ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ალერგოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის, თამარ ბარბლიშვილის საქმიანობის სფერო 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემატიკას შეეხება. ალერგიული დაავადების შესახებ ცნობა ეგვიპტურ პაპირუსებშიც კი შემონახულია; თანამედროვეობაშიც, ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში, ალერგიულ დაავადებათა გავრცელებამ თითქმის 50%-70%-ით იმატა. სწორედ ამგვარი ყველა დროის აქტუალურობა გახდა მიზეზი, რის გამოც თამარ ბარბლიშვილმა პროფესია კონკრეტულად ალერგოლოგიის საინტერესო დარგს დაუკავშირა. ალერგიულ დაავადებათა განვითარებაში გენეტიკურ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს და უმეტესად, ისინი 20 წლამდე ასაკში ვლინდება, თუმცა შეიძლება სიცოცხლის ნებისმიერ პერიოდშიც იჩინოს თავი. მიზეზებზე, სეზონურ ალერგიებსა და მკითხველისთვის უამრავ რეკომენდაციაზე, ექიმი OK!-ის ესაუბრა.
რა არის სეზონური ალერგიების გამომწვევი მიზეზი?
მართალია, გაზაფხული კალენდარზე მარტით თარიღდება, თუმცა ალერგოლოგიური კალენდარი ათვლას უფრო ადრე იწყებს. ალერგიების სეზონი თებერვალსა და იანვარშიც იღებს სტარტს, მაშინ, როცა ხე-მცენარეების მტვრის წარმოქმნა იწყება და ის ჰაერში ცირკულირებს. იმ პირებს კი, რომელთაც აღნიშნული ალერგენების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აქვთ, ალერგიული რეაქციები უყალიბდებათ. როცა ხე-მცენარეები ყვავილობას ასრულებენ, ჩნდება მარცვლოვანი და ბალახოვანი მცენარეები, ზაფხულის ბოლოსკენ კი, აგვისტოს მიწურულსა და სექტემბერ-ოქტომბრის თვეში, განსაკუთრებით აქტიურდება სარეველები (ნაცარქათამა, ამბროზია და ავშანი).
ყველა ამ მიზეზით, პაციენტებში თავს იჩენს ალერგიული რინიტისა და ბრონქული ასთმის ნიშნები. საჭიროა, პროფილაქტიკური ღონისძიებები გატარდეს და ალერგენებთან კონტაქტი მინიმუმამდე დავიყვანოთ.
როგორ ხდება კონტაქტის თავიდან არიდება და როგორია რეკომენდაციები?
ამისთვის გარკვეული ღონისძიებები ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ. თუ ძალიან ცხელა ან ქარიანი ამინდი დგას და გარეთ გასვლა გვიწევს, გადავადგილდებით ავტომობილით. მანქანის ფანჯრები დახურული უნდა იყოს. შინ დაბრუნების შემდეგ, მალევე უნდა გამოვიცვალოთ სამოსი (გარეცხვის შემდეგ ის დახურულ საშრობში გავაშროთ), და მივიღოთ შხაპი, რათა მტვრის ნაწილაკები სხეულიდან და თმიდან ჩამოვირეცხოთ. ამგვარად, დღის განმავლობაში ორგანიზმში მათ მოხვედრას თავიდან ავირიდებთ.
სასურველია, სახლის სველი წესით დალაგებაც, HEPA-ფილტრის მქონე მტვერსასრუტის გამოყენება და კონდიციონერის ჩართვა, რომელიც მტვრის ნაწილაკებს აკავებს. პაციენტმა ხშირად უნდა გამოირეცხოს ცხვირის ნიჟარები ფიზიოლოგიური ან ზღვის მარილის შემცველი ხსნარით, რათა კონცენტრატები მოვიშოროთ.
ურბანულ გარემოშიც ისევე ახერხებენ ალერგენები ადამიანებზე თავდასხმას, როგორც ბუნებაში?
ზოგადად, მცენარეები მტვერიანდება ქარის საშუალებით, რომელსაც ისინი დიდ მანძილზე გადააქვს. ასე რომ, აუცილებელი არაა ბუნებაში ცხოვრობდე, ურბანულ გარემოშიც პრობლემა თანაბრად აქტუალურია.
ახლა ზღვის სეზონი დგას. რას ურჩევდით პაციენტებს?
მზის გამოსხივების მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამოვლინება ხდება იმ უბნებზე, სადაც სხივები ხვდება. ხშირია გამონაყარი, შეწითლება და ქავილი. ზოგჯერ ალერგია უფრო მასშტაბურ ხასიათსაც იძენს და არა მხოლოდ უშუალოდ იმ კონკრეტულ უბნებზე, არამედ დახურულ უბნებზეც იჩენს თავს.
გარეთ გასვლისას, 15 წუთით ადრე, მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება აუცილებელია (სასურველია SPF-მზისგან დამცავი ფაქტორი 30 და მეტი იყოს). თუ გარეთ ყოფნა 2 საათზე მეტხანს გვიწევს, სასურველია საშუალება 2 საათში ერთხელ გადავისვათ. უნდა გამოვიყენოთ სათვალე, ქუდი და ნაკლები ინსოლაციის მიზნით, ჩავიცვათ ღია ფერის ტანსაცმელი.
რა დგას იმ ფაქტის მიღმა, რომ ალერგიები უეცრად გვევლინება და რა იქცევა ამის წინაპირობად?
შესაძლებელია, ბავშვობის ასაკიდან მოყოლებული, წლები ისე გავიდეს, რომ ალერგიული რეაქციები არაფრის მიმართ არ გამოგვივლინდეს. თუმცა, ორგანიზმი მუდმივად ცვლილებებს განიცდის, რეაგირებს გარემოს გამღიზიანებლებზე და არის შანსი, ალერგიულ რეაქციად ჩამოყალიბდეს. ურბანიზაციასთან ერთად, წინაპირობა ქიმიური საშუალებებია, რომლებსაც ჰიგიენის მიზნითა თუ კოსმეტიკის პროდუქტების სახით ვიყენებთ, ასევე მიზეზად საკვები დანამატებიც იქცევა.
ორგანიზმში თავდაპირველად მგრძნობელობის შეცვლა ხდება, შემდეგ მომატებული მგრძნობელობა იჩენს თავს და გამღიზიანებელთან ხელახალი კონტაქტით, სამწუხაროდ, ალერგიული რეაქცია ყალიბდება.
რითი გახდა წლების წინ ალერგოლოგია თქვენთვის საინტერესო სამედიცინო მიმართულება?
ალბათ იმით, რომ ალერგოლოგია ერთგვარი კვლევის სფეროა. არსებობს ჯერაც პასუხგაუცემელი კითხვები და რაც მთავარია, ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი, აქტუალური მიმართულებაა.
რა იცვლებოდა დარგში დროსთან ერთად?
რადგან ცხოვრების სტილისტიკა შეიცვალა და დაიხვეწა, უფრო მეტად ჰიგიენური, ურბანული გახდა. ამან ალერგიული დაავადებები გაცილებით აქტიური გახადა, მოიმატა ალერგენების რაოდენობამაც.
ალერგიისგან განკურნება შესაძლებელია?
ალერგიების უმეტესობა ქრონიკულად მიმდინარეა, თუმცა პროცესის რემისიაში გადაყვანას ვახერხებთ და ასე პაციენტს ჩივილები აღარ აწუხებს. შესაძლებელია, დროთა განმავლობაში მგრძნობელობაც შემცირდეს. მედიკამენტები და თერაპია კარგ შედეგებს გვაძლევს.
როგორია თოდუას კლინიკის სამედიცინო გუნდის წევრობა?
თოდუას კლინიკის გუნდს 2018 წლის ზაფხულიდან შევუერთდი და მას შემდეგ კოლექტივის საქმიანობაში აქტიურად ჩავერთე. ეს არის კომფორტული, მუდმივად დინამიკური სივრცე. მომწონს გუნდური მუშაობის პრაქტიკა, რომელიც პროცესების სწორად მართვაში, დროულ მობილიზაციაში აისახება.
დღის ყველაზე დიდ ნაწილს კლინიკაში ატარებთ. როგორია ცხოვრება ექიმის ამპლუის მიღმა?
ვცდილობ, დრო ოჯახთან ერთად გავატარო, მაქვს ჰობი − ფოტოგრაფია, მიტაცებს ხელოვნება და ზოგჯერ ლაშქრობისთვისაც ვპოულობ დღეებს.
აზარტულია თქვენი საქმიანობა?
ალერგიის მიზეზების დადგენის კვლევა ერთგვარ გამოძიებას ჰგავს, სადაც თავს დეტექტივადაც წარმოიდგენ. არ გაქვს სრული სურათი და მცირე მინიშნებებით ცდილობ შემთხვევას ახსნა მოუძებნო. გიწევს ფიქრი და ლოგიკური ჯაჭვის გაბმა. შესაბამისად, სფერო საინტერესო და ძალიან აზარტულია.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
თვითგანვითარება მუდმივი ამოცანაა. კვლავაც ვაგრძელებ ადგილობრივსა თუ საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას, სადაც უახლესი ინფორმაციის კოლეგების მხრიდან გაზიარება ხდება.