როდესაც სილამაზეზე, ჯანმრთელობასა და მოვლილ ადამიანებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს მოდის ექსპერტი და ბლოგერი დალი ჩიტალაძე, რომელიც მუდამ გვამახსოვრებს თავს საკუთარი დახვეწილი გემოვნებითა და ჯანსაღი ცხოვრების სტილით. როგორც თავად აღნიშნავს, მისი ყოველდღიური თავის მოვლის რუტინა გარდა სხვადასხვა აუცილებელი პროცედურებისა, სტრესის მართვაში მდგომარეობს, რაზეც უფრო დეტალურად თავად გვიამბობს.
ქალბატონო დალი, გვიამბეთ რა პროცედურებს მოიცავს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი?
დავიწყოთ იმით, რომ რვასაათიანი აუცილებელი ძილის შემდეგ ვიწყებ ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურის ჩატარებას. ამ ყველაფრის შემდეგ, უპირველესად, ვსვამ წყალს − ზაფხულში, დილით, უზმოზე ლიტრაზე მეტს, რომელშიც ვურევ ლიმონს და ჯინჯერს, მაგრამ არა ყოველდღე. გაღვიძებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ, შინიდან გასვლის წინ აუცილებლად ვსაუზმობ.
თუ ვერ ვასწრებ, ამ შემთხვევაში ჯინჯერიან და ლიმონიან წყალს მივირთმევ და გზად ყავას ვაყოლებ. რაც შეეხება სადილს, ამ დროს მივირთმევ ხაჭოს და მაწონს, ასევე თაფლსა და ყავას რძით. ხოლო ჩემი ვახშამი არის საღამოს 18:00 ან 19:00 საათზე, რა დროსაც უფრო მეტ საკვებს ვიღებ, ხანდახან თავს უფლებას ვაძლევ და დესერტსაც მივირთმევ ხოლმე. საღამოს აუცილებლად ვამთავრებ მწვანე ჩაის დალევით − ძალიან მიყვარს და ხშირად შენარევებსაც ვუკეთებ, ვაზავებ დარიჩინით, ჯინჯერით ან რაიმე მსგავსი პროდუქტით. მიყვარს სხვადასხვა გემო.
ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის ჯანმრთელობა და სილამაზე დამოკიდებულია სწორედ იმაზე, თუ როგორ იკვებება. ამის შემდეგ რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ჰიგიენაა. ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ დღეში ორჯერ უნდა დაიბანო, გამოიყენო ტანისა და სახის დამატენიანებელი საცხები და ასე შემდეგ. ეს პროცედურა ჩემთვის ისეთივე აუცილებელია, როგორც კბილების გაწმენდა დღეში ორჯერ.
რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ვარჯიშს თქვენს ცხოვრებაში?
ვარჯიში ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ყოველდღე არ ვვარჯიშობ, იმიტომ, რომ არ მაქვს ამის დრო და ჩემი ასაკიდან გამომდინარეც არ არის მიზანშეწონილი ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა. დღეგამოშვებით, სუფთა ჰაერზე, პარკში ვვარჯიშობ ხოლმე, სპორტულ დარბაზში არ დავდივარ, იმიტომ, რომ არ მიყვარს დახურული სივრცეები და ამასთან, ვფიქრობ, რომ სუფთა ჰაერზე უფრო კარგ შედეგს ვიღებთ. ჩემი ვარჯიში შემოიფარგლება სპორტული ჩქარი ნაბიჯით მინიმუმ ოცი წუთის განმავლობაში და შემდეგ ვიწყებ უკვე პრესისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილის ვარჯიშს.
თავის მოვლის რომელ საშუალებებს იყენებთ?
მაქვს რამდენიმე საყვარელი ბრენდი და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ყოველთვის მქონდეს და გამოვიყენო სწორედ ეს პროდუქცია: თვალის გარშემო წასასმელი საცხი − Shiseido Benefiance, Germaine de Capuccini და Estee Lauder Night Repair. დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ სახის დასაბან გელს ან ტონიკებს, აუცილებელი არ არის განსაკუთრებული ბრენდის იყოს, აფთიაქში ვყიდულობ და ვიყენებ დაბანის შემდეგ. ტონიკის გამოყენება აუცილებელია მაკიაჟის მოშორებისას. ამის შემდეგ ვიყენებ შრატებს, კრემებს და ასე შემდეგ − ყველაფერს თანმიმდევრობით და წესების დაცვით.
გაქვთ რომელიღაც ამოჩემებული სუნამო?
ოცდაორი წელია ვიყენებ ერთსა და იმავე სუნამოს. იმდენად გამჯდარი მაქვს მისი სუნი, რომ ჩემს კანს, ტანსაცმელს, ოთახს და ჩემ გარშემო ყველაფერს, მისი სუნი ასდის. ამ სურნელს ჩემი მეგობრები უკვე „დალის სუნს“ ეძახიან. ეს არის 24 Faubourg by Hermes.
როგორია თქვენი განტვირთვის საათები?
მე მხოლოდ მაშინ ვისვენებ, როდესაც ვარ მარტო, სიჩუმეში. სწორედ ამიტომ მიყვარს ბუნებაში ვარჯიშიც. ვსუნთქავ სუფთა ჰაერს და ეს არის ჩემთვის დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომელიც თან მამშვიდებს და თან მაჯანმრთელებს. ზოგადად, დასვენება ყველაზე მეტად ზღვისპირას მიყვარს, მაგრამ არა დიდ ქალაქებში. ხმაურიანი ქალაქები, მაგალითად, ბათუმი მიყვარს მაშინ, როდესაც ვარ მეგობრებთან ერთად, დავდივარ შოპინგზე, რესტორანში, მაგრამ როდესაც დასვენებას გადავწყვეტ, სახლს სპეციალურად ქალაქისგან მოშორებით,ზღვისპირას ვიღებ − იქ, სადაც ბევრი ხალხი არ არის. მთელი წლის განმავლობაში იმდენად ვიღლები ამ უწყვეტი კომუნიკაციით, რომ შემდეგ უკვე მხოლოდ სიმშვიდე მჭირდება დასასვენებლად.
თქვენი აზრით, როგორ გამოიყურება მოვლილი ადამიანი?
ადამიანი უნდა იყოს მოვლილი და ეს მოიცავს ყველაფერს. ამ პროცესში არ იგულისხმება ის, რომ აუცილებლად ძვირფას პროცედურებზე იარო, გამოიყენო ძვირადღირებული ბრენდის კოსმეტიკა და გაიკეთო პლასტიკური ოპერაციები... ეს ყველაფერი სულაც არ არის საჭირო იმისათვის, რომ იყო მოვლილი, მოწესრიგებული და სუფთა. ამისთვის აუცილებელია სწორი კვება, ვარჯიში და ჰიგიენის ნორმების დაცვა, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ადამიანმა აუცილებლად უნდა გამონახოს დრო ვარჯიშისთვის, რადგან სილამაზისა და ჯანმრთელობის გასაღები სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესშია.
ასევე აუცილებელია ადამიანებმა ისწავლონ სტრესის მართვა. ყველას შეუძლია იპოვოს სტრესის დასაძლევი გასაღები, მთავარია ვისწავლოთ საკუთარ თავზე მუშაობა. სტრესი ისეთი რამეა, რომელიც ცხოვრებას თან სდევს და თავიდან ვერ ავიცილებთ, ამიტომ აუცილებელია ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება და მისი მართვა. რაც უფრო მშვიდად და ლაღად გამოიყურება ადამიანი, მით უფრო ლამაზია. მე სტრესის სამართავად ვიყენებ ვარჯიშს და ვცდილობ მუდამ ვიფიქრო პოზიტიურად, რადგან არავინ იცის რა გველოდება ხვალ და უნდა ვიქონიოთ მომავლის იმედი, ყოველი დღე უნდა დავიწყოთ პოზიტიურად.