ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა დაინტერესდეს, შეისწავლოს, გაიგოს და აღმოაჩინოს... მცირე ასაკიდანვე გვიჩნდება კითხვები და შესაბამისად გვამისამართებენ სკოლებსა და უნივერსიტეტებში, რათა პასუხები იქ ვიპოვოთ. იმის ძიებაში, თუ რა პროფესია უნდა ავირჩიოთ, საბოლოოდ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ ვეძებთ არა პროფესიებს, არამედ ადამიანისა და ზოგადად, საზოგადოების მსახურების გზებს. არ არსებობს პრიორიტეტული პროფესია – არსებობს ადამიანის პროფესიულად მომსახურების სურვილი და მეთოდი, არჩევანი კი ძალიან სუბიექტურია. ჟურნალ OK! ის ივლისის ნომრის რესპონდენტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარი, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი და ექიმი-სტომატოლოგი შოთა თედორაძეა, რომელიც მისი პროფესიული არჩევანისა და მნიშვნელობის შესახებ გვიამბობს.
შოთა, უპირველესად, გვიამბეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ.
მე მინდოდა ექიმი ვყოფილიყავი და ასე მემსახურა ადამიანებისთვის. როდესაც ამას ვიაზრებთ, ყველა პროფესია ერთმნიშვნელოვნად ძვირფასი ხდება. და როცა ვეკითხები საკუთარ თავს, ავირჩევდი თუ არა სხვა პროფესიას? − ეს იგივეა, ვკითხო, ვემსახურებოდი თუ არა საზოგადოებას სხვა კუთხით და რა თქმა უნდა, პასუხი არის დადებითი. დიახ! მეტიც − რაც დრო გადის, რაც ადამიანის დახმარებისა და მისადმი მსახურების მეტ გამოცდილებას ვიძენთ, მასშტაბი უნდა გაიზარდოს. ამიტომაც დღეს ვფიქრობ ამაზე, ინტენსიურად და მუდმივად ვსწავლობ, როგორ გავაკეთო ეს. მიხარია, რომ პროცესი დაწყებულია.
სწავლას და ცოდნის შეტანას ჩვენს ცნობიერებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ვფიქრობ, ეს რაც შეიძლება კომპლექსური უნდა იყოს. როდესაც რეზიდენტურაში ვსწავლობდი, პარალელურად 2 წლის განმავლობაში ვესწრებოდი თავისუფალ მსმენელად ლექციებს ფილოსოფიაში, ხელოვნებათმცოდნეობაში; ვსწავლობდი თეოლოგიას, ერთ დროს ძველბერძნულადაც ვკითხულობდი. როდესაც საქართველოს უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორის სტატუსით დავიწყე სწავლება, პარალელურად სადოქტორო თემაზე მუშაობით დავკავდი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით საფუძვლიანი ცოდნა დავაგროვე. ამას მოჰყვა ნორვეგიის უნივერსიტეტში გლობალური ჯანდაცვის საფუძვლების შესწავლა და ეს ჩემი აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ცხოვრებაში ვეწევი, გარდა იმისა, რომ პრაქტიკოსი ექიმი ვარ.
ჩემი მიღებული ცოდნა და გამოცდილება მეუბნება, რომ ახლა დროა, გარდა მომსახურებისა, შევქმნა უფრო მეტი შესაძლებლობა ადამიანებისთვის და იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ვემსახურები.
გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები, რომლებიც პროფესიულ გზაზე დადგომისას შეგხვდათ და დაგამახსოვრდათ.
მე ჩემი პროფესიული კარიერა კლინიკა „მედიში“ დავიწყე. ძალიან გამიმართლა, რომ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად ვმუშაობდი 3 წლის განმავლობაში. ბათუმის ფილიალში მთავარი ორთოპედი ვიყავი და მთელი ეს პერიოდი მქონდა საშუალება, საქმისა და პირადი განვითარებისთვის ყველაფერი გამეკეთებინა. ჯერ კიდევ წლების წინ, როცა „ცერეკი“ ახალი სიტყვა იყო და საქართველოში ესთეტიკური სტომატოლოგია იბადებოდა, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობდით ამ მიმართულებით. მქონდა საშუალება, შევხვედროდი და პირადად მემუშავა ევროპიდან მოწვეულ სპეციალისტებთან, რომელთანაც შეხვედრის საშუალება, არ ვარ დარწმუნებული, რომ სხვა დროსაც მექნებოდა. აღარ ვსაუბრობ მასტერკლასებზე, რომლისთვისაც თავად მივდიოდი ევროპაში. ეს საუკეთესო სტარტი იყო ჩემს პროფესიულ გზაზე.
როგორია თქვენი მუშაობის ტექნიკა და კონცეფცია?
მე მაინტერესებს გამოსავალი, შედეგი, რომელიც უნდა დადგეს. მეთოდი არის უამრავი და სწორედ საუკეთესო ექიმის განმარტებაც ისაა, რომ მას ჰქონდეს ერთი შედეგის ბევრი გზა. ჩემი მეთოდი არის ის, რომ მე შემიძლია ყველაფერი გავაკეთო პაციენტისთვის საუკეთესო, გრძელვადიანი და ესთეტიკურად დამაკმაყოფილებელი შედეგის მისაღებად, რისთვისაც ვიყენებ უახლეს მეთოდებსა და ტექნიკას.
გვესაუბრეთ უპირატესობებზე, რომლებსაც თქვენ სთავაზობთ მომხმარებლებს.
ჩემი ცხოვრების მიზანი არის არა უპირატესობა, არამედ აბსოლუტურობა, რისთვისაც ვშრომობ დაუღალავად, შემართებით და ენთუზიაზმით. თუ პაციენტისთვის აბსოლუტური შედეგია მნიშვნელოვანი, მაშინ მე მზად ვარ ამისთვის გავაკეთო ყველაფერი – ყველა ხერხით. ვიყენებ ყველა მეთოდს − სტანდარტული ფუნდამენტური ტექნიკით დაწყებული, უახლოესი თანამედროვე ტექნოლოგიებით დასრულებული.
პროფესიული პრინციპები, რომლებსაც არასოდეს უღალატებთ.
ემსახურე მთელი გულით. დააკვირდი, განვითარდი, მცდელობა არ მოაკლო და შენ აუცილებლად შეძლებ შექმნა ის, რაც სჭირდება ადამიანს და აქამდე არ არსებობდა მის ცხოვრებაში.
როგორია თქვენი ცხოვრება კარიერის მიღმა?
მოდი, ასე ვიტყვი: კარიერა არ არის კონკრეტული საქმიანობა, რომელსაც ვაკეთებთ რუტინულად. კარიერა უფრო დიდი ცნებაა, რომელიც ძალიან მასშტაბურია. მე ჩემი კარიერით ვცხოვრობ და საკუთარი ცხოვრებით ვქმნი ჩემს კარიერას. არ მაქვს მკაცრად დეტერმინებული კარიერა და მის მიღმიერი ყოფა. თუ მეკითხებით, რას ვაკეთებ, როცა არ ვმუშაობ, პრაქტიკულად გიპასუხებთ: ვსწავლობ, ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვვარჯიშობ, გარედან ვაკვირდები იმას, რასაც ვაკეთებ, ვცდილობ ყოველთვის ვიპოვო სამყაროს მასშტაბური გაგების პრინციპები და მასში ახალ ეტაპზე გადასვლის გზები, თუნდაც ეს ერთი საქმიანობიდან მეორეზე გადასვლის მცდელობა იყოს, ან მათი კოლაბორაცია. რასაც ვაკეთებ, იმისგან დასვენება არ მჭირდება, ძალიან მომწონს და მასთან არის ინტეგრირებული ყველაფერი. შინ ტელევიზორი არ მაქვს, მაგრამ მაქვს National Geographic-ის ყველა ნომერი, რაც კი დღემდე გამოსულა და რომელსაც ყოველდღე ვკითხულობ. გარდა ამისა, პარალელურად ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ქმნიან სხვა ადამიანებისთვის შესაძლებლობებს დასაქმების, სერვისისა თუ პროდუქტის სახით. ასევე ინტენსიურად ვაკვირდები გლობალური განვითარებისა და ცვლილებების ახალ ტრენდებს, რათა აქტიურად ვიპოვო ჩემი პროდუქტიული ჩართულობა მასში.
რა წარმოადგენს განტვირთვის საუკეთესო საშუალებას?
ჩემი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა ლაშქრობა. მიყვარს ასევე იმ ქალაქებში ფეხით ხეტიალი, სადაც არასოდეს ვყოფილვარ. როდესაც ევროპას ვსტუმრობ, ყოველთვის ვცდილობ ავირიდო ნებისმიერი სახის ტრანსპორტი. ძალიან დიდ სიამოვნებას მგვრის, როდესაც ფეხით დავეხეტები ქუჩებში და ვიღებ ფოტოებს. ახალი ადგილების მონახულება, თუ ისტორიულ-კულტურული შინაარსისაა, ჩემთვის ერთი დიდი სიამოვნებაა. არაჩვეულებრივ გარემოში გემრიელ ყავას გეახლებით, ვხატავ, ვწერ, ცხენით ვსეირნობ. ჩემთვის საუკეთესო დასვენება შინაგანი სიმშვიდეა. როცა ის ჩემშია, არ აქვს მნიშვნელობა, რითი ვარ დაკავებული − ყველაფერს მთელი გულით ვაკეთებ.
გაგვიმხილეთ სამომავლო პროფესიული გეგმები.
ჯერჯერობით ვრჩები პრაქტიკულ საქმიანობაში, მაგრამ პარალელურად უკვე აქტიური მზადების პროცესში ვარ, რათა საბოლოოდ ყველაფრის ინტეგრირება ბიზნესსექტორში შევძლო, რომელსაც თავად ჩავუდგები სათავეში. ჩემი ძირითადი მიმართულება მომდევნო 10 წლის განმავლობაში საქართველოში სამედიცინო ტურიზმისა და მასზე მორგებული რეგულაციების დანერგვაა კერძო სექტორსა და ჯანდაცვის სისტემის დონეზე. მე კი მჯერა, იმდენად წარმატებული იქნება ჩვენი რეგიონი ამ საქმეში, რომ კიდევ ერთი ასაფრენი ბილიკის დამატება მოგვიწევს აეროპორტში.