HEALTH AND BEAUTY BOOK-ის რესპონდენტმა საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ადამიანი განუწყვეტლივ უნდა ვითარდებოდეს. სწორედ ასე მოხდა მის შემთხვევაშიც. სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ ბავშვობიდან გატაცებული იყო ვიზაჟით, ამიტომ გადაწყვიტა თავი ამ პროფესიაში გამოეცადა და შედეგმაც არ დააყოვნა. მაშ ასე, წაიკითხეთ საინტერესო ინტერვიუ ვიზაჟისტ მარიამ ურუმაშვილთან.
როდის დაინტერესდით პირველად ვიზაჟისტის პროფესიით?
პროფესიით სამართალმცოდნე ვარ და მაგისტრატურაც ამ მიმართულებით მაქვს გავლილი, მაგრამ 13 წლიდან გატაცებული ვარ ვიზაჟით. ვფიქრობ, ადამიანი განუწყვეტლივ უნდა ვითარდებოდეს და ჰქონდეს უნარი, საკუთარ თავში აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები. როგორც ამბობენ, Make up-ი კარგად გამომდის, რაც ჩემთვის სტიმულისმომცემია ამ კუთხით შემდგომი განვითარებისათვის.
როგორ ფიქრობთ, რა ნიშან-თვისებები უნდა ჰქონდეს მაკიაჟის არტისტს?
ჩემი აზრით, Make up artist-ისთვის მნიშვნელოვანია შემოქმედებითი წარმოსახვა, მხატვრული გემოვნება, ფერთა გამის გარჩევის უნარი, სივრცითი და შემოქმედებითი აღქმა, კრეატიულობა, სტილის შეგრძნება, კომუნიკაბელურობა, რომ მასთან მუშაობა გახდეს სასიამოვნო; ასევე ვიზაჟისტის მთავარი ამოცანაა აღმოაჩინოს სახის ნაკვთების ინდივიდუალური მახასიათებელი.
ეცნობით თუ არა ტრენდებს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს თქვენს პროფესიაში?
ვცდილობ, ფეხი ავუბა მსოფლიო მოდის ტენდენციებს. ვეცნობი მსოფლიოში წარმატებული ვიზაჟისტების შემოქმედებას და ვცდილობ ჩემს ნამუშევრებში გადმოვიტანო მსოფლიო მოდის ტენდენციების შტრიხები. ვფიქრობ, ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია ვიზაჟისტის პროფესიაში.
თქვენი აზრით, რა არის წარმატებულად შესრულებული მაკიაჟის საიდუმლო?
მაკიაჟის კეთების პროცესში მთავარია სწორად განისაზღვროს მომხმარებლის კანის პიგმენტი, ვინაიდან გამოყენებული მასალა შეუსაბამო არ იყოს კანის ფერთან. წარმატებულად შესრულებული მაკიაჟის საიდუმლო სწორად განსაზღვრულ ფერთა გამაშია.
თქვენ რომელ ფერებს ანიჭებთ უპირატესობას?
პირადად მე, უპირატესობას ვანიჭებ პასტელურ ფერებს − შინდისფერს, აგურისფერს, ატმისფერს, მაგრამ ასევე ძალიან მიყვარს ფერადი პალიტრის გამოყენება, როგორიცაა მწვანე, ლურჯი და იასამნისფერი. მაკიაჟში გამოყენებული ფერები უნდა შეესაბამებოდეს თმისა და თვალის ფერს, ხაზს უსვამდეს, და უფრო მომხიბვლელს ხდიდეს მას.
რამდენად დატვირთულია თქვენი ყოველდღიური საქმიანობა და რითი ახერხებთ განტვირთვას?
მეც ქალების იმ კატეგორიას განვეკუთვნები, რომლებსაც სამსახური და ოჯახი ჰყავს. ვცდილობ ვიპოვო ბალანსი ოჯახსა და სამსახურს შორის. ასევე არ დავივიწყო პიროვნული განვითარება და მუდმივად მზად ვიყო გამოწვევებისათვის. ვცდილობ თავისუფალი დრო გავატარო ოჯახთან ერთად და მივიღო მაქსიმალური სიამოვნება მათთან ერთად ყოფნისას.
როგორია თქვენთვის საინტერესო სტუმარი?
ნებისმიერი სტუმარი ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რადგან ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია. სხვადასხვა ადამიანთან მაკიაჟის კეთების დროს ვხვდები განსხვავებულ გამოწვევებს, რაც ჩემი პიროვნული განვითარებისათვის არსებითია. ყოველ ახალ მომხმარებელთან იბადება მაკიაჟის ახალი იდეა.
გვიამბეთ თქვენი სამომავლო გეგმებისა და მიზნების შესახებ?
მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ, მყისიერი გავლენა მოახდინა ჩემს სამომავლო გეგმებზე, მაგრამ ამჯერადაც არ ვაპირებ გვერდი ავუარო აღებულ გეზს. გეგმები დიდია და ეტაპობრივად გაგაცნობთ სიახლეებს.