პლასტიკური ოპერაციების პოპულარობა და საზოგადოების მხრიდან სხვადასხვა სახის ჩარევაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. შესაბამისად, ეს სფერო და მისი შესაძლებლობებიც უფრო და უფრო ვითარდება და წინ მიიწევს. ამ თემებზე უფრო ვრცლად OK! პლასტიკურ ქირურგს და საქართველოში ესთეტიკური მედიცინის პირველი ცენტრის დამფუძნებელს, გია გვარამიას ესაუბრა.
ბატონო გია, რომელია ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციები საქართველოში?
ქალბატონები პლასტიკურ ოპერაციებს ყველაზე ხშირად ცხვირზე და მკერდზე იტარებენ. რაც შეეხება არაქირურგიულ ჩარევებს, ყველაზე დიდი მოთხოვნა სახის გამაახალგაზრდავებელ პროცედურებზეა, მათ შორის ყველაზე აქტუალური ბოტოქსის ინიექცია, ფილერი და მეზოთერაპია გახლავთ.
როგორ გაიზარდა მომართვიანობა ბოლო წლების განმავლობაში?
ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოება დარწმუნდა, რომ ქირურგიული ჩარევები არის სრულიად უსაფრთხო და ჯანმრთელობას არანაირ პრობლემებს არ უქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო გამარტივდა გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
რამდენად მნიშვნელოვანია კონსულტაცია ოპერაციის დანიშვნამდე?
იშვიათია შემთხვევები, როდესაც მოდის პაციენტი კონსულტაციაზე და არ არის დარწმუნებული, ნამდვილად სურს თუ არა ამა თუ იმ სახის ქირურგიული ჩარევა. ეს სრულიად დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის რა მოსწონს და რა არ მოსწონს. შესაბამისად, პაციენტმა ყოველთვის უნდა იცოდეს, რა პრობლემა აქვს და რისი გამოსწორება სურს.
ხშირად პაციენტებს აქვთ არასწორი მოლოდინი. ფიქრობენ, რომ ყველაფრის გადაკეთება და შეცვლა შეიძლება, რაც მცდარი შეხედულებაა. სწორედ ამიტომ არსებობს კონსულტაციები, რომ ავუხსნათ პაციენტს, რა შეიძლება და არ შეიძლება... რა პროგნოზი შეიძლება იყოს და რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს. კონსულტაციის გავლის შემდეგ, მათ ესახებათ რეალური სურათი და შესაბამისად, აღარ აქვთ ისეთი მოლოდინი, რომელთა გაცრუების შემთხვევაში შემდგომში დეპრესიას და მათ უკმაყოფილებას გამოიწვევს. კონკრეტულად რომ ვთქვათ, ჩვენი მიზანია პაციენტს დავანახოთ რეალური სურათი.
ყოფილა შემთხვევები, როდესაც პაციენტები გადაწყვეტილებას ცვლიან კონსულტაციის შემდეგ?
დიახ, ასეთი შემთხვევები ხშირია. ვინაიდან პაციენტი იკეთებს პლასტიკურ ოპერაციას, დარწმუნებულია, რომ არანაირი პრობლემა არ მოყვება ამ ყველაფერს, თუმცა ვუხსნით − ეს ჩვეულებრივი ოპერაციაა, რომელიც ხშირად კეთდება ნარკოზით. რეაბილიტაციის პერიოდიც შესაძლოა გახანგრძლივდეს. არის შემთხვევები, როდესაც მოსალოდნელი გართულებების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ საერთოდ გადაიფიქრებენ ხოლმე ოპერაციის გაკეთებას. ასევე არის შემთხვევები, როდესაც პაციენტმა არ იცის, რომ ოპერაციის შემდეგ შესაძლოა ნაწიბური დააჩნდეს და ზოგჯერ სწორედ ესეც ხდება ხოლმე ოპერაციის გაუქმების მიზეზი. მოკლედ რომ ვთქვათ, კონსულტაცია პაციენტთან ძალიან ბევრ რამეს ცვლის.
მამაკაცები ძირითადად რა პრობლემებით მოგმართავენ ხოლმე?
მამაკაცების მომართვიანობა მთელ მსოფლიოში, ისევე, როგორც საქართველოში, 10-15%-ია. ჩვენი კლინიკა 20 წელია მუშაობს და ამ დროის განმავლობაში მამაკაცების მომართვიანობის პრაქტიკულად ერთი და იგივე შემადგენლობაა. ადრე ხშირად მოგვმართავდნენ ცხვირის ოპერაციისთვის, ლიპოსაქციისთვის, ყურების, თვალების ოპერაციისთვის, ახლა უკვე დაინტერესებულები არიან თერაპიული პროცედურებითაც − იქნება ეს ფრჩხილები, ბოტოქსი, სახის მოვლა, სხეულის მოვლა და ა.შ.
რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული სახის ჩარევები სურთ, მაგრამ ბოლომდე არ არიან გადაწყვეტილებაში დარწმუნებული?
ის, რომ ადამიანს ოპერაციის შიში აქვს, ეს ბუნებრივი და რეალურია. ამას იწვევს გართულების მოლოდინი, ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია, ან არასასურველი შედეგის მიღების შიში. ამიტომ სანამ არსებობს ასეთი ორჭოფობა და გაურკვევლობა, აჯობებს ადამიანმა არ მიიღოს ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება. შეუძლიათ თამამად მივიდნენ კონსულტაციაზე, სადაც ყველა კითხვაზე მიიღებენ პასუხს და დაადგენენ, მათი ეს შიშები ლეგიტიმურია თუ არა. კონსულტაციის შემდგომაც, პაციენტმა, სანამ დარწმუნებული არ იქნება, რომ მას ნამდვილად სურს სხეულის ფორმის შეცვლა და მისთვის ეს არის სწორი, მანამდე არ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება.
ასეთ შემთხვევაში, რჩევა და დაძალება გამართლებული არ არის. ხშირია სიტუაციები, როდესაც ახლობლები და მეგობრები პაციენტს ურჩევენ, რომ ორჭოფობის მიუხედავად, მაინც გაიკეთოს ოპერაცია. ეუბნებიან, რომ არ მოუსმინოს ექიმებს, რომ ისინი ვალდებულნი არიან ცუდ შედეგებზე გააფრთხილონ და ეს მათ არ დაემუქრებათ და ასე შემდეგ, მაგრამ ასეთი ზედაპირული დამოკიდებულება მიუღებელია. ასევე, კონსულტაციაზე მოსულ პაციენტს ხშირად მეგობარი ურჩევს, რომელი ცხვირი უფრო მოუხდება, რაც ასევე მიზანშეწონილი არ არის, რადგან უპირველესად, საკუთარ თავში უნდა იყოს პაციენტი დარწმუნებული და გადაწყვეტილება მიღებული უნდა ჰქონდეს მხოლოდ საკუთარი სურვილით. პაციენტის ნაცვლად, გადაწყვეტილების მიღების უფლება არავის აქვს.
დღესდღეობით პლასტიკურ ქირურგიაში გვაქვს შესაძლებლობა, პაციენტს წინასწარ ვაჩვენოთ რა შედეგი დადგება, ფოტომოდელირების საშუალებით, რაც გადაწყვეტილების მიღებას მეტად აადვილებს.
რა შეცვალა პანდემიამ?
ადრე თუ ნაკლები აკრძალვა გვქონდა ოპერაციის წინა და შემდგომ პერიოდზე, ახლა პაციენტს უწევს უფრო მეტი სიფრთხილე, კონტაქტების შეზღუდვა, როგორც ოპერაციამდე, ასევე შემდეგ. ეს ყველაფერი საჭიროა, რათა ოპერაციისწინა ან შემდგომ პერიოდს არ დაერთოს ვირუსით გამოწვეული პრობლემები.
თქვენი აზრით, როგორია ადამიანის სილამაზის ფორმულა?
ამ შემთხვევაში, არანაირი რეცეპტი არ არსებობს. ადამიანი ლამაზია მაშინ, როდესაც ლაღია, ბედნიერია, მშვიდია და ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით.