OK! HEALTH AND BEAUTY BOOK-ის ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტი ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძეა, რომელმაც გარდა საკუთარი თავის მოვლის პროცედურებისა და რუტინისა, კიდევ არაერთ საინტერესო თემაზე გვესაუბრა. როგორია მისი კვების რაციონი, რამდენად აქტიურად ვარჯიშობს და რას აფასებს ადამიანში პირველი შეხედვისას, თავად გვიამბობს.
ლიკა, გაგვიზიარეთ თქვენი თავის მოვლის ყოველდღიური რუტინა.
ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ძალიან მიჭირს და იშვიათად მაქვს დრო, ვიარო კოსმეტოლოგიურ ცენტრებში და ხშირად ვიტარო მსგავსი პროცედურები, ამიტომ ძირითად შემთხვევაში, სახლის პირობებში მიწევს თავის მოვლა.
ჩემი რუტინა უპირველესად სახის დასაბან მსუბუქ საპონს მოიცავს, რომელიც არ აზიანებს სახის ქსოვილს. კვირაში ერთხელ აუცილებლად ვიყენებ სახის სკრაბს და ნიღბებს, რომელიც ყოველკვირეულად სხვადასხვანაირია. მაგალითად, გამწმედი, სახის კანის გადასაჭიმი, დამატენიანებელი და ასე შემდეგ. ასევე ვიყენებ სახის დამატენიანებელ და თვალის გარშემო წასასმელ საცხებს.
სახის მოვლისათვის ასევე ძალიან კარგია და ამ ბოლო დროს ხშირად ვიყენებ ნეფრიტის კრისტალისგან დამზადებულ სახის მასაჟორ გუაშს და როლერს, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ცირკულაციას, და ხელს უწყობს იმ პროდუქტის კარგად შეწოვას, რომელსაც ვიყენებთ სახისთვის და შესაბამისად, შედეგიც უფრო ეფექტურია. ყოველთვის ვიყენებ Sisley-ის სახის კრემს, რომელიც ჩემს სახეს ყველაზე მეტად უხდება.
რაც შეეხება სუნამოს, წლების განმავლობაში ამოჩემებული მქონდა Narciso Rodriguez, ახლა კი გადავედი Byredo Bal D’Afrique-ის მოხმარებაზე.
გვიამბეთ თქვენი კვების რაციონის შესახებ.
კვების რაციონს რაც შეეხება, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღის განმავლობაში არის საუზმე. დილით, როდესაც შინიდან გავდივარ, საღამომდე ვეღარ შემოვდივარ და შესაბამისად, ჭამასაც ვერ ვახერხებ, ამიტომ ძალიან ხშირ შემთხვევაში მიწევს ორჯერადი კვება, რაც მოიცავს საუზმესა და ვახშამს. დილის საუზმე უნდა იყოს ნოყიერი, ვიტამინებით გაჯერებული, და შედგებოდეს როგორც ცილებისგან, ასევე ნახშირწყლებისგან. ეს ხელს მიწყობს მთელი დღის განმავლობაში ენერგიის შენარჩუნებაში.
რა დროს უთმობთ კვირის განმავლობაში ვარჯიშს?
პერიოდულად, ყოველთვის ვვარჯიშობ. არის მომენტები, როდესაც ვარღვევ ამ რუტინას, რადგან ფიზიკურად ვერ ვასწრებ და ვერ ვახერხებ. როდესაც დრო მაქვს, ვცდილობ ფიტნესცენტრში ვიარო და იქ ვივარჯიშო, ხოლო როცა ამისთვის არ მცალია, ჩემთან, შინ მოდის ჩემი მწვრთნელი და იქ ვვარჯიშობ პილატესს და იოგას. ასევე ძალიან მიყვარს პილატესის აპარატი, იმიტომ, რომ ერთდროულად ხდება კუნთის გაწელვაც და ბიოდინგიც.
როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იმისა, რომ ჯანსაღი სხეული და სახის კანი შევინარჩუნოთ?
უპირველეს ყოვლისა, ჩვენი შინაგანი და მენტალური სიმშვიდე ქმნის ჩვენსავე გარეგნობას. ადამიანი როგორც გრძნობს საკუთარ თავს, ისევე გამოიყურება გარეგნულად. სტრესი არის პირველი ფაქტორი, რომელიც სულიერ ჯანმრთელობასთან ერთად, მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ შეხედულებაზეც. რა თქმა უნდა, სტრესის მართვა ძალიან რთულია, რადგან ისეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, რომ შეუძლებელია ამ ყოველდღიურ ნერვიულობას და სტრესს გავექცეთ, მაგრამ ყველანაირად უნდა ვეცადოთ შევიმსუბუქოთ ეს ყველაფერი. მე ვცდილობ ყოველთვის შევინარჩუნო სულიერი სიმშვიდე და თავიდან ავირიდო ზედმეტი სტრესი, რომელიც ისედაც ყოველთვის თან სდევს ჩვენს ცხოვრებას. მაგალითად, არ ვუყურებ საინფორმაციო გამოშვებებს და ა.შ. გარდა ამისა, ადამიანმა, რაც კი შეიძლება ცუდი გაუკეთოს საკუთარ თავს, ეს უპირველესად არის თამბაქოს მოხმარება და ალკოჰოლის მიღება.
პირადად ჩემზე რომ ვილაპარაკო, ალკოჰოლს ძალიან იშვიათად ვიღებ, ასევე ვცდილობ რაც შეიძლება მოწესრიგებული მქონდეს ძილი. თუ კარგად ვერ გამოვიძინე, შემდეგ მთელი დღე ცუდ განწყობაზე ვარ. გარდა იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც ცხოვრებაში გვაკისრია, ყოველთვის უნდა ვეცადოთ ვაკეთოთ ის, რაც სიამოვნებას გვანიჭებს.
რას აფასებთ ადამიანში პირველი შეხედვისას?
უპირველეს ყოვლისა, ადამიანს რომ შევხედავ, მისი თვალები და გამომეტყველება მოქმედებს ჩემზე და მიქმნის ზოგად წარმოდგენას მასზე. მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ ადამიანის ვიზუალს ვაკვირდები. უფრო დიდ ყურადღებას მის ენერგეტიკას ვაქცევ.