ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, საზოგადოებამ კიდევ უფრო ნათლად დაინახა, რომ ყველაზე ძვირფასი ჯანმრთელობაა და მის შესანარჩუნებლად ყველა გზას უნდა მივმართოთ, მით უფრო მაშინ, როცა ამის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. OK!-ის ივლისის ნომრის რესპონდენტი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმი ქეთი მანჯგალაძეა, რომელიც საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული დაავადებისა და ამ პრობლემის დროულად გადაჭრის გზებზე გვესაუბრა.
ქეთი, მოგვიყევით, სად მიიღეთ განათლება და როგორ გადაწყვიტეთ, გამხდარიყავით ექიმი?
ექიმობა ბავშვობიდან მქონდა გადაწყვეტილი, რადგან ეს პროფესია ჩემი ოჯახის კულტი იყო. უსაყვარლესი ბებია მყავდა მეან-გინეკოლოგი, ციალა ცოტაძე, რომელმაც გამზარდა და რომელსაც ძალიან ვგავარ როგორც ხასიათით, ასევე გარეგნობით. მთელ ზაფხულს მასთან ვატარებდი, ხშირად დავყვებოდი სამშობიაროში, მიყვარდა იქაური სურნელი. ვიძინებდი და ვიღვიძებდი მეანობა-გინეკოლოგიით გადაჭედილი წიგნების გარემოში, დიდი ინტერესით ვკითხულობდი და ვათვალიერებდი ატლასებს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან იშვიათი იყო სამედიცინო ლიტერატურა, მქონდა კოლპოსკოპიის რუსულენოვანი, ფერადი ატლასიც.
რა გზა გაიარეთ პროფესიის არჩევიდან დღევანდელ დღემდე?
საკმაოდ დიდი გზა გავიარე... ჩემი ცხოვრების ნახევარი სწავლა-განათლებას დავუთმე და ახლაც ასე ვაგრძელებ, მუდამ ახლის ძიებაში ვარ. მედიცინა ხომ ყოველდღიურად ახლდება და ვითარდება.
განათლება უმეტესწილად საქართველოში მივიღე. დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი, შემდეგ რეზიდენტურა გავიარე ჩაჩავას კლინიკაში, სადაც ინტენსიურად ვმუშაობდი სამშობიარო ბლოკში, მაგრამ მიხვდი, რომ ძალიან რთულია იყო ქალი მეანი და გყავდეს ოჯახი. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება და გადავინაცვლე ამბულატორიაში. გავიარე კოლპოსკოპიის დახელოვნების კურსი თოდუას კლინიკაში არაჩვეულებრივ ადამიანთან, კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტთან, ქალბატონ მადონა ჯუღელთან. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის ერთეული ექიმები ატარებდნენ ამ კვლევას და მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. მართალია, კურსი მხოლოდ ერთთვიანი იყო, მაგრამ თითქმის 2 წელი მოვანდომე, რათა ყველაფერი სრულყოფილად შემესწავლა. დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე ისეთ დიაგნოსტიკურ კვლევას, რომლის დროსაც საშვილოსნოს ყელის კიბო და კიბოსწინარე დაავადება არ უნდა გაგეპაროს. შემდეგ უკვე ვიღებდი მონაწილეობას საერთაშორისო კონგრესებზე, წელიწადში ერთხელ მაინც ვესწრებოდი პაპილომა ვირუსის თემაზე გამართულ კონგრესებს. სწორედ ერთ-ერთ ასეთ კონგრესზე, გავიცანი პროფესორი ჰარალდ ცურ ჰაუზენი, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო პაპილომა ვირუსის აღმოჩენაში. შემდეგ ვიმყოფებოდი ინგლისში დახელოვნების კურსზე, ევროპის ფედერაციის ხელმძღვანელთან, პროფესორ რედმანთან, სადაც კვალიფიკაცია ავიმაღლე საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების თანამედროვე მკურნალობაში. აგრეთვე გავწევრიანდი ევროპის კოლპოსკოპიის ფედერაციაში (EFC), ვარ საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიისა და კოლპოსკოპიის საზოგადოების წევრი და ამავე საზოგადოების მდივანი, რომელიც ქალბატონმა თამარ ალიბეგაშვილმა დააფუძნა, რომელმაც ასევე დიდი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ ზრდაში. მის მიერ ორგანიზებულ კოლპოსკოპიის კურსის ტრენინგის მეშვეობით მიღებულ გამოცდილებას და უახლოეს ინფორმაციას ქართველ ექიმებს ვუზიარებთ.
2017 წელს გავიარე IFCPC-IARC-ის (საშვილოსნოს ყელის პათოლოგიისა და კოლპოსკოპიის საერთაშორისო ფედერაცია – კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო) მიერ ორგანიზებული კოლპოსკოპიის კურსისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ონლაინტრენინგი და ჩავაბარე გამოცდა (OSCE), რომელიც ჩატარდა კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოში (IARC) (საფრანგეთში ქ. ლიონში), ამით მომენიჭა საერთაშორისო კოლპოსკოპიის კურსის ტრენერობა. ასევე ჩართული ვარ უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამაში, როგორც მოწვეული ლექტორი. სამწლიანი შრომის შემდეგ, ბატონ გიორგი თევდორაშვილის და გიორგი ბურკაძის დახმარებით მოვიპოვე მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი, სადისერტაციო ნაშრომით „საშვილოსნოს ყელის მიკროგარემოს ცვლილებების მორფოლოგიური თავისებურებანი ნეოპლაზიური პროცესების განვითარებაში“.
ამჟამად რომელ კლინიკაში საქმიანობთ და რა არის თქვენი პროფესიული მიმართულება?
2003-დან 2017 წლამდე ვმუშაობდი მეან-გინეკოლოგად ჩაჩავას კლინიკაში. გარდა ამისა, 2009 წლიდან დღემდე ეროვნულ სკრინინგ-ცენტრში დაკავებული ვარ გინეკოლოგ-კოლპოსკოპისტის პოსტით, თუმცა ამ ეტაპზე ჩემი ძირითადი სამსახური ჟორდანიას კლინიკაა, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ წამყვან სპეციალიზებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით, რომელსაც ხელმძღვანელობს ჩემი მეგობარი, არაჩვეულებრივი ადამიანი, თავისი საქმის პროფესიონალი, რეპროდუქტოლოგი ნანა ჯანელიძე. მე გახლავართ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების წამყვანი სპეციალისტი და ჩემს მოვალეობაში შედის ამ დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ასევე მყავს გინეკოლოგიური პაციენტები და ორსულები. 2016 წელს ი. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი Medical Group-ში გაერთიანდა, რის შემდეგაც სრულად განახლდა, გარემონტდა და ახალი შემადგენლობით დაიწყო ფუნქციონირება.
როგორია თქვენი ცხოვრების რეჟიმი? რამდენად რთულია პირადი ცხოვრებისა და პროფესიული საქმიანობის დაბალანსება?
მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, მეუღლე და სამი შვილი, რომლებიც ხელს მიწყობენ ჩემს კარიერულ ზრდაში. ყოველთვის ვცდილობ უფრო მეტი დრო გავატარო ოჯახთან და არ მოვაკლო მზრუნველობა ჩემს შვილებს. მაქვს არჩეული სწორი ცხოვრების რეჟიმი, რაც მაძლევს დიდ ენერგიას და მიუხედავად დატვირთული დღის გრაფიკისა, ასეა თუ ისე, პირად ცხოვრებას და პროფესიული ცხოვრების დაბალანსებას ვახერხებ.
სამწუხაროა ამჟამინდელი ჩვენი ყოფა პანდემიის გამო. მეორე მხრივ, ბევრი დადებითი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მქონდა შესაძლებლობა უფრო მეტი დრო გამეტარებინა ჩემს ოჯახთან ერთად. ალბათ სამსახურის გრაფიკსაც შევამცირებ მომავალში, რადგანაც მივხვდი, რომ შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან გატარებული დრო არის ნამდვილი ბედნიერება. პანდემიამ ბევრი რამ გადამაფასებინა ცხოვრებაში.
როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?
თავისუფალ დროს ძირითადად ოჯახთან ერთად ვატარებ. ასევე მე და ჩემი მეგობრები ვცდილობთ ოჯახებთან ერთადაც ქალაქგარეთ გავიდეთ ხოლმე. მიზნად მაქვს დასახული, შვილები ვაზიარო საქართველოს მრავალფეროვან და ღირსშესანიშნავ ადგილებს.
ამჟამად ოჯახთან ერთად საქართველოს ულამაზეს კუთხეში − რაჭაში ვიმყოფები. მოვილოცეთ ბევრი ტაძარი და ვნახეთ ულამაზესი ადგილები.
როგორ ფიქრობთ, რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს ექიმს წარმატების მისაღწევად?
ექიმი უპირველესად უნდა იყოს ადამიანი, კეთილი, კაცთმოყვარე, უნდა ჰქონდეს კარგი ინტუიცია, რომელიც დაეხმარება კარგ გამოცდილებასთან ერთად სწორი დიაგნოზის დასმაში. უნდა იყოს ინოვატორი და ფსიქოლოგიც. ჩემი აზრით, ამ უნარჩვევებით აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.
ძირითადად, რა სახის პრობლემებით მოგმართავენ პაციენტები?
ჩემი პაციენტები ძირითადად საშვილოსნოს ყელის, საშოს ვულვისა და შორისის კიბოსწინარე და არაკიბოსწინარე პათოლოგიების სკრინინგის მიზნით მომმართავენ. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის ტარდება შემდეგი მარტივი და არაინვაზიური გამოკველევები: პაპ-ტესტი, Hr-HPV დნმ-ტესტი (მაღალი რისკის პაპილომავირუსის ტიპირება), საშოს და ვულვის კოლპოსკოპიური დათვალიერება, აგრეთვე საჭიროებისამებრ დამიზნებითი ბიოფსია საეჭვო უბნიდან შესაბამისი მორფოლოგიური კვლევით, თუმცა მყავს სხვა ბევრი პაციენტი სხვადასხვა ქალური პრობლემით, მათ შორის − ორსულებიც.
რა მიგაჩნიათ თქვენი პროფესიის ყველაზე რთულ გამოწვევად?
ძალიან მინდა, პრევენცირებადი საშვილოსნოს ყელის კიბო არ არსებობდეს საქართველოში ქალთა რეპროდუქციულ ორგანოებს შორის, ძუძუს კიბოს შემდეგ, კვლავ მეორე ადგილზე, რადგანაც მოგახსენებთ, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, სადაც ქალთა სრული პოპულაცია ჩართულია სკრინინგულ გამოკვლევებში, როგორიცაა პაპტესტი და კოლპოსკოპია, საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევითობა და შესაბამისად, სიკვდილიანობაც მინიმუმამდეა დაყვანილი. საქართველოში ყველა ქალს აქვს შესაძლებლობა, ეს კვლევები ჩაიტაროს უფასოდ ეროვნულ სკრინინგ-ცენტრში, სადაც მუშაობს მაღალკვალიფიცირებულ ექიმთა ჯგუფი. მინდა გავუგზავნო ყველა ქალბატონს მესიჯი, რომ გამოკვლევა ტარდება აბსოლუტურად უმტკივნეულოდ და მარტივად, ასევე იოლია და ხელმისაწვდომი კიბოსწინარე დაავადების მკურნალობაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პაპ-ტესტი და კოლპოსკოპიური კვლევა უნდა ჩაიტაროს ყველა ქალმა სქესობრივი კავშირის დაწყებიდან 6 თვეში, ხოლო შემდეგ − ყოველწლიურად, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ჩივილები. საშვილოსნოს ყელის კიბო უნიკალურია იმით, რომ ვიცით მისი გამომწვევი მიზეზი. მაღალი რისკის პაპილომა ვირუსი წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს ერთადერთ გამომწვევ მიზეზს. საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩივილები სამწუხაროდ ვლინდება მხოლოდ კიბოს გვიან სტადიებზე, როცა უკვე მკურნალობაც და ოპერაციული ჩარევაც დაგვიანებულია ან შეუძლებელი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პაპილომა ვირუსით გამოწვეული დაზიანების დროული გამოვლინება, რადგან მკურნალობა საწყის ეტაპზე ეფექტურია და წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციას. პრევენციის ერთ-ერთი მეთოდია ვაქცინაციაც, რომლის ჩატარება ყველაზე ეფექტურია 9-დან 25 წლამდე, სქესობრივი კავშირის დაწყებამდე.
სამომავლო გეგმები…
გამიგია, რომ როდესაც ადამიანს აქვს საყვარელი პროფესია, ის ორმაგად ბედნიერია. შესაბამისად შემიძლია ვთქვა, რომ მე მიყვარს ჩემი პროფესია. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, მინდა უფრო მეტი ქართველი ქალი გადავარჩინო. მეტი ინფორმაცია მივაწოდო თქვენი ჟურნალის საშუალებით ქალებს, რომლებიც ცნობილნი არიან თავგანწირული მზრუნველობით ოჯახზე. მინდა ვურჩიო, რომ არ გადადონ შიშის ან დროის უქონლობის გამო და წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ კვლევები, რომლისთვისაც მხოლოდ 30 წუთია საკმარისი, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ვერაგი დაავადება, როგორიცაა საშვილოსნოს ყელის კიბო. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნე ვირუსების ერაა. მეცნიერულად უკვე დადასტურებულია, რომ რამდენიმე ორგანოს კიბოს გამომწვევიც ვირუსია. ვირუსის დამარცხება მხოლოდ იმუნიტეტით არის შესაძლებელი, კარგი იმუნიტეტი კი სწორი კვების და რეჟიმის საწინდარია. მინდა ვუსურვო ყველას ჯანმრთელობა, მეტი მოთმინება და სიფხიზლე ამ პანდემიის ჟამს.