წონის კლება განსაკუთრებით აქტუალური თბილი ამინდების დადგომისთანავე ხდება. ზაფხულში, როდესაც პლაჟებსა და აუზებზე ნებივრობა გვინდა, განსაკუთრებით ვღელავთ ხოლმე სხეულის ფორმებზე. რა თქმა უნდა, ყველამ კარგად იცის, რომ სასურველი ფიზიკური გარეგნობის მოპოვებას ბევრი ვარჯიში და ცხოვრების ჯანსაღი წესი განაპირობებს, მაგრამ რა ვუყოთ ცდუნებას, როდესაც გავიგებთ, რომ ვინმემ სასურველი 10 კილოგრამი სულ იოლად, რომელიღაც დიეტით დაიკლო? ყველა სპეციალისტი მუდმივად გვარიგებს – „დიეტა“ არასწორი სიტყვაა, მას „კვების რეჟიმი“ უნდა ვუწოდოთ და სიფრთხილით მოვეკიდოთ რადიკალურ ზომებს. ჩვენ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვებით აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგს, თამარ ხუციშვილს მივმართეთ.
რა უნივერსალური წესი არსებობს წონის კონტროლისთვის?
სწორი კვება! ერთადერთი ეფექტური და ხანგრძლივ შედეგზე გათვლილი გზა წონის კლებისთვის − ეს არის ბალანსირებული, ჯერადობრივი, ყველა საკვები ნუტრიენტით მდიდარი კვება, რომლის კალორაჟიც შეესაბამება კონკრეტული პაციენტის ორგანიზმს.
დღეს გასახდომი კოქტეილების ბუმია საქართველოში. რამდენად გამართლებულია მათი მიღება?
არ არსებობს ელექსირი, რომლის მიღებაც ცხიმს დაადნობს, და თუ არსებობს, მაშინ ის სხვა რამესაც ავნებს. ნებისმიერი უცნობი შემადგენლობისა და უცნობი მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების მქონე საშუალებების გამოყენება, წონის კლებისა თუ სხვა სამედიცინო მიზნით დაუშვებელია.
ბოლო პერიოდში ძალიან მოდური გახდა ე.წ. კეტო-დიეტა. რამდენად საშიშია ის ჯანმრთელობისთვის?
კეტო-დიეტა დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა ეპილეფსიის მკურნალობის პროცესში ნევროლოგისა და დიეტოლოგის მკაცრი მეთვალყურეობით. წონის კლების მიზნით, კეტო-დიეტა ამ ეტაპზე კვლევის საგანია სამედიცინო საზოგადოებისთვის და მისი ეფექტურობა თუ უსაფრთხოება არ არის დადასტურებული.
18-საათიანი შიმშილი – საზიანოა თუ სასარგებლო ორგანიზმისთვის?
ე.წ. „ინტერვალური შიმშილი“ მეტად აქტუალური საკითხია დიეტოლოგიაში. ამ ეტაპზე რეკომენდებულია და უსაფრთხოდაა მიჩნეული 14 (14:10) და 16 (16:8)-საათიანი შუალედებით კვება.
რამდენად სწორია გლუტენსა და ლაქტოზაზე უარის თქმა გახდომის მიზნით?
თუ პაციენტთან არ არის დადასტურებული გლუტენისა თუ ლაქტოზის აუტანლობა, მათი რაციონიდან ამოღება წონის კორექციის მიზნით აუცილებლობას არ წარმოადგენს.
მითია თუ რეალობა, რომ 30 წლის ასაკიდან ადამიანმა აღარ უნდა მიიღოს ე.წ. წითელი ხორცი (საქონლის ხორცი) და რძე სუფთა სახით?
საქონლის ხორცი, რძე, ცილის მაღალი შემცველობით გამორჩეული სასარგებლო პროდუქტებია. 30 წლის ასაკიდან მათი რაციონიდან ამოღება აუცილებლობას არ წარმოადგენს. ვეგეტარიანელი ადამიანისთვის კი სრულიად წარმატებით შესაძლებელია ამ პროდუქტების ჩანაცვლება მცენარეული ალტერნატივით (ოსპი, ლობიო, ქეშიუ, ნუში და ა.შ.).
იმედია, პროფესიონალის რჩევები დაგეხმარებათ, სწორად აკონტროლოთ წონა. ჩვენ კი მოგიწოდებთ – უარი თქვით რადიკალურ ზომებზე და მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.