თავის მოვლა მამაკაცებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ქალბატონებისთვის, სწორედ ამიტომ OK! HEALTH AND BEAUTY BOOK-ის ივლისის ნომერი ისეთ რესპონდენტებთან გთავაზობთ ინტერვიუებს, რომლებიც ყოველთვის განსაკუთრებულად და თვალშისაცემად გამოიყურებიან. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომღერალი რატი დურგლიშვილია, რომელიც როგორც თავად ამბობს, არ იყენებს თავის მოვლისთვის რომელიღაც კონკრეტულ პროდუქტებს, მაგრამ აქვს სასურველი გარეგნობის შენარჩუნების საკუთარი ხრიკები, რომლებსაც ჩვენს მკითხველს უზიარებს.
რატი, გაგვიზიარეთ თქვენი თავის მოვლის რუტინა.
სიმართლე გითხრათ, ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ თავს განსაკუთრებულად ვუვლი, თუმცა ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცისთვის აუცილებელი ყველანაირი თავის მოვლის საშუალება არის ჩემს სახლში, მათ გამოყენებას ვერ ვახერხებ, რადგან ამ პროცედურების ჩასატარებლად დროს ვერ გამოვყობ, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ შეეხება პირად ჰიგიენას. ჰიგიენური ნორმების დაცვა ჩემი ყოველდღიური რუტინაა.
როგორც აღვნიშნე, თავის მოვლის სხვადასხვა პროდუქტს არ ვიყენებ, თუმცა მაქვს ჩემი მეგობრის მიერ გამოგზავნილი მამაკაცის სახისთვის განკუთვნილი თიხის ნიღაბი, რომელიც რამდენჯერმე გამოვიყენე და ძალიან კარგი შედეგი მივიღე. გარდა ამისა, გაკეთებული მაქვს მეზოთერაპია, რომელიც ასევე ძალიან შედეგიანი აღმოჩნდა ჩემი სახის კანისთვის. ამასთან ერთად სალონში ვიკეთებ ფრჩხილებს, წვერს. რაც შეეხება წარბებს, საკუთარი ხელით ვიკორექტირებ უმეტეს შემთხვევაში.
არ მიყვარს ზედმეტად მოვლილი და გამოწყობილი იმიჯით სიარული, ყოველთვის თავისუფალ სტილს ვანიჭებდი უპირატესობას, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მიწევს ასე სიარული, მაგრამ ეს მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციებში ხდება.
სასურველი გარეგნობის შენარჩუნების თქვენეული ხრიკი ან საიდუმლო ხომ არ გაქვთ?
ჩემთვის თავის მოვლის ყველაზე დიდი მეთოდი და ხრიკი არის ჯანსაღი კვება. დაახლოებით ოთხი თვეა, რაც საათობრივ კვებაზე გადავედი. ყოველთვის ვცდილობ ჯანსაღი პროდუქტი მივაწოდო ორგანიზმს და შევამცირო ულუფები.
ასევე დიდი რაოდენობით ვიღებ სითხეს წყლის სახით. დილის კვება 12:00 საათზე იწყება, ხაჭოთი, მაწვნით და იოგურტით, რომელსაც ასევე ვუკეთებ დანამატებს – თაფლს, თხილს და სხვა ჯანსაღ პროდუქტებს.
შემდეგი კვება მიწევს 15:00 საათზე და ამ დროსაც ვცდილობ იგივე პროდუქტები მივიღო, რაც დილით, რადგან მათი შემადგენლობა ენერგიის შენარჩუნებაში მიწყობს ხელს. 18:00 საათზე ვიკვებები ხორცით, მაგალითად, ქათმის ფილეთი ან სოსისით, თუმცა ჩემი კვების რაციონიდან ვცდილობ ხორცის ამოღებას, უპირველესად, ცხოველებისადმი ჩემი დამოკიდებულების გამო.
გარდა ჯანსაღი კვებისა, როდესაც ამის საშუალება იყო და სავარჯიშო დარბაზები მუშაობდა, ყოველდღიურ რეჟიმში ვვარჯიშობდი.
რომელია თქვენი საყვარელი სუნამო?
სუნამოების დიდი კოლექცია მაქვს და მათ შორის ძირითადი ადგილი ნიშურ ბრენდებს უჭირავს. მათი არჩევისას ყოველთვის ვეძებ განსაკუთრებულ, გამორჩეულ სუნს და დიდ დროს ვუთმობ ამ პროცესს. რომელიღაც კონკრეტული სუნამო არ მაქვს ამოჩემებული, მაგრამ უფრო მეტად აზიური სურნელებანი მიზიდავს. მათ შორის ჩემთვის ყველაზე გამორჩეული სუნამოებია Don Xerjoff-ი და Shaik-ის silver-ი.
თქვენი გადმოსახედიდან, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მოვლილი ქალი?
არ მაქვს კონკრეტული კრიტერიუმი და ჩასაფრებული თვალით არ ვაკვირდები მანდილოსნებს. ზოგი ქალბატონი გადატვირთული გრაფიკის ან სხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებს თავის სათანადოდ მოვლას, თუმცა ვფიქრობ, შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად მოვლილი და მოწესრიგებული უნდა იყოს. მაგრამ თუ მაინც კონკრეტულად მეკითხებით, პირადად მე, უპირველეს ყოვლისა, თვალები და კბილები მხვდება თვალში. ასევე ვაკვირდები წელს, მხრებს, კისერს და სახის კანს.
დაბოლოს... რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს იმისათვის, რომ გამოიყურებოდნენ მუდამ ახალგაზრდულად და ჯანსაღად?
ხშირად მეუბნებიან, რომ ასაკი არ მეტყობა და გამოვიყურები ბევრად ახალგაზრდად, ვიდრე სინამდვილეში ვარ. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ასე ხდება, არის ის, რომ მაქსიმალურად ვცდილობ გავუფრთხილდე ნერვებს. რაც უნდა ეცადო და იკვებო სწორად, ივარჯიშო და ასე შემდეგ, თუ ნერვულ სისტემას არ გაუფრთხილდები, ეს ყველაფერი ამაო იქნება. მეტისმეტი ნერვიულობა, განცდა და ყველაფრის მიმართ აღელვებული დამოკიდებულება იწვევს ნაადრევ დაბერებას და ჩემი რჩევა იქნება, მაქსიმალურად შეეცადეთ და გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას.