ესთეტიკური მედიცინა ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა და გამაახალგაზრდავებელ და გამალამაზებელ პროცედურებს სხვადასხვა კულტურის, ეროვნების წარმომადგენლები უძველესი დროიდან მიმართავდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი მხოლოდ მდიდარი სოციალური ფენის ან მანდილოსანთა პრივილეგიას არ წარმოადგენდა. სწორედ ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ ექიმ-კოსმეტოლოგ ვერა თოფურიას ვეწვიეთ.
ვერა, როგორ გესახებათ ესთეტიკური კოსმეტოლოგიის განვითარება ბოლო წლების განმავლობაში?
ესთეტიკური კოსმეტოლოგიის განვითარება განსაკუთრებით თვალშისაცემია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ფარმაცევტულ წარმოებებსა და აპარატურულ მედიცინაში შექმნილი ინოვაციების გამო. დაიხვეწა მეთოდები, ზოგადი მიდგომა... პლასტიკური ქირურგიის მნიშვნელოვანი წარმატებები ხშირად, სწორედ ესთეტიკურ მედიცინასთან ტანდემში მიიღწევა. აუცილებელია, რომ აღნიშნულ სფეროში მომსახურე სპეციალისტები და დაინტერესებული პირები დროულად ეცნობოდნენ სილამაზის ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებსა და ტრენდებს, რათა არ გამორჩეთ მნიშვნელოვანი სიახლეები.
მიუხედავად იმისა, რომ პლასტიკური ქირურგია სასურველი ეფექტის მისაღწევად ხშირად უფრო თვალშისაცემ და სწრაფ შედეგებს აღწევს, კოსმეტოლოგია მის პარალელურად ჰარმონიულად ვითარდება და სულ უფრო აქტუალური ხდება. ასევეა მედიცინის სხვა დარგებთან მიმართებითაც: დერმატოლოგი აკნეს მკურნალობის შემდეგ, პოსტაკნეს ნაწიბურების მოსაცილებლად პაციენტს ესთეტიკური მედიცინის სალონში ამისამართებს და წარმატებულ შედეგსაც აღწევს.
როგორი მდგომარეობაა ამ მიმართულებით საქართველოში?
ესთეტიკური კოსმეტოლოგია ძალიან მოთხოვნადია საქართველოშიც, თუნდაც ქირურგიულ ჩარევასთან მიმართებით მისი ფინანსური ხელმისაწვდომობისა და მომენტალური ეფექტის გამო. სახის ოვალის შეცვლა, ტუჩის გადიდება, ცხვირის ფორმის კორექტირება ინიექციური მეთოდებით არანაკლებ ეფექტურია. სერიოზული ჩარევის არარსებობის გამო, ხანმოკლეა რეაბილიტაციის პროცესიც, ამიტომ, აღნიშნული სფერო ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს მომხმარებლებს შორის.
ბოლო წლების საინტერესო ტენდენციის მიხედვით, პაციენტები უდიდეს ყურადღებას აქცევენ კოსმეტიკური პროდუქციის ხარისხსა და შემადგენლობას. შესყიდვამდე ვირტუალურად ეცნობიან ყველაფერს და ცდილობენ, არჩევანი საუკეთესო, ხელმისაწვდომ და ეფექტურ საშუალებებზე გააკეთონ. თანამედროვე დეკორატიული და სამკურნალო კოსმეტიკა სინთეზურად მიღებულ აქტიურ ნივთიერებებზე მზადდება, რომლებიც ადამიანის ორგანიზმზე გამოხატულ გამაახალგაზრდავებელ ეფექტებს ახდენს: აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და სახის კონტურს... აღსანიშნავია ისიც, რომ ინგრედიენტები, რომლებიც კოსმეტიკური პროდუქციის შემადგენლობაშია, უფრო ეფექტურად და სწრაფად მოქმედებს, თუ მათი გამოყენება ექიმ-კოსმეტოლოგის მიერ სპეციალური ინიექციების სახით ხდება.
გვესაუბრეთ კოსმეტიკური პროცედურების შესახებ. რა იწვევს ნაოჭების ნაადრევ გაჩენას?
კოსმეტიკური პროცედურების არჩევანი ძალიან ფართოა. მნიშვნელოვანია, ლამაზ სიბერეზე ზრუნვა ადრეული ასაკიდან დავიწყოთ. ასაკობრივი ცვლილებების დაწყების შესახებ სახის კანი ნაოჭების გაჩენით გვამცნობს: რბილი ქსოვილების მოშვება (მოდუნება) თავისთავად ხდება კანის ზოგადი ჰიპოტროფიის, ანუ „ჩამოკიდების“ მიზეზი. ასეთი ცვლილებების მქონე სახის მამოძრავებელი კუნთების მუშაობას, საბოლოო ჯამში, მივყავართ კანქვეშა ცხიმოვანი შრის არათანაბარ გადანაწილებამდე. თავად ქსოვილის ზოგიერთი ზონა შესაძლოა გამოიფიტოს ცხიმოვანი ფენის არარსებობის გამო. ასევე შესაძლებელია, განვითარდეს სახის ოვალის ასიმეტრიულობა.
ნაოჭების ნაადრევ გაჩენაზე არაერთი ფაქტორი მოქმედებს: არაჯანსაღი ცხოვრების, კვების რეჟიმი, მავნე ჩვევები, გენეტიკა... საწყის ეტაპზე მიმიკური ნაოჭები ღრმავდება, შემდეგ კანქვეშა ცხიმოვანი შრე ატროფირდება, რაც ვიზუალურად ცხვირისა და ტუჩის ირგვლივ ნაოჭებით ვლინდება. შემდგომში ჩნდება დაბერების უფრო აშკარა სიმპტომი − სახის ქვედა მესამედის, თუმცა დროული და ადეკვატური ჩარევა აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ახანგრძლივებს მის ახალგაზრდობას...
გვესაუბრეთ სიბერესთან ბრძოლის მეთოდებზე.
ბიორევოლუმეტრია სიბერესთან ბრძოლისა და მკურნალობის ახალი მეთოდია, რომლის მეშვეობითაც ვიღებთ ბალანსირებულ და ჰარმონიულ სახეს, იქმნება შესაძლებლობა დავუპირისპირდეთ არასასურველ ცვლილებებს და მოვახდინოთ მათი განვითარების პრევენცია. შედეგად, მიიღება ახალგაზრდა, ჯანმრთელი შესახედაობის ელასტიკური კანი.
ესთეტიკური ინდუსტრიის ახალი ტენდენციაა სახის კონტურული პლასტიკა, რაც გულისხმობს ტუჩის, ცხვირის, ყვრიმალების, ნიკაპის ფორმების არაოპერაციულ კორეგირებას. შესაძლებელია კანის პოსტოპერაციული ან პოსტტრავმული დეფექტების გასწორება, ტუჩის ზომისა და ფორმის ცვლილება. პოპულარულია ცხვირის კეხის, უნაგირა ფორმის ამოვსება, წვეტის აწევა და ა.შ. სასურველი შედეგი მიიღწევა ჰიალურონის მჟავის ინიექციების გზით, რომელსაც ქსოვილებში წყლის შეკავების უნარი აქვს. შედეგი ჩანს პროცედურის დასრულებისთანავე, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში უმჯობესდება.
პლაზმოლიფტინგი კანის გაახალგაზრდავების უნიკალური მეთოდია, რომელიც ემყარება პაციენტის პლაზმის გამოყენებას, რის შედეგადაც შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები (ფიბრობლასტები) იწყებენ კოლაგენის, ელასტინისა და ჰიალურონის მჟავის სინთეზს. ეფექტი ხანგრძლივმოქმედია და განისაზღვრება დაახლოებით 2 წლით. პრაქტიკულად არ ახასიათებს ალერგიული რეაქციები, მინიმალურია ინფექციური გართულებების რისკი, არ ხდება კუნთების ბლოკირება მოქმედების არეში.
მეზოთერაპიის მეშვეობით, ესთეტიკურ მედიცინაში ებრძვიან ნაადრევი დაბერების ნიშნებს: ნაოჭებს, კანის პიგმენტაციას, მოდუნებულ კანს, ასევე ხდება პროპორციების კორექცია სხეულზე, მკურნალობენ აკნეს, ცელულიტს, თმის ცვენას და ა.შ. მეზო-პრეპარატები წარმოადგენენ მინერალური ნივთიერებების, ვიტამინების, ამინომჟავების და სხვა ნივთიერებების ერთგვარ ნარევს-კოქტეილს, რომელიც შერჩეულია პროცედურის ჩვენებების შესაბამისად. სრული კურსის ჩატარების შემდეგ, დაახლოებით 2 კვირაში, გამოვლენას იწყებს პროცედურისათვის დამახასიათებელი ცვლილებები: უმჯობესდება კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისის ზოგადი მდგომარეობა, იზრდება კანის ტურგორი და სიმკვრივე, ნორმალიზდება სისხლის მიმოქცევა, აქტიურდება მეტაბოლიზმისა და რეგენერაციის პროცესები, ქრება ნაოჭები, ცელულიტის უბნებში ლოკალური ცხიმი იშლება. თმის მეზოთერაპიულ პროცედურას უნივერსალური მოქმედება აქვს და მისი გამოყენების შედეგად ქრება თმის ცვენა, უმჯობესდება ღერის სტრუქტურა, ძირები მაგრდება...
ტერმინი „ბიორევიტალიზაცია“ პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს „გაცოცხლებას“, რომლის საშუალებით ხდება ჰიალურონის მჟავის ინიექციური მეთოდით კანქვეშ შეყვანა. პროცედურის ხანგრძლივობა და თანმიმდევრობა დგინდება ინდივიდუალურად, ჩვენების მიხედვით. ამ დროს ნელდება დაბერების პროცესი, რესტრუქტურიზდება და ტენიანდება კანი, რადგანაც ჰიალურონის მჟავა კარგად იკავებს სითხეს, აღდგება ელასტიკურობა, ფერი, მცირდება თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედება. სტიმულირდება ორგანიზმში კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი, კარგი შედეგი მიიღწევა თვალის გარშემო და პირის კუთხეებთან არსებული წვრილი ნაოჭების გაქრობაში. პროცედურების გაკეთება დასაშვებია ნებისმიერი ასაკის ზრდასრულ პაციენტთან, მიზანშეწონილია წელიწადში ორჯერ გამეორება. ეფექტი დგება მომენტალურად.
ფილერი (filler – „შემავსებელი“) გულისხმობს სპეციალური შემავსებელი ნივთიერების შეყვანას კანქვეშ: მსხვილი, საშუალო, წვრილი ნაოჭების შესავსებად და ვიზუალურად გასაქრობად. სახეზე მისი გამოყენების ლოკალიზაციებია: სხვადასხვა ნაკეცი (ნიკაპი, nasolabial, ანუ ცხვირ-ტუჩის და ა.შ.); ტუჩების, ყვრიმალის, ნიკაპის შემავსებელ-მოცულობითი ეფექტის მისაღებად; Nasolacrimal − ცხვირ-საცრემლე ნაკეცები; სახის ოვალის კორექციისათვის; ტუჩის კუთხის, თვალის კუთხის და წარბის ასაწევად; ქვედა ქუთუთოს კორექციისთვის... პროცედურის ხანგრძლივობა რამდენიმე წუთია. მუშაობის დაწყებამდე, პაციენტისთვის დისკომფორტისა და ტკივილის ასაცილებლად, სპეციალისტი კანზე საანესთეზიო საშუალების აპლიკაციას აკეთებს.
ბოტულინოთერაპია ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროცედურად რჩება ესთეტიკურ მედიცინაშიც. მიუხედავად იმისა, რომ იგი აღარ არის ინოვაცია, ბოტოქსის ინიექციები – სახის მოვლის პროგრამის აუცილებელი ელემენტებია. აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა, მოხდეს სახის ნაოჭების კორექტირება და პრევენცია. ამ მიზნით, გამოიყენება სპეციალური პრეპარატები ინიექციის სახით: Botox, Xeomin, Dysport, რომლებიც ინიშნება ინტრამუსკულურად ან კანქვეშ. ექიმი ძალიან თხელწვერიანი ნემსით მუშაობს, რის გამოც პროცედურის შემდგომი გართულებების რისკი თითქმის ნულის ტოლია. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ბოტულინის თერაპია არ აძლევს სახეს ერთგვარი „ნიღბის“ გამომეტყველებას. მისი ჩვენებებია: თვალების ირგვლივ ე.წ. Crow’s feet /ყვავის თათები/; ქართულში დამკვიდრებულია ტერმინი „ბატის თათები“ და ცხვირის ხიდი; პირის ქვედა კუთხეები; ჰიპერჰიდროზი (მომატებული ოფლიანობა).
Botox არის ბოტულოტოქსინის ინიექციის ტიპი, რომელიც გამოიყენება მედიცინაში, გარკვეულ პირობებში, კუნთების სპაზმის სამკურნალოდ. მისი მოქმედების შედეგად, კუნთები დუნდება და აღარ ახდენს ზემოქმედებას ნერვულ დაბოლოებებზე, რაც შაკიკის პროვოცირებას აფერხებს. ჭარბი ოფლიანობის ადგილებში, ბოტოქსის კანქვეშა ინიექციები უსაფრთხო, უმტკივნეულო და ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს. პრეპარატის მიკროდოზები ლოკალურად იწვევს საოფლე ჯირკვლების ფუნქციების დროებით დათრგუნვას. სასურველის ეფექტი ნარჩუნდება 4-8 თვის განმავლობაში. ორგანიზმში ოფლის სეკრეცია ჩვეულებრივ გრძელდება, სამაგიეროდ აღარ არსებობს პრობლემური უბნები.
მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს ისეთი გავრცელებული სამედიცინო-ესთეტიკური პრობლემის მოგვარებაში, როგორიცაა არასასურველი თმის მოცილება. უახლესი თაობის დიოდური ლაზერი, რომელსაც მსოფლიო ესთეტიკურ ბაზარზე ალტერნატივა არ აქვს, ყველაზე მძლავრი, სწრაფი და ეფექტურია. ორიგინალური გერმანული ხარისხის მონოლითური თავაკები, ტალღების სიგრძის ერთობლიობა და დინამიკური რეჟიმი, 360° კანის გაგრილების სისტემით, პროცედურას უმტკივნეულოს გახდის. გერმანული ხარისხი გარანტირებულია წარმატებული შედეგებით!
დაბოლოს...
დიდი ხანია სილამაზის ინდუსტრიაში გაახალგაზრდავების ეფექტურ მეთოდად აღარ განიხილება მხოლოდ რადიკალური სამედიცინო ჩარევა. სპეციალური პრეპარატები და აპარატები საშუალებას იძლევა, რომ კანის დეფექტების გასწორება, ელასტიკურობის აღდგენა, ნაკლები ფინანსური დანახარჯით მოხდეს. ინიექციური კოსმეტოლოგიის მეთოდები სწრაფი და მდგრადი შედეგების წინაპირობაა, აქვს უკუჩვენებების მინიმალური ნაკრები და იშვიათად იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. ფრაზა „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“ − თანამედროვე ესთეტიკურ მედიცინაში რამდენადმე ტრანსფორმირდა: ჩვენი მომხმარებლებისათვის ცნობილი წესია, რომ სილამაზე მოვლას მოითხოვს და პროფესიონალის დროული, ადეკვატური დახმარება ამის საუკეთესო დასტურია.