ცხელი გლინტვეინი და საფირმო ყავა… დიახ, შეუძლებელია ერთხელ მაინც ესტუმროთ და დაგავიწყდეთ გარემო, რომელიც მასთან დაგხვდათ. კოსმეტოლოგ თიკო შარაშენიძის პროფესიული საქმიანობა უკვე 25 წელს ითვლის და უამრავ ქალბატონს აერთიანებს − რომლებმაც მასთან სახის კანის პრობლემები დაძლიეს, გაიკეთეს მასაჟი, ლიფტინგი, პილინგი... ან უბრალოდ, მოიხიბლნენ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გარემოთი და განწყობით, რომელიც თიკოსთან მისულ ყველა პაციენტს ხვდება.
უპირველესად, გვიამბეთ, რომელ პროცედურებს სთავაზობთ პაციენტებს?
„კოსმეტიკა“ ბერძნული სიტყვაა და „გალამაზებას“ ნიშნავს, მეცნიერებას გალამაზების შესახებ კი „კოსმეტოლოგია“ ეწოდება. მე, როგორც კოსმეტოლოგი, ჩემთან მოსულ პაციენტებს ვთავაზობ ისეთ პროცედურებს, რომლებიც მათ იერსახეს გაალამაზებს და კიდევ უფრო მომხიბვლელს გახდის. ესენია: სახის ზედაპირული და ღრმა წმენდა, პილინგი, მასაჟი, კრიო (აზოტი) და კარბოქსოთერაპია, ღრმად დატენიანება, ლიფტინგი ფრანგულ ბრენდ Guinot-ს აპარატით და სხვადასხვა, დღეს ფართოდ გავრცელებული მანიპულაცია.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალზე ეფექტურია ზოგიერთი ძველი, კარგად ნაცადი პროცედურა, რომელიც დროსთან ერთად არ ძველდება. მე 25-წლიანი გამოცდილება მაქვს და, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვეცნობი ჩემს პროფესიაში მიმდინარე ცვლილებებს, მუდმივად ვიმაღლებ კვალიფიკაციას საქართველოსა თუ ევროპაში და ვითვისებ ყველა ახალ მანიპულაციას. ხშირად ძველი პაციენტები თავად მთხოვენ ძველ, კონსერვატიულ მეთოდებს, რომლებიც თანამედროვე საშუალებებთან ერთად, არ კარგავს აქტუალობას.
კანის რომელი პრობლემებია ყველაზე მეტად გავრცელებული და ყველაზე ხშირად რა სახის პროცედურები ხდება საჭირო?
პრობლემები სხვადასხვაა. უპირველესად, გამოვყოფდი აკნეს, ცხიმიან და მშრალ სებორეას, ასევე, ქალბატონები მტკივნეულად განიცდიან გრავიტაციული ფტოზით გამოწვეულ ნაადრევი დაბერების ნიშნებს.
როგორია თქვენი მიდგომა პაციენტებთან?
უპირველესად, მნიშვნელოვანია, პაციენტს ნდობა გავუღვივო, როგორც ჩემ მიმართ, ასევე კოსმეტოლოგიის მიმართ. მკურნალობა ხშირად ხანგრძლივი პროცესია და ამის გარეშე შედეგი ძნელად მისაღწევია. მეხმარება ის, რომ ჩემთან ძირითადად მადლიერი პაციენტების რჩევით მოდიან და ამიტომ ჩემსა და მათ შორის ნდობის პირველი ხიდი უკვე გადებულია. მკურნალობასთან ერთად, პაციენტს უნდა ჩამოვუყალიბოთ კანის მოვლის კულტურა, რაც ასევე დროსა და მოთმინებას მოითხოვს და აქაც მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა და პროფესიული ურთიერთობა.
განსაკუთრებით გამოვყოფდი მოზარდებს. ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, მათ ისედაც დაბალი თვითშეფასება აქვთ და აკნე კიდევ უფრო ამძიმებს ამ მდგომარეობას. მნიშვნელოვანია მოზარდების ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და მკურნალობის პროცესში მათი როლისა და ფუნქციის ნათლად ჩვენება. როცა გრძნობენ, რომ თავიანთ ძალისხმევაზე ბევრია დამოკიდებული, უკეთ ინდომებენ, შედეგიც უფრო მალე ჩანს, ეს შემდეგ აისახება მათ განწყობაზე, კარგი განწყობა კი მკურნალობის კურსისთვისაც ბიძგისმიმცემია.
ვიზიტებს შორის ხშირად საჭირო ხდება დამატებითი კონტაქტი. ვცდილობ, მუდამ ვაკონტროლო, რამდენად სწორად მოიხმარენ ამა თუ იმ ანტიბაქტერიულ და კანის მოვლის სხვადასხვა თანამედროვე საშუალებას. საბედნიეროდ, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში კონტროლი და მხარდაჭერა ვიზიტებს შორის ვირტუალურადაც შესაძლებელია.
როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია სწორად და ინდივიდუალურად შერჩეული სახის მოვლის საშუალებები?
მინდა აღვნიშნო, რომ კოსმეტოლოგია საკმაოდ რთული დარგია და მას სწორედ პაციენტთა ინდივიდუალური საჭიროებები აქცევს რთულად. სახის კანის ტიპი მრავალგვარია. ხანდახან ადამიანი თვითონ იპოვის ხოლმე სახის მოვლისთვის საჭირო მისთვის შესაფერის საშუალებას, ზოგჯერ პროფესიონალის ჩარევაა საჭირო, რადგან ძნელია იმ საშუალებების განსაზღვრა, რომლებიც სწორედ მას სჭირდება. მინახავს საკმაოდ ცნობილი ულამაზესი ქართველი ქალი, რომელიც, მისივე თქმით, სახეს მხოლოდ ე.წ. სარეცხის საპნით იბანს და მყოლია არაერთი პაციენტი, რომელთაც ამავე საპნის მოხმარების გამო სხვადასხვა სერიოზული პრობლემა გაუჩნდათ. როგორც ჩანს, ამ ქალს განსაკუთრებულად ცხიმიანი კანი აქვს და ამ ტიპის საპონი მისთვის ნორმალურია, მაგრამ ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა და არავის ვურჩევ იგივე გაიმეოროს. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები საკმაოდ დიდ თანხას იხდიან მეგობრის მიერ ნარჩევ სახის მოვლის საშუალებებში და შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ის საშუალებები მათთვის სრულიად გამოუსადეგარია.
ახლა ზაფხულია. რას ურჩევდით ქალებს ზღვის სეზონისთვის?
ზღვის სეზონისთვის კანთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ხშირია პრობლემები რუჯის გადასვლიდან ერთ-ორ კვირაში. თითქოს გვეჩვენება, რომ მზემ ჩვენი აკნე დაამარცხა, სინამდვილეში მზე და რუჯი აუწყლოვანებს კანს და დროებით ამცირებს ცხიმის გამოყოფას, ცხიმი კანქვეშ გროვდება და ბაქტერიული პროცესი იწყება, რაც მოგვიანებით გამონაყარში გამოიხატება. ეს ერთნაირად აწუხებს ორივე სქესს. ამას რომ თავი ავარიდოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ რუჯის მიღებამდე, კანი უნდა იყოს ანტიბაქტერიულად დამუშავებული, ანუ პროფესიულად გაწმენდილი. ასეთ შემთხვევაში, მზე თავის სასარგებლო ფუნქციას შეასრულებს, რაც ბუნებრივი პილინგია.
როგორია თქვენი ურთიერთობა პაციენტებთან?
პაციენტებთან ურთიერთობისას, უპირველესად, პროფესიული ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე ვხელმძღვანელობ. სრულიად შესაძლებელია, მას კოსმეტოლოგთან მხოლოდ პროფესიული რჩევების მიღება და მკურნალობა სურდეს. თუმცა, საქართველო პატარა და თბილი ქვეყანაა, და რადგან ჩემი დარგი ხანგრძლივ მუშაობას ითვალისწინებს, როგორც წესი, მეგობრული ურთიერთობები გვიყალიბდება.
ბევრი მათგანი წლების შემდეგ შვილებთან ერთად მაკითხავს. რადგან სილამაზე ქალებისთვის მტკივნეული თემაა, ვცდილობ, ჩემს კაბინეტში არაფორმალური, სასიამოვნო გარემო შევქმნა. ამისთვის ხშირად ერთი მცირე დეტალია საკმარისი − ცხელი გლინტვეინი და ჩემი საფირმო ყავა. თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ პაციენტებს კეთილგანწყობასთან ერთად, ასეთი დეტალებიც ეხმარება, ჩემთან გატარებული დრო სასიამოვნოდ დაამახსოვრდეთ.
როგორ ფიქრობთ, რა არის პაციენტებში ნდობის მოპოვების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი?
ნდობის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი, ცხადია, პროფესიონალიზმია. ჩემთვის საქმე და მიღწეული შედეგი იმდენად მნიშვნელოვანია, ხანდახან პაციენტებზე მეტად მიხარია. თბილისი პატარა ქალაქია და ნდობას, ცხადია, ავტორიტეტიც განსაზღვრავს. ასევე მნიშვნელოვანია პაციენტებთან კომუნიკაციის უნარი. მე, როგორც წარმოშობით გურულს, ხასიათი მიწყობს ხელს, მუდამ მზად ვიყო ახალი და საინტერესო ურთიერთობისთვის. ჩემი განწყობა პაციენტებსაც გადაედებათ ხოლმე და წლებთან ერთად ისე ვახლოვდებით, ჩემთან ვიზიტებს მათთვის უკვე სხვა დანიშნულებაც ემატება. გარდა ამისა, ქალებს ხშირად გვაქვს საერთო ინტერესები, ვცდილობთ ერთმანეთს წინსვლაში მხარი დავუჭიროთ, გადაღლისას გავამხნევოთ, უბრალოდ გავუზიაროთ ახალი სიმღერა, საინტერესო წიგნი, კარგი გამოფენის შთაბეჭდილებები. ასეთი ადამიანური ურთიერთობები ორივე მხარეს ჰაერივით გვჭირდება. მიხარია, რომ ისეთი საქმე მაქვს, რომელიც საინტერესო ხალხთან მაახლოებს, ისინიც გრძნობენ ამ სიხარულს და ჩვენი საერთო ბრძოლა სილამაზისთვის, დაძაბულობის მაგივრად სასიამოვნო ფუსფუსად იქცევა ხოლმე.
რას ურჩევდით ქალებს, რომ ლამაზად გამოიყურებოდნენ...
ქალებს, უპირველეს ყოვლისა, ვურჩევ, იბრძოლონ ბედნიერებისათვის. ბედნიერი ქალი მეტად ლამაზია. დღეს, 21-საუკუნეში, ქალის ბედნიერება მის პიროვნულ და პროფესიულ წინსვლაშია, ამას კი მხარდაჭერა სჭირდება. რომ არა ჩემი მეუღლისა და შვილების გვერდით დგომა, ვფიქრობ, პროფესიულ წინსვლას ვერ შევძლებდი. ამიტომ ქალებს ვურჩევ, თავიანთ ირგვლივ ისეთი გარემო შეიქმნან, რომელიც მათ განვითარებას და ბედნიერებას ხელს შეუწყობს. სილამაზის სტანდარტი ძალიან პირობითია, მთავარია, ადამიანი ვითარდებოდეს, თავს უვლიდეს, წინსვლას ხედავდეს და ამით იღებდეს ბედნიერებას. ასეთი ადამიანები ირგვლივაც სინათლესა და დადებით მუხტს ასხივებენ. ასევე მინდა მივმართო ქალბატონებს, რომლებიც წლების მატებას მტკივნეულად განიცდიან: გამოიყურებოდე კარგად, არ ნიშნავს აუცილებლად ახალგაზრდულად გამოიყურებოდე. ნებისმიერ ასაკს შვენის ლამაზად, ღირსეულად ტარება, ამისთვის საჭიროა, არ გადავდოთ თავის მოვლა და გვახსოვდეს, რომ დროის სწორი განაწილების შემთხვევაში, ყოველთვის შევძლებთ, სათანადო ყურადღება დავუთმოთ საკუთარ გარეგნობას და გავხადოთ ის, უპირველესად, ჩვენთვის სასიამოვნო და მისაღები.