ჩვენს რესპონდენტს განსაკუთრებული წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება... მსახიობსა და არაერთი გადაცემის ტელეწამყვან ბახვა ბრეგვაძეს უკვე არაერთი წელია თითქმის ყოველდღე ვხედავთ ტელეეკრანებზე. აქედან გამომდინარე, მას მუდმივ რეჟიმში უწევს გრიმის ტარება, რაც დამეთანხმებით, არცთუ სასარგებლოა სახის კანისთვის. როგორ უვლის თავს, რამდენად აქტიურად ვარჯიშობს, და როგორ გამოიყურება მისი გადმოსახედიდან მოვლილი ადამიანი, თავად უამბობს OK!-ის მკითხველს.
ბახვა, როგორ უვლით თავს ყოველდღიურად?
სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებულად არ ვუვლი თავს. დილით, გაღვიძებისთანავე ვიღებ შხაპს, რადგან ამის გარეშე დღის დაწყება ჩემთვის შეუძლებელია. შემდეგ მივდივარ ვაკის პარკში, სადაც ღია სავარჯიშო კომპლექსია მოწყობილი და იქ ვვარჯიშობ ჩემს მწვრთნელთან ერთად. ამის შემდეგ კვლავ ვბრუნდები შინ, ვიღებ შხაპს და მივდივარ სამსახურებში. სულ ეს არის ჩემი თავის მოვლის რუტინა.
ვიცი, რომ აუცილებელია, მაგრამ ვერ შევეჩვიე კრემების მოხმარებას. მიუხედავად ამისა, თავის მოვლის უამრავი საშუალება მაქვს, მაგრამ მათ გამოყენებას ვერ ვახერხებ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ის არის, რომ ამის დრო არასდროს მაქვს. როგორც კი აბაზანიდან გამოვდივარ, მაშინვე საქმეზე მივრბივარ. გული მწყდება, რომ თავის მოვლისათვის არ მრჩება დრო, რადგან ამდენი გრიმი და კიდევ უამრავი სხვა ფაქტორი კანს საკმაოდ აზიანებს. ერთადერთი, რასაც ყოველთვის მოვიხმარ, ეს არის სუნამო IL Profvmo Gardenia Royal.
თუმცა იშვიათად, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მეგობრებთან ერთად დავდივარ ისეთ ადგილებში, სადაც სახის კანის მოვლის პროცედურებს ვიტარებ. მაგალითად, ბოლოს ვიყავი ვაკეში, „ისი-პარის“ მიერ მოწყობილ „შანელის კაბინეტში“ და ძალიან კარგი შედეგიც მივიღე.
თითქმის ყოველდღიურად გიწევთ სატელევიზიო გრიმის ტარება. როგორ აისახება ეს თქვენი სახის კანზე?
რაც შეეხება გრიმებს, მინდა ვთქვა, რომ შევიძინე საკუთარი საშუალებები, საკმაოდ მაღალი ხარისხის, და ვცდილობ მხოლოდ ისინი გამოვიყენო ყოველდღიურად, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ მინიმალურად დააზიანებს ან საერთოდ უვნებელს დატოვებს ჩემი სახის კანს.
ზოგადად, რამდენად სისტემატურად ვარჯიშობთ?
კვირის განმავლობაში სამი დღე ვვარჯიშობ და დაახლოებით საათნახევარს ვუთმობ ამ პროცესს. პანდემიის პერიოდში ვერ ვარეგულირებდი კვებას და ვერ ვუწყობდი ხელს ჩემს ორგანიზმს, რის გამოც წონაში მოვიმატე და ამან ჩემს განწყობაზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა. ვერც კვების რაციონის დაცვას ვახერხებდი, რადგან ძირითადად ვიძახებდი სხვადასხვა გემრიელ, კალორიულ კერძს, მათ შორის ტკბილეულს. ეს ყველაფერი აისახა ჩემს კილოგრამებზე, ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაზე. შესაბამისად, ახლა ვარჯიშისთვის უფრო დიდი დროის დათმობა და ასევე საკვების შეზღუდვა მიწევს. ვცდილობ ვიკვებო ჯანსაღად და დავიცვა 18-საათიანი შუალედი, როგორც ეს მწვრთნელმა მირჩია.
თქვენი აზრით, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მოვლილი ადამიანი?
ქალბატონის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, თმა, კბილები, ხელები, თითები და ფრჩხილები მხვდება თვალში. მთლიანობაში, ბუნებრივ სილამაზეს ვანიჭებ უპირატესობას. უფრო მეტად მსუბუქი მაკიაჟი მომწონს ქალბატონზე, ეს უფრო თვალში მოსახვედრი და მოსაწონია ჩემთვის.
არ მომწონს ზედმეტად გაპრანჭული და გაპრიალებული მამაკაცები, თმის ორიგინალური ვარცხნილობებით. ვფიქრობ, საკმარისია იზრუნოს პირად ჰიგიენაზე და გამოიყურებოდეს სუფთად. ჰქონდეს მოწესრიგებული ფრჩხილები და კბილები.