ქართული OK! ულამაზეს ნუცა შამილაძეს წარმოგიდგენთ − 2 შვილის დედას და საქმიან ქალს, რომელიც უკვე წლებია, რაც იოგათი არის გატაცებული, ხოლო ჯანსაღი ცხოვრების წესი მისი ჩვეული ცხოვრებისეული რეჟიმია. როგორ ახერხებს ნუცა ასეთი არაჩვეულებრივი გარეგნობის შენარჩუნებას, რა ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში ოჯახსა და საქმეს, და რა არის მისი ყველაზე დიდი ოცნება − წაიკითხეთ ნუცა შამილაძესთან ჩვენს ინტერვიუში.
ნუცა, როგორ ხართ? როგორ და სად ატარებთ ზაფხულის ცხელ დღეებს?
ოჯახთან ერთად, ქალაქგარეთ, წყნეთში ვატარებ ზაფხულის ცხელ დღეებს. მიყვარს ზაფხული, ბოლო რამდენიმე წელია მთელი ოჯახი ერთად ვისვენებთ და განსაკუთრებულად ველოდები ხოლმე წელიწადის ამ დროს. სულ ახლახან დავბრუნდი ბათუმიდან, სადაც ჩემი დაბადების დღე მეგობრებთან ერთად აღვნიშნე და დაუვიწყარი 1 კვირა გავატარე ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანებთან ერთად. ძალიან მინდა, წელს შეძლებისდაგვარად ვიმოგზაურო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. წინა წელს რაჭაში ვიყავი ბავშვებთან ერთად და აღფრთოვანებულები დავბრუნდით. წელს სვანეთში ვგეგმავთ წასვლას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ჯანსაღ ცხოვრების წესთან თუ მეგობრობთ?
დაახლოებით 8-9 წელია ჯანსაღი ცხოვრება ჩემი ცხოვრების წესია და შესაბამისად, არც ზაფხულში შეცვლილა რაიმე.
მას შემდეგ, რაც პირველად მქონდა შეხება იოგასთან, მივხვდი, რომ ეს ის არის, რაც მეხმარება ვიცხოვრო მშვიდად, შევიგრძნო ბედნიერება და დავაფასო ის, რაც ჩემ გარშემო ხდება.
ყველასათვის ცნობილია თქვენი იოგათი გატაცება. როდის გაგიტაცათ იოგამ და რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში?
ჩემთვის იოგა არ არის მხოლოდ ფიზიკური აქტივობა, ის ჩემი ცხოვრების წესი, დისციპლინაა, და საკუთარი „მე“-ს ღრმა სულიერი სწავლებაა. იოგა გვასწავლის, რომ ადამიანის სულიერი „მე“ ჰარმონიული იყოს სამყაროს უსასრულო „მე“-სთან. მისი მთავარი აზრი იმაშია, რომ სხეული და სული თანაბარმნიშვნელოვნად იყოს თანხვედრაში და ჰარმონიაში. ალბათ დამეთანხმებით, რომ ამ ქაოსურ სამყაროში ჰაერივით გვჭირდება სიმშვიდე და სიჯანსაღე. სხეულის სრულყოფისათვის, ან უბრალოდ, ფორმების შესაცვლელად, დიდი დროა საჭირო და დიდი ძალისხმევაც, მაგრამ გონების მდგომარეობის შესაცვლელად – კიდევ უფრო მეტი. ჩემთვის იოგა არის ერთადერთი ფიზიკური აქტივობა, რომელიც ამოუწურავი განვითარების საშუალებას გვაძლევს; რომელსაც არა აქვს საზღვრები, არ არსებობს, მოგბეზრდეს, მუდამ განვითარების პროცესში ხარ და შედეგის დანახვის შემდეგ გიასმაგდება ინტერესი და სურვილი ამ ვარჯიშის მიმართ. ამ დროს იღვიძებს ფარული უნარები, რომელიც ყველაზე ეფექტური საშუალებაა სტრესთან საბრძოლველად. იოგა დღეს უკვე საკმაოდ პოპულარული აქტივობაა, რომელსაც უამრავი ადამიანი მისდევს და მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება, რაც ძალიან მახარებს.
ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებით, როგორ ახერხებთ? როგორია ნუცას თავის მოვლის რუტინა?
დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის. ჯანსაღი ცხოვრება და თავის მოვლა ყოველდღიურობის ნაწილი როცა ხდება, შედეგი ყოველთვის მიიღწევა.
ზოგადად, მიყვარს სხვადასხვა პროცედურის ჩატარება და ვცდილობ, წელიწადში 2-ჯერ გავიარო კურსი, რა თქმა უნდა, თუ ამის საშუალება მაქვს. გურმანი ვარ, მიყვარს გემრიელი საკვები. არ მიყვარს დიეტა და არც გამომდის, უბრალოდ, ვცდილობ კვირაში ერთხელ განტვირთვა მოუწყო ჩემს ორგანიზმს და დავასვენო.
ჩემი დილა მუდამ იწყება ერთი ან ორი ჭიქა წყლით, შემდეგ მზის მისალმებით, იოგას ვარჯიშით და დადებითი ენერგიის მიღებით, რაც ყველაზე ეფექტურად მოქმედებს ადამიანის გარეგნულ მხარეზე. ჩემთვის ბევრი ღიმილი, სიყვარული და დადებითი ენერგიის გაცემა-მიღება არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი, ყოველდღიური თავის მოვლის რუტინა.
თქვენი ოჯახი გაგვაცანით.
ჩემი ოჯახი ჩემი განძია. თბილისში, სოლოლაკში გავიზარდე. ჩემი მშობლები − დედა, ეთერ დავლიანიძე და მამა, დავით შამილაძე, ჩემი ყველაზე დიდი მეგობრები არიან. დღეს ორივე პენსიონერია და მთლიანად ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრებით ცხოვრობენ. მე ვამაყობ, რომ მათი შვილი ვარ. თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა მადლობა გადავუხადო მათ ყველაფრისთვის.
მყავს ასევე არაჩვეულებრივი და, ჩემი ერთ-ერთი ძლიერი მხარე − ირინა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილეა. ჩემი დის შვილები, საკუთარ შვილებთან ერთად, ჩემი ცხოვრების ნაწილები არიან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 3 ბიჭისა და ერთი გოგოს დედა ვარ. ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ შემაგრძნობინა დედობაც და დეიდობაც.
თქვენი და შვილების ურთიერთობაზე გვესაუბრეთ. როგორი დედა ხართ?
მყავს ორი არაჩვეულებრივი ვაჟი, რომლებიც ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი და მოტივატორია. მე და ჩემს უფროს შვილს შორის განსხვავება 18 წელია, ხოლო უმცროსი მასზე 4 წლით პატარაა. ჩვენ ერთად გავიზარდეთ და მათთან ერთად ვისწავლე დედობა. წელიწადია, რაც სამსახური დავიწყე, მანამდე მეც მათთან ერთად დავდიოდი სპორტზე და სხვადასხვა მასწავლებელთან, ყველგან და ყოველთვის. მომთხოვნი დედა ვარ, მაგრამ ამავდროულად, მათი ყველაზე დიდი მეგობარი. მიყვარს დისციპლინა, მინდა ბავშვობიდან გამოუმუშავდეთ შრომისმოყვარეობა, ამიტომ მაქსიმალურად დატვირთულები არიან და ყოველთვის ვაკონტროლებ დღის განმავლობაში მათ მიერ შესასრულებელ გეგმას. რა თქმა უნდა, ხშირად ვუმეორებ, რომ ჩემთვის მთავარია, ღირსეული, კეთილი და კარგი ადამიანები იყვნენ, სხვა დანარჩენი მათი სურვილი და ნებაა, რა მიმართულებით წავლენ, რა საქმიანობას აირჩევენ, მე მხოლოდ რჩევებს მივცემ მათ. ყოველთვის პატივს ვცემ მათ აზრს, ნებისმიერ სიტუაციაში მათ გვერდით ვარ და ვიქნები. ჩვენ რამდენიმე მთავარი წესი გვაქვს, რომელიც ყველამ პირნათლად უნდა შევასრულოთ. ეს არის ერთმანეთის პატივისცემა და გულახდილობა. რაც უნდა მოხდეს, მხოლოდ სიმართლის თქმა. ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ბიჭები ჩემი დიდი გულშემატკივრები არიან. ხშირად ვსაუბრობთ სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხზე და ერთ-ერთი საუბრის დროს მითხრეს, მოგვწონს როგორი დედაც ხარ, არც ძალიან მკაცრი და არც ძალიან მარტივიო. ძალიან მესიამოვნა. ზოგადად, რთულია ოქროს შუალედის დაჭერა მშობლისა და შვილის ურთიერთობაში, თუმცა ჯერჯერობით ვახერხებ, რაც ძალიან მიხარია.
რაშია ნუცას ბედნიერება?
ნუცას ბედნიერება უპირველეს ყოვლისა, ნიკუ და მიქა არიან. კიდევ უყვარდეს და უყვარდეთ, ჰქონდეთ უფლება და საშუალება დაეხმარონ სხვებს.
ნუცა, დიდი ხანია, რაც ივენთმენეჯმენტით დაინტერესდით? რა მოგწონთ ამ საქმიანობაში და როგორია თქვენი ხელწერა? რაზე ამახვილებთ აქცენტს ივენთების ორგანიზებისას?
სანამ „მოზაიკაში“ მივიდოდი, მქონდა სხვადასხვა ტიპის შემოთავაზება, მაგრამ რატომღაც არსად გული არ მიმიწევდა. მართალია ღონისძიებების უკან ძალიან დიდი ენერგია და შრომა დევს, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ის საქმე იყო, რისი გაკეთებაც მინდოდა. ერთი სიამოვნებაა, როდესაც დამკვეთის კმაყოფილ სახეს ხედავ. წელიწადია, რაც „მოზაიკას“ თანამშრომელი გავხდი. „მოზაიკა“ კრეატიული სააგენტოა, რომელიც 2008 წელს დაარსდა და მომხმარებელს სრულ მარკეტინგულ მომსახურებას სთავაზობს. ჩვენი მთავარი მისიაა ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც უნიკალური და განსხვავებულია. ვამაყობ, რომ არცერთი ჩვენ მიერ ჩატარებული ღონისძიება არ ჰგავს ერთმანეთს და ყოველთვის არის დასამახსოვრებელი − როგორც ვიზუალური კუთხით, ასევე მომსახურების ხარისხით. სწორედ ამ ფორმულით გავხდით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კომპანია არსებულ ბაზარზე.
სამსახური ჩემი მეორე ოჯახია და ვამაყობ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ. რთულია საკუთარ თავზე საუბარი, თუმცა ნამდვილად მიმაჩნია, რომ თვისებები, რომლებიც ამ სფეროსთვის აუცილებელია, მაქვს. გაასმაგებული პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, გემოვნება და გამოუვალ ან რთულ სიტუაციაში სწრაფი გადაწყვეტილების მიღება.
ივენთმენეჯერობა მარტივი საქმიანობა ნამდვილად არ არის. ძალიან დიდ შრომას, ნებისყოფას, მოთმინებას, ინფორმაციის სწორად გაგებას და შემდეგ ამ ყველაფრის კონტრაქტორებთან ზუსტად გადაცემას და დაგეგმვას მოითხოვს, რათა ზუსტად იმ შინაარსის მატარებელი იყოს ღონისძიება, რომელიც დამკვეთს ჰქონდა ჩაფიქრებული.
თქვენი ყველაზე დიდი მიზანი, სურვილი. ოცნება გაგვიმხილეთ...
დღეს იმდენად მომრავლდა და გახშირდა ვერაგი დაავადებები და გარდაცვალებამ იმდენად დაკარგა ასაკი, რომ მხოლოდ ერთს ვინატრებდი − ბავშვებს არასდროს არაფერი ეტკინოთ. ზოგადად, იმაზე ფიქრი, თუ რა გაკლია ბედნიერებისთვის, გაკარგვინებს უნარს, დაინახო, თუ რა გაქვს ბედნიერებისთვის. ვფიქრობ, ადამიანი საკუთარ ბედს თვითონ ქმნის და ყველაფერი მის მონდომებაზე და სურვილზეა დამოკიდებული, ნებისმიერ სფეროსა და საკითხში − იქნება ეს პირადი ცხოვრება, კარიერა თუ სხვა. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ, რისთვისაც ღმერთს ყოველდღე მადლობას ვეუბნები.