ლიკა კაცელაშვილი ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ონკოლოგია, რომლისთვისაც წლების წინ პროფესიაში კონკრეტული მიმართულების არჩევა საკუთარ თავს გადახდენილმა ისტორიამ განაპირობა. ახლა ის სხვების ისტორიას წერს, სადაც ბედნიერი დასასრული ახალი ცხოვრების დასაწყისია. უამრავი პაციენტის წარმატებული ისტორია მისთვის ის ძალა აღმოჩნდა, რომელიც ემოციებით სავსე საქმიანობაში სიმსუბუქეს სძენს და ყოველდღიურობაში თანაბარი შემართებით ამზადებს საკუთარ თავსა და პაციენტებს იმ ბრძოლაში ჩასაბმელად, რომელსაც ყოველთვის აქვს აზრი!
რატომ შეაჩერეთ არჩევანი სამედიცინო სფეროსთვის პროფესიის დაკავშირებაზე და რამ გიბიძგათ კონკრეტულად ზოგადი ონკოლოგიის მიმართულებით გეპოვათ საკუთარი თავი?
ექიმობა იყო პროფესია, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში გადავწყვიტე, რადგან სხვა პროფესიაზე, უბრალოდ არასოდეს მიფიქრია. ბებია ექიმია, ამიტომ ოჯახში ყველამ იცოდა, თუ რა რთული გზის გავლა მომიწევდა, თუმცა არასოდეს მინანია ჩემი არჩევანი.
მედიცინაში ონკოლოგია მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მეტად განვითარებადი დარგია. ვფიქრობ, ჩვენ, ონკოლოგები, ვმონაწილეობთ კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის დინამიკურ პროცესში, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდება და ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები წინ.
სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას, ბევრს ვფიქრობდი, რომელ გზას ავირჩევდი, საბოლოოდ კი ერთმა დღემ ჩემი მომავალი პროფესია განსაზღვრა.
პრაქტიკული სამუშაოების ფარგლებში, სტუდენტები ერთმანეთს ჯანმრთელობის გამოკვლევებს ვუტარებდით, როცა აღმოჩნდა, რომ მალაში დაზიანება მქონდა, რომელიც შესაძლებელი იყო, ბოლო სტადიის ონკოლოგიური შემთხვევა და მეტასტაზი ყოფილიყო.
რთული აღსაწერია, რამდენად მძიმე იყო ის 24 საათი, როცა საბოლოო პასუხს ველოდი (რომელიც სასიხარულო აღმოჩნდა). ახლაც ხშირად მახსენდება, თუ რას ვფიქრობდი და როგორ ვიკრებდი ძალებს სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაშინ მჭიდროდ დავუკავშირდი ონკოლოგიის სფეროს და ზუსტად გავიგე, რა შეგრძნებებთან უწევთ გამკლავება პაციენტებს. სწორედ ამ დღემ განაპირობა ის, რომ ახლა მე ონკოლოგი ვარ.
ემოციურად რთული საქმიანობის კომპენსირებას კი მადლიერი პაციენტები ახერხებენ. თითოეული წარმატებული ისტორია (და ასეთი უამრავია), ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, გაძლიერებს და არ გაძლევს დანებების უფლებას.
როგორია თქვენი ყოველდღიურობა საქმიანობაში?
დღე თითქოს არ იწყება და არ სრულდება. არასდროს ჩერდება მუდმივი ფიქრის პროცესი. ყოველდღიურად ვხვდებით პაციენტებს, რომელთაც ყველაზე მეტად უყვართ სიცოცხლე, რომლებიც არიან ყველაზე დიდი მებრძოლები და ყველაზე ძლიერები. ისინი მე მაძლიერებენ და მე მათ. ჩვენთან უამრავი წარმატებული ისტორია იწერება. მთავარია, არასოდეს დავივიწყოთ, რომ ბრძოლა ყოველთვის ღირს.
როგორია დროული მომართვიანობის უპირობო უპირატესობა? არის თუ არა ონკოლოგიური დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელი?
მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ კიბოს განვითარების რისკი შეგვიძლია გავანახევროთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით, სწორი კვებით და ფიზიკური აქტივობით. ადრეულ სტადიაზე დაავადების აღმოჩენისას კი შემთხვევათა თითქმის 90% სრული გამოჯანმრთელებით სრულდება. ცნობილია ისიც, რომ სიმსივნის ჩამოყალიბებისთვის ხშირ შემთხვევაში ათეული წლებია საჭირო. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ექიმთან დროული მიმართვა და სკრინინგული გამოკვლევების დროული ჩატარება მნიშვნელოვნად შეამცირებს ავადობას და გაზრდის დაავადებული პაციენტების გამოჯანმრთელების რიცხვს.
როგორია მკურნალობის მეთოდები? რა სიახლეებია ამ მიმართულებით?
აღსანიშნავია, რომ ჩვენს კლინიკაში ყველა აღიარებული მეთოდი დანერგილია და ამ მხრივ პაციენტს არანაირი დანაკლისი არ აქვს.
ქირურგიული, რადიოთერაპიული და მედიკამენტური მკურნალობა კვლავ ოქროს სტანდარტია კიბოს მკურნალობისთვის და სწორედ ამ მიდგომებმა განაპირობა პაციენტთა გადარჩენადობისა და გამოჯანმრთელების 8-ჯერ გაზრდა ბოლო 30 წლის განმავლობაში.
კიბოს განკურნება, რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ჩვენი ცოდნა კიბოს შესახებ.
ამჟამად ქიმიოთერაპიის შესახებ ფაქტობრივად ყველაფერი ცნობილია და ახლა უკვე მეცნიერები მუშაობენ ისეთ ახალ ტექნოლოგიებზე, როგორიცაა პერსონალური ვაქცინები, უჯრედული თერაპია, გენის რედაქტირება და მიკრობიომური მკურნალობა. ეს არის ოთხი ტექნოლოგია, რომელიც შეცვლის კიბოს მკურნალობის გზას და უფრო მეტად დაგვაახლოებს იმ მომავალთან, როდესაც კიბო გახდება სრულიად განკურნებადი დაავადება.
ცნობილია, რომ კიბო გამოწვეულია გენეტიკური მუტაციებით, რომლებიც ჯანმრთელ უჯრედებს გარდაქმნიან სიმსივნურ უჯრედებად. ხშირად სწორედ ამ მუტაციების გამოვლენა ხდება ახალი მედიკამენტებისა და ტექნოლოგიების სათავე.
იმუნოთერაპიის მნიშვნელობის შესწავლა მიმდინარეობს გენური ინჟინერიის დახმარებით. ეს არის სიახლე, რომელსაც მსოფლიო იმედით შეჰყურებს და დიდი ალბათობით, შესაძლოა სწორედ იმუნოთერაპია იქცეს გარდაუვალი განკურნების გზად.
როგორია თოდუას კლინიკაში მომუშავე გუნდთან კოორდინირებული თანამშრომლობა?
ხშირად აღვნიშნავ, რომ პროფესიული საქმიანობა განსაკუთრებით საინტერესო პერიოდში მომიწია. ბოლო ორი ათწლეული ონკოლოგიაში მნიშვნელოვნად გამორჩეულია, რადგან ბევრი რამ შეიცვალა მკურნალობის მიდგომებსა და პროცესში. დღესდღეობით მიმდინარეობს მკურნალობის უახლესი მეთოდების დანერგვა და ამ პროცესში მონაწილება ძალიან საინტერესოა.
თანამედროვე ონკოლოგიაში მკურნალობის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მულტიდისციპლინური მიდგომით. ამასთანავე, კონსილიუმი წყვეტს, თუ რა შემთხვევები განვიხილოთ ტელეხიდის ფარგლებში და მივიღოთ პროფესიული რჩევები მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალებისგანაც. სწორედ ამ უპირატესობებით გამოირჩევა ჩვენი კლინიკა.
რა გზას მიმართავთ განტვირთვისთვის? გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებაც...
ჩემთვის განტვირთვა მოგზაურობასთან და ოჯახთან ერთად გატარებულ დროსთან ასოცირდება. მყავს მეუღლე და 6 წლის გოგონა. შინ ყოფნისას, შემიძლია მაქსიმალურად განვიტვირთო. ვინაიდან ხშირად ბევრი დრო არ მრჩება, ყველგან ბავშვთან ერთად ყოფნა მიყვარს. ყველაზე მეტად ვისვენებ, როდესაც ვკითხულობ. კითხვის დროს სრულიად ვწყდები რეალობას და თითქოს გადავდივარ სხვა სამყაროში. ყოველთვის ვუსმენ მუსიკას. მუსიკა მავსებს დადებითი ენერგიით.
გამიმართლა, რომ მეუღლე და ზოგადად, მთელი ჩემი ოჯახი საოცრად მიჭერენ მხარს და ბოლომდე ესმით ჩემი პროფესიის სპეციფიკა.