ივლისის თვის OK!-ის გამოცემას OK! HEALTH AND BEAUTY BOOK დაემატება. სილამაზე, თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ალბათ ის ძალიან აქტუალური თემებია, რომელიც ყველა თანამედროვე, თავის მოვლის მოყვარულ ადამიანს თანაბრად აინტერესებს. ამ სტატიაში სწორედ BOOK-ის მოწვეულ რედაქტორს, სილამაზისა და თავის მოვლის სფეროს მომხიბლავ, ნამდვილ გურუს, ხატია შამუგიას წარმოგიდგენთ. ხატია სიამოვნებით გვესაუბრა თავის ახალ გამოწვევაზე − სარედაქტორო საქმიანობაზე და ისიც გაგვიმხილა, თავად როგორ უვლის თავს და რა გზას მიმართავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად. წარმოგიდგენთ ხატია შამუგიასთან ინტერვიუს.
ხატია, თქვენ ხართ ქართული OK!-ის ივლისის თვის HEALTH AND BEAUTY BOOK-ის მოწვეული რედაქტორი. რას ნიშნავს ეს სტატუსი თქვენთვის?
ჩემთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა. უპირველეს ყოვლისა, უზომოდ გამიხარდა, რადგან დიდი პატივია. სილამაზე, თავის მოვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემთვის ძალიან საყვარელი და სიამოვნებისმომტანი სფეროა. ამ ჟურნალის გაკეთება მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა, რადგან უდიდესი აუდიტორია გვყავს, რომელიც კარგად ერკვევა ამ სფეროში და მინდა, საინტერესო საკითხავი გამოვიდეს მათთვის. დიდი ყურადღებით მოვემზადე და სიფრთხილით შევარჩიე ჟურნალისთვის რესპონდენტები და თემები.
რას მიეძღვნა ივლისის თვის ჟურნალის დამატება? რას იხილავს მკითხველი მასში?
ძირითადი თემებია სილამაზე და ჯანმრთელობა, რადგან მოგეხსენებათ, ეს ორი სფერო მჭიდროდაა გადაბმული ერთმანეთთან. სილამაზე ჯანმრთელობის გარეშე არ არსებობს. თუკი ბევრ სიგარეტს მოვწევთ და კლუბში ღამეებს ხშირად გავათენებთ, დილით როგორი ხარისხიანი საცხიც უნდა წავისვათ სახეზე და ლამაზი მაკიაჟი გავიკეთოთ, მავნე ცხოვრების წესი მაინც უარყოფითად აისახება ჩვენს გარეგნობაზე.
ძირითადი აქცენტი ავიღეთ ცნობილ სახეებზე, ქართველ ვარსკვლავებზე. შევეცადეთ ბევრი ლამაზი ფოტო ყოფილიყო ამ ჟურნალში, რათა ისეთივე ბრჭყვიალა და ლამაზი გამოსულიყო, როგორც თავად სილამაზეა მთელი თავისი შინაარსით. აქ იხილავთ ცნობილ ქალბატონებსა და მამაკაცებს, რომლებიც განსაკუთრებით უვლიან თავს.
ხატია, სილამაზისა და თავის მოვლის სფერო თქვენი სტიქიაა. უკვე წლებია, რაც ამ მიმართულებით საქმიანობთ. როდის გაგიტაცათ და დაგაინტერესათ პირველად ამ სფერომ?
თავის მოვლა ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი სფეროა. მგონია, რომ ამით ვცხოვრობ. თან მოგეხსენებათ, ეს ჩემი სამსახურიცაა და მიწევს, სიახლეებს კვალდაკვალ მივყვე. ჩემს ოჯახში დედას, ბებიას, დეიდას − ყველას ძალიან უყვარდა თავის მოვლა და სუნამოები. იმ დროს ძალიან ხშირად შინ ამზადებდნენ ხოლმე საცხებს და მთელი ბავშვობა ვუყურებდი, როგორ იყვნენ ჩემი ოჯახის ქალები ჩართულნი თავის მოვლასთან დაკავშირებულ ფუსფუსში. შემდეგ მოვხვდი იმ სფეროში, სადაც უნდა მოვხვედრილიყავი და იყო ჩემი ადგილი. ვარ „ისი პარის“ PR-მენეჯერი, გარდა ამისა, ვარ თმის გადანერგვის ცენტრ „თალიზის“PR-მენეჯერიც. ესეც, მოგეხსენებათ, სილამაზის სფეროა. ასევე ჩვენი ჟურნალის, OK!-ის სილამაზე/თავის მოვლის რუბრიკის რედაქტორი ვარ და გამოდის, რომ თავის მოვლისა და პარფიუმერიის მიმართულებით ყველა სიახლეს ვეცნობი, რაც კი ქართულ ბაზარზეა. ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია.
ჯანსაღი ცხოვრების წესს თუ მისდევთ?
დიახ, ყველანაირად ვცდილობ, ვიცხოვრო ჯანმრთელი ცხოვრების წესით. არასოდეს ვეწეოდი სიგარეტს, არასოდეს დამილევია ალკოჰოლური სასმელი. მიყვარს ძილი და იშვიათად ვათენებ ღამეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და სილამაზის თვალსაზრისით. გარდა ამისა, 14 წელია დავდივარ აკვა-აერობიკაზე, კვირაში 3-ჯერ, 45 წუთის განმავლობაში წყალში ვვარჯიშობ. კორონავირუსის პერიოდში, ცხადია, შევწყვიტე აერობიკაზე სიარული და ფიზიკური აქტივობის დანაკლისის შესავსებად ფეხით სიარული დავიწყე. სამსახურში ფაქტობრივად ფეხით დავდივარ და იშვიათად ვიყენებ ავტომობილს. ასე რომ, ამ განსაცდელის პერიოდმა ერთადერთი დადებითი, რაც მომიტანა, ისაა, რომ გადამაჩვია ყველგან მანქანით გადაადგილებას და ფეხით სასიარულო მანძილი და მასშტაბები დააპატარავა ჩემთვის. თუკი ადრე მეგონა, რომ საბურთალოს ერთი ნაწილიდან მეორეში ფეხით ვერაფრით წავიდოდი, მანქანით მივდიოდი, ვწვალობდი მის დაპარკინგებაზე და მეტ დროსაც ვხარჯავდი, ახლა ყველგან ფეხით დავდივარ და ამით სიამოვნებასაც ვიღებ.
თავის მოვლის დღის და ღამის რუტინა თანამედროვე ქალებისთვის წმინდაა. თქვენს რუტინაზე მოგვიყევით. მკაცრად იცავთ?
რასაკვირველია. რაც უნდა ხდებოდეს, სადაც უნდა მაგვიანდებოდეს, დილის რიტუალს აუცილებლად ვასრულებ. ლოგინშივე, უზმოდ ნახევარ ლიტრ წყალს ვსვამ, შემდეგ ვდგები და ნუშის რძეზე ვიმზადებ წიწიბურას ან შვრიას, შემდეგ შხაპს ვიღებ და რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება სახის მოვლა − საცხისა და დამცავი კრემების წასმა. იგივე მეორდება საღამოსაც − სახის გაწმენდა, ღამის შრატი თვალებისა და სახის კანისთვის, ტანის, ხელებისა და ფეხების საცხები. ჩემს მეგობრებში საკმაოდ გავრცელებულია ხუმრობა ჩემი კრემების რაოდენობის შესახებ. ეს რუტინა ჩემთვის ჩვეულებრივი რეჟიმია. ძალიან მიყვარს თმის მოვლაც, ნიღბების წასმა, გაჯანსაღება. პატარაც არ ვარ და მინდა, ღირსეულად შევხვდე ასაკს. ვცდილობ, ნაოჭები გვიან გამიჩნდეს.
ხატია, სილამაზის თანამედროვე სტანდარტზე ვისაუბროთ. ამჟამად ისეთი ტენდენცია შეინიშნება, რომელიც განსაკუთრებით ორიენტირებულია ადამიანთა ვიზუალურ ინდივიდუალიზმზე. პლასტიკური ქირურგებიც კი იმ დოზით ერევიან პაციენტების გარეგნობაში, რომ მათ ბუნებრივი ვიზუალი მაქსიმალურად შეუნარჩუნდეთ. თავად თუ მოგწონთ ეს ტენდენცია?
ძალიან მომწონს ბუნებრივობასთან მიმსგავსების ტენდენცია. ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ქეით მოსმა დანერგა ეს მიდგომა, როდესაც თავისი არასტანდარტული ფორმებითა და სიმაღლით დაიმკვიდრა თავი მოდის სამყაროში. დღეს კარა დელევინია ასეთი სახე. მე თავადაც მიმაჩნია, რომ მაგალითად, თმის ფერი ადამიანს ყველაზე მეტად ბუნებრივი შეფერილობის უხდება. ზოგადად, რადიკალური ცვლილებების მომხრე არ ვარ. თუმცა თუკი ადამიანს აწუხებს და კომპლექსს უქმნის რომელიღაც ნაკვთი, ასეთ შემთხვევაში ყველანაირ ჩარევას მივესალმები. ალბათ ყველაზე სასურველია დავიცვათ ოქროს შუალედი, დავექვემდებაროთ ზომიერებას და არ გავხდეთ ჩარევებზე დამოკიდებული. აი, მაგალითისთვის, სვირინგებმა იცის მეტისმეტად შეყოლიება და მეც ამიტომ ვიკავებ მისგან თავს.
თანამედროვე კოსმეტიკაშიც განსაკუთრებით მოდური გახდა ბუნებრივობაზე ორიენტირებული ტენდენციები. ისეთი საცხებია ბოლო პერიოდში აქტუალური (BB, CC კრემები), რომელიც დატენიანებას და კანის ბუნებრივ დაფერვას უზრუნველყოფს. მომწონს ის, რომ ჩამუქებული ყავისფერი რუჟი აღარაა მოდური და ნატურალურ, ატმისფრად შეფაკლული ლოყები გახდა აქტუალური. ერთადერთი, რასაც ბუნებრივი ფერისას არასოდეს ვიყენებ, ეს ტუჩსაცხი და მანიკიურია. თავად ძალიან მიყვარს წითელი ტუჩსაცხი და ფრჩხილის ლაქი. ეს ალბათ ხასიათიდან გამომდინარეა. არ მომწონს უზომოდ გარუჯული სხეული. ჩემი აზრით, ზომიერი, ჯანმრთელი რუჯი ბევრად მომხიბლავია და უფრო ქორფა შესახედაობას ანიჭებს კანს. ასე რომ, დიახ, მსოფლიომ ბუნებრივობის სტანდარტი დააწესა და მეც ვეთანხმები მას.
ხატია, რას ურჩევდით ივლისის თვის OK! ის მკითხველებს?
ვურჩევ, აუცილებლად წაიკითხონ ეს წიგნი, რადგან მასში საქართველოში ბევრი ცნობილი ადამიანის სილამაზის საიდუმლოს, მათ კოსმეტიკის ჩანთებს, მოვლის საშუალებებსა და თავის მოვლის ხრიკებს აღმოაჩენენ. რა თქმა უნდა, ექნებათ საშუალება თავადაც გაითვალისწინონ მათი რჩევები. ჟურნალში სპეციალური სტუმრის სტატუსით გვეყოლება ადამიანი, რომელიც პირდაპირი გაგებით, ქართველების სილამაზეს ქმნის. ეს გახლავთ ესთეტიკური ქირურგი და ნამდვილი ხელოვანი − გია გვარამია. მკითხველებს ვურჩევ აუცილებლად წაიკითხონ მასთან ინტერვიუ, საიდანაც ბევრ საინტერესო ინფორმაცის მიიღებენ. ასე რომ, ივლისის თვის ჟურნალი მოუთმენლად ელოდება ჩვენს მკითხველებს.