ექიმი-პაროდონტოლოგი, სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ „დენსის“ მენეჯერი, პაროდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი, საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი − ეს ექიმ ლალი ქოჩიაშვილის რეგალიათა ჩამონათვალია, რომელმაც საქართველოში ევროპული სტანდარტის დანერგვა შეძლო. მისი საქმიანობა, კლინიკა „დენსის“ პაციენტთა ჯანმრთელი ღიმილისთვის ეფექტური მკურნალობის პარალელურად, „საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციაში“ საკუთარი სამუშაო პრინციპების გამზიარებელი კადრების დატრენინგებას გულისხმობს. OK!-ის ლალი ქოჩიაშვილი შრომატევადი საქმის, მის საპირწონედ მდგარი მადლიერი პაციენტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
რა საქმიანობას მოიცავს თქვენი პროფესია?
პროფესიით ყბა-სახის ქირურგი ვარ და პაროდონტოლოგიის დარგში ვმუშაობ. პაროდონტოლოგია იმპლანტაციას, ანუ ხელოვნური ფესვის ჩასმას (ამოღებული კბილის ადგილზე), ღრძილების ანთების მკურნალობას, ღრძილის ქსოვილისა და ძვლის გადანერგვა/აღდგენას გულისხმობს. ეს დარგი პაციენტს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს ჯანმრთელი, ლამაზი ღრძილი და ძვლოვანი ქსოვილი.
რა მნიშვნელობისაა თქვენთვის საყვარელი საქმე?
ჩემი საქმე, კლინიკური საქმიანობა, ძალიან მიყვარს. თითოეული პაციენტის მკურნალობას ვუდგები ისე, როგორც ჩემს ერთადერთ და განსაკუთრებულ შემთხვევას.
ვზრუნავ იმისთვის, რომ ჩემს ყველა პაციენტს ჰქონდეს ისეთივე ლამაზი ღიმილი და ჯანსაღი ქსოვილი, როგორც ჩემი კოლეგების პაციენტებს შვეიცარიაში, იტალიასა თუ გერმანიაში. პაციენტი ხარისხით კმაყოფილი უნდა იყოს − ეს აქსიომაა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ისიც ერთვის, რომ საკუთარ თავს დამატებით მოთხოვნებს ვუყენებ − მივიღო საუკეთესო შედეგი.
ჩვენს საქმიანობაში საჭიროა სიზუსტე და სკრუპულოზური მიდგომა. ესაა იუველირის საქმე, რომელშიც ყოველწლიურად იცვლება ტექნოლოგიები, მეთოდები, და მეც მუდმივად ვაახლებ მათ. პაროდონტოლოგია ვისწავლე შვეიცარიაში, ბერნის უნივერსიტეტში და ჩემს კლინიკაში დავნერგე ყველა ევროპული სტანდარტი.
ძირითადად, რა პრობლემით მოგმართავენ პაციენტები?
ყველაზე ხშირად მომართვიანობა ღრძილის რეცესიის დროს ფიქსირდება − როცა ღრძილი მოცულობაში მცირდება და კბილის ფესვები გაშიშვლებულია. აქამდე მიიჩნეოდა, რომ პრობლემის მკურნალობა შეუძლებელია, თუმცა დღეს ქსოვილების აღდგენა ხერხდება და ღრძილი თავის ადგილს უბრუნდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ესთეტიკისა და კბილების შენარჩუნებისთვის.
რიგით მეორე გავრცელებული პრობლემა პაროდონტიტია. პაციენტები ძირითადად მოგვმართავენ მაშინ, როცა კბილები უკვე მორყეულია და სპეციალისტები მათ ამოღებას სთავაზობენ. ჩვენთან ასეთი კბილების ექსტრაქცია არ ხდება, არამედ ვმკურნალობთ და ვამყარებთ მათ. საკუთარი კბილების შენარჩუნება ჩვენი დარგის მთავარი მიზანია.
რამდენად სტრესულია თქვენი საქმიანობა?
სტომატოლოგიაში საუკეთესო შედეგი მიიღება მაშინ, როცა პროცესში მთელი გუნდია ჩართული და ყველა საკუთარი საქმის პროფესიონალია. ვამაყობ კლინიკა „დენსის“ თითოეული თანამშრომლით, ჩვენ ერთად ვვითარდებით და პაციენტებისთვის ვიხარჯებით. ეს არის გარემო, სადაც შეუძლებელი არაფერია და ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა.
ბუნებრივია, ჩვენს საქმეს ახლავს სტრესი, მაგრამ ამ ყველაფერს ურთიერთობები აბალანსებს. განწყობა კი გადამდებია და მიხარია, როცა ჩვენთან სტუმრობისას პაციენტები აღნიშნავენ, რომ სტრესი ეხსნებათ.
გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ „ჯეოპერიოში“?
კლინიკა „დენსის“ გარდა, ჩემი მეორე სამსახური „საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაცია“, ანუ „ჯეოპერიოა“, რომელიც 2015 წელს დავაფუძნე. მიზანი იყო, დაინტერესებული ექიმებისთვის პაროდონტოლოგია მესწავლებინა. მინდოდა, ჩემს ქვეყანაში დამემკვიდრებინა ევროპული გაიდლაინები სტომატოლოგიის ამ დარგში. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, სადაც ლექტორი/ტრენერი, პროექტების მენეჯერი და რედაქტორი გახლავართ. ვხელმძღვანელობ „პერიო აკადემიას“, სადაც უკვე 100-ზე მეტი კურსდამთავრებული მყავს და პროგრამა კვლავ გრძელდება.
2019 წელს „ჯეოპერიო“ ევროპის პაროდონტოლოგთა ფედერაციის ოფიციალური წევრი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის 31-ე წევრი ქვეყანაა. ეს უდიდესი მიღწევაა, რადგან უკვე მეორე წელია, ჩართული ვართ ევროპულ პროგრამებში და იმავე კლასიფიკაციითა და მკურნალობის გაიდლაინებით ვსარგებლობთ. ევროპის ქვეყნების მსგავსი სტანდარტი ჩვენს პაროდონტოლოგიაში „ჯეოპერიოს“ გუნდის დამსახურებაა.
რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია და მამოძრავებელი ძალა?
უპირველესად, საკუთარი პროფესიის სიყვარული და ინტერესი.
მეორე მხრივ, ოჯახური ტრადიცია. ჩემი მშობლები ექიმები არიან − მამა წარმატებული იმპლანტოლოგია და მის გვერდით ვერ იმუშავებ, თუ არ განვითარდი. ჩვენი ყველა შეხვედრა ცოდნის გაცვლით, გაზიარებით იწყება.
პირველსავე კურსიდან მქონდა სურვილი, აღარ დამესვა მისთვის შეკითხვები და, პირიქით, მას ეკითხა რჩევა ჩემთვის. ბევრი შრომა დამჭირდა ამის მისაღწევად, რადგან მამა ყველაზე დიდი კრიტიკოსი და მაქსიმალისტია, ვისაც კი შევხვედრივარ. მასთან ერთად მუშაობა დიდი პასუხისმგებლობა და სტიმულია.
მესამე, და არანაკლებ მნიშვნელოვანია ექიმების გუნდი, რომელთანაც ცხოვრების უდიდეს ნაწილს ვატარებ. მიყვარს მათთან პოლემიკა, პრობლემების გადაჭრა და ახალი მიდგომებისა და გზების ძიება შემდგომი განვითარების სასარგებლოდ. თითოეული მათგანი იმდენად პროგრესული და ძლიერი სპეციალისტია, რომ საშუალება მაქვს, პიროვნულად, გუნდურად მუდმივად განვვითარდე.
თანამედროვე მედიცინა მულტიდისციპლინური გახდა, ამიტომ გუნდური განვითარება საკვანძო საკითხია.
რას ეტყოდით თქვენს პაციენტებს?
ვურჩევ ყველას, ჩვევად ვაქციოთ პროფილაქტიკური მედიცინა, ანუ ვესტუმროთ პაროდონტოლოგს პროფესიულ წმენდაზე წელიწადში 2-3 ჯერ და ვისწავლოთ კბილების სწორად გამოხეხვა. ასე შევინარჩუნებთ კბილებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
თუკი პროფილაქტიკა დავაგვიანეთ და უკვე გვაქვს პაროდონტიტი, მისი განკურნება შესაძლებელია. საჭიროა, ექიმმაც და პაციენტმაც იბრძოლონ თითოეული კბილის გადასარჩენად, რადგან საკუთარი ჯანმრთელი კბილი ხელოვნურ იმპლანტზე უკეთესია.
როგორია სამომავლო გეგმები?
უამრავმა პროექტმა აიღო სტარტი და მიზანიც ბევრი გვაქვს. ვაგრძელებთ ყოველდღიურ შრომას და მჯერა, რომ მომავალში ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო შედეგიანი და პროდუქტიული იქნება.
2021 წლის ივნისში, კოპენჰაგენში, „ევროპერიო10“-ის ყველაზე დიდი ღონისძიებაა დაგეგმილი, სადაც პირველად ავაფრიალებთ ქართულ დროშას და ევროპელი კოლეგების გვერდით ჩვენს ქვეყანას წარმოვადგენთ. ვფიქრობ, ბევრი ქართველი სტომატოლოგი დაესწრება ამ კონგრესს და დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობას მიიღებს.
მის: ქ. თბილისი, ყიფშიძის ქ.N2ბ,
ტელ: 0322 599 599 და ფანჯიკიძის ქ. N22
(„მწვანე ბუდაპეშტი“), ტელ: 0322 599 599;
ქ. რუსთავი: კოსტავას გამზ.N11
ტელ: 0341 25 57 55 და შარტავას ქ.N17
ტელ: 0341 28 54 55;
ქ. გარდაბანი: აღმაშენებლის გამზ.N46,
ტელ: 0372 22 30 08
FB: DENS • დენსი