ჩვენი რუბრიკის გმირი სტომატოლოგიით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა და სკოლის დასრულებისთანავე მისაღები გამოცდები უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც საფუძვლიანად დაეუფლა და შეისწავლა ეს პროფესია. მას შემდეგ არაერთი წელი გავიდა და როგორც თავად ამბობს, მასთან დღემდე მისულმა თითოეულმა პაციენტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისი, როგორც სტომატოლოგის, ჩამოყალიბებაში. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, OK!-ის ივლისის ნომრის სტუმარი, გვანცა ანიაშვილი თავად გვიამბობს მისი მუშაობის ტექნიკის, კონცეფციის, სამომავლო გეგმებისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ.
გვანცა, პირველად როდის გაგიჩნდათ სტომატოლოგიის მიმართ ინტერესი?
2009 წელს დავამთავრე სკოლა და ამ დროს უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სტომატოლოგობა მინდოდა. ამ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი წვლილი შეიტანა დედამაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.
ამავე წელს ჩავაბარე გამოცდები და დავიწყე ამ პროფესიის საფუძვლიანად შესწავლა. პირველ კურსზე ზოგადად სამედიცინო სფეროს ვსწავლობდი, ხოლო მეორე კურსიდან ავირჩიე კონკრეტული მიმართულება და დღემდე განვაგრძობ ამ პროფესიით მუშაობას.
ვფიქრობ, ვიპოვე საკუთარი თავი იქ, სადაც ნამდვილად ჩემი ადგილია, რადგან მიმაჩნია, რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა იფიქროს, ეძებოს და შემდეგ მიაგნოს იმ პროფესიას, რომელიც მას ცხოვრების ბოლომდე ბედნიერებას და სიამოვნებას მიანიჭებს.
დღესდღეობით სად მუშაობთ?
ვმუშაობ ქართულ დენტალურ ცენტრში, რომელიც მდებარეობს თბილისში და ასევე „MS დენტში“, რომელიც მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე გორში. ამ ეტაპზე ჩემი ძირითადი საქმიანობა მოიცავს ქირურგიას და ორთოპედიას. ჩვენი კლინიკა მუშაობს ნებისმიერ ხარისხზე და ვაკეთებთ ყველაფერს, რასაც სტომატოლოგია მოიცავს.
გაიხსენეთ თქვენი პირველი უშუალო შეხება სტომატოლოგიასთან. რამ იქონია გარდამტეხი როლი პროფესიულ გზაზე შედგომისას?
პირველი უშუალო შეხება დაიწყო მესამე კურსიდან ქართულ დენტალურ ცენტრში, ბატონების − შალვა და დავით ფარულავების კლინიკაში, სადაც ასევე გავიარე რეზიდენტურა. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მე გადავწყვიტე და ავირჩიე ორთოპედიული სტომატოლოგია. ამის შემდეგ გადავწყვიტე შემესწავლა და დავუფლებოდი ქირურგიასაც. აქედან გამომდინარე, ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. იმ დროიდან მოყოლებული, დღემდე არაერთი პაციენტი მყავს მიღებული და თითოეულმა მათგანმა მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაში.
ჩემი პროფესია და ზოგადად, მედიცინა ისეთი სფეროა, რომელიც მუდმივ სწავლას და განვითარებას მოითხოვს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, არ გავჩერდე და ფეხი ავუწყო ყველანაირ სიახლეს.
როგორია თქვენი ცხოვრება კარიერის მიღმა?
მყავს მეუღლე და ორი შვილი. მიუხედავად ჩემი გადატვირთული გრაფიკისა, ვცდილობ რაც შეიძლება მეტი თავისუფალი დრო გავატარო მათთან ერთად. გავდივართ ქალაქგარეთ, ვუზიარებთ ერთმანეთს დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს. როგორც უკვე აღვნიშნე, მიმაჩნია, რომ ოჯახზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მე მიყვარს ჩემი დიდი ოჯახი, რომელიც ყველა მხრივ, ყველა დროს გვერდით მიდგას და რთული სამუშაო დღის ბოლოს მილამაზებს.
სამომავლო გეგმები...
რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი დავაფუძნო ჩემი კლინიკა, თუმცა ამ ეტაპზე ეს ყველაფერი არის მხოლოდ მიზანი, რომლის განხორციელებაშიც აუცილებლად დამეხმარება საკუთარი გამოცდილება და მიზანდასახულობა.