე, რომელიც საკმაოდ გახშირდა საქართველოში, თუმცაღა უცხოეთშიც ვესწრები ლექციებს და ვიღრმავებ ცოდნას. ასევე ძალიან კარგი ცოდნის მიღება შეიძლება ინტერნეტის საშუალებითაც.
რა არის თქვენი სამუშაო პრინციპები?
ჩემი მუშაობის პრინციპია მაქსიმალურად ეფექტური და შედეგიანი მკურნალობის გეგმის შედგენა და მისი მიყოლა მაქსიმალურად მოკლე დროში. ვცდილობ, თითოეული პაციენტის ვიზიტი იყოს ნაყოფიერი. რა თქმა უნდა, შედეგიც უნდა იყოს ისეთი, რომელიც არა მხოლოდ პაციენტს, არამედ მეც მომეწონება.
რას მიიჩნევთ საჭიროდ იმისათვის, რომ პაციენტსა და ექიმს შორის ეფექტური თანამშრომლობა შედგეს?
უპირველეს ყოვლისა, ნდობას. თუ პაციენტი ვერ ენდობა ექიმს, მთელი მკურნალობის პროცესი რთულდება. მეორეა კომუნიკაცია − აუცილებელია ყველაფერი დეტალურად აუხსნას ექიმმა პაციენტს, როგორც მკურნალობის მიმდინარეობაზე, ასევე შესაძლო გართულებებზე, ხოლო პაციენტმა თავის მხრივ ყველა შეკითხვა უნდა დაუსვას თავის მკურნალ ექიმს, არ ეძებოს ინფორმაცია ინტერნეტსა და ფეისბუქ-ჯგუფებში, სადაც ნაკლებად კომპეტენტური პასუხი შეიძლება მიიღოს. ეს ტენდენცია საკმაოდ გახშირდა ბოლო დროს.
არის სტომატოლოგია ხელოვნება? არსებობს თუ არა მედიცინის ამ დარგში „ხელოვანის“ ინდივიდუალური ხელწერა? რაში იკვეთება ის?
სტომატოლოგია არის მედიცინაც, ესთეტიკაც, მეცნიერებაც, და რა თქმა უნდა, ხელოვნებაც. ორთოდონტიული პაციენტის მკურნალობის დაგეგმარების დროს აუცილებელია სახის პარამეტრების ანალიზი და მათი ჰარმონიზება. ჩვენ სილამაზეს ვქმნით, ხელს ვუწყობთ ადამიანს ემოციების თამამად გამოხატვაში და საზოგადოებასთან უკეთ ინტეგრირებაში. მოგეხსენებათ, ადამიანები „ცუდი“ კბილებით ხშირად არც კი იღიმებიან.
რაც შეეხება ინდივიდუალურ ხელწერას, უდავოდ არსებობს, და ეს ინდივიდუალიზმი დეტალებშია, რომელიც არაპროფესიონალისთვის შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენი მიმართულებით მკურნალობა სტომატოლოგიაში?
როცა პაციენტი მოდის ორთოდონტთან, მას ძირითადად ესთეტიკური ჩივილები აქვს. თუმცაღა ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ფუნქციაც. თუ თანკბილვა არასწორია, ხშირად ირღვევა ღეჭვის ფუნქცია, რასაც საბოლოოდ სხვა, უფრო სერიოზულ პრობლემებამდე მივყავართ. ზოგს მეტყველების პრობლემა აქვს, თვითონ ვერც უკავშირებს სტომატოლოგიურ პრობლემებს, მაგრამ სწორი მკურნალობის შედეგად, ეს პრობლემაც გვარდება. მყოლია პაციენტები, რომელთაც სუნთქვის პრობლემა მოუგვარდათ ორთოდონტიული მკურნალობის შემდეგ, და უამრავი სხვა.
რას გულისხმობს კონკრეტულად თქვენი მიმდინარეობა?
მარტივად რომ ვთქვა, კბილების გასწორებას. თუმცაღა, ჩემი მიმდინარეობა ყველაზე მრავალფეროვანია. ორთოდონტიული მკურნალობის დროს იცვლება პროფილი და სახის ნაკვთები.
როგორია თქვენი ერთი დღე სამუშაო სივრცეში და რა შეგრძნებებია ყოველდღიურობის თანმდევი? რა გაძლევთ სტიმულს, არასდროს მოდუნდეთ?
ვფიქრობ, გამიმართლა, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კლინიკაში ვმუშაობ და საკმაოდ დატვირთული გრაფიკით, როცა აკეთებ რაც გიყვარს, დაღლასაც ვერ გრძნობ.
სტიმული იმისა, რომ არასდროს მოდუნდე, არის ის, რომ ადამიანები განდობენ მათთვის ყველაზე ძვირფასს − თავიანთ ჯანმრთელობას და სილამაზეს. მიმაჩნია, რომ უბრალოდ არ მაქვს უფლება, რაიმე არ გამომივიდეს.
ასევე, ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია შედეგით ბედნიერი და კმაყოფილი პაციენტები.
რა გზას მიმართავთ თვითგანვითარების სასარგებლოდ?
უზომოდ მიყვარს და არ მეზარება სწავლა. მაქვს ძალიან კარგი პროფესიული ლიტერატურა; ხშირად ტარდება სემინარები, სადაც უცხოელი კოლეგები გვიზიარებენ გამოცდილებას. ვცხოვრობთ იმ დროში, სადაც ინტერნეტის საშუალებით შეიძლება დედამიწის მეორე მხარეს მიმდინარე ლექციას დაესწრო. მე ამ შესაძლებლობებს ვიყენებ. ვცდილობ, მალევე დავნერგო სიახლე პრაქტიკაში, რაც შედეგებზეც აისახება.
გარდა ამისა, მუდამ ვცდილობ შევისწავლო რაიმე ახალი. ბოლოს დავეუფლე კოსმეტოლოგის პროფესიასაც. ამის პირველი მიზეზი ისაა, რომ ეს პროფესიაც სახის ჰარმონიზების, ნაკლოვანებების დამალვის გზაა და საკმაოდ ახლოსაა ჩემს ძირითად პროფესიასთან. ასევე, ევროპაში ძალიან პოპულარულია მაგალითად, ბრუქსიზმის (კბილების კრაჭუნის) მკურნალობა ბოტულინოტოქსინის გამოყენებით, ანუ ე.წ. ბოტოქსით. ასევე ღრძილოვანი ღიმილის მკურნალობა იგივე პრეპარატით და ა.შ. ასე რომ, კოსმეტოლოგია სტომატოლოგიაში მეხმარება, და პირიქით.
რა იქნება მთავარი რეკომენდაცია პაციენტებისთვის?
დროულად მივიდნენ და მიიყვანონ ბავშვები ექიმთან. პრევენცია და საწყისი პათოლოგიის მართვა ყოველთვის უფრო მარტივია, ვიდრე შორს წასული პრობლემის.
სამწუხაროდ, ფართოდაა გავრცელებული მითი, რომ ორთოდონტთან ვიზიტი 12 წლამდე არაა საჭირო, რადგან ბრეკეტი 12 წლის ასაკში კეთდება. სინამდვილეში, ხშირად უკვე გვიანია ხოლმე ამ დროს. ძალიან ბევრი აპარატი და საშუალება არსებობს იმისათვის, რომ ადრეულ ასაკში აღმოიფხვრას პრობლემა ან მისი გამომწვევი მიზეზი.
რჩევა მომავალი კოლეგებისთვის...
გაიაზრონ თავიდანვე სრული პასუხისმგებლობა, რაც ჩვენს პროფესიას მოსდევს. დაიგროვონ რაც შეიძლება მეტი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა რეზიდენტურაშივე. იაზროვნონ არასტანდარტულად.
რა ხდის თქვენი პროფესიის მქონე ადამიანის ცხოვრებას განსაკუთრებულს? როგორია სუბიექტური აღქმა?
ყველა პაციენტი და ყველა შემთხვევა განსაკუთრებულია, ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. ეს მრავალფეროვნება ძალიან საინტერესოს ხდის ჩვენს საქმეს. ყველა ქეისი ახალი გამოწვევაა. წარმატებული შედეგი პაციენტთან ერთად მეც მახარებს.
როგორია დრო კლინიკის მიღმა? რას უთმობთ მას?
კლინიკების მიღმა ჩემი მთავარი ჰობი ცეკვაა. ვცეკვავ არგენტინულ ტანგოს. ასევე ძალიან მიყვარს მოგზაურობა. გარდა ამისა, სიამოვნებით დავდივარ კინოში, მუსიკალურ საღამოებზე და სხვა ღონისძიებებზე მეგობრებთან ერთად. უბრალოდ, კლინიკის მიღმა არც ისე ბევრი დრო მრჩება.
გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ...
მუდამ ვცდილობ არ გავჩერდე და ვიარო წინ, მიუხედავად იმისა, რომ სტომატოლოგიის სამ დარგში ვმუშაობ, ბოლოს კი კოსმეტოლოგიაც დავიმატე. ჩემთვის, როგორც ორთოდონტისთვის, ძალიან მარტივი აღმოჩნდა ამ პროფესიას დაუფლება − ისედაც ძალიან კარგად ვიცნობ სახის ანატომიას, თითოეულ კუნთს, ძვლოვანი სტრუქტურების განლაგებას, რაც ძალიან დამეხმარა. ახლა მაქვს საშუალება, როცა კბილები გასწორებულია და რბილი ქსოვილები მოითხოვს კორექციას, სახის სრული ჰარმონიის მისაღებად, ესეც თავად გავაკეთო და უფრო სრულყოფილ შედეგამდე მივიდე, რაც ჩემს პაციენტებსაც ძალიან ახარებთ.
სამომავლო გეგმები კიდევ ბევრია: საკუთარი კლინიკა, დოქტურანტურა და ა.შ.