ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა დღევანდელ რეალობაში ძალიან რთულია, მაგრამ რა თქმა უნდა შესაძლებელი, რასაც ჩვენი რესპონდენტი, ყველასთვის საყვარელი მომღერალი ლელა წურწუმიაც გვიდასტურებს, რომელიც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. მისი თქმით, ამის განმსაზღვრელი ფაქტორი არა მხოლოდ თავის მოვლა, არამედ შინაგანი განწყობაა, რომელიც ადამიანს შეხედვისთანავე ნათლად ეტყობა.
ქალბატონო ლელა, როგორია თქვენი თავის მოვლის ყოველდღიური რუტინა?
ყველა ადამიანს თავისი ქცევის ინდივიდუალური წესი აქვს გაღვიძების მომენტიდან. მაგალითად, ჩემთვის არ არის სასურველი, გაღვიძებისთანავე ადგომა, რადგან ჯერ უნდა აღვიქვა ის რეალობა, რაც ხდება, უნდა დასტაბილურდეს ჩემი გამოფხიზლების პროცესი და შემდეგ ნელ-ნელა წამოვდგე. პირველი, რასაც ვაკეთებ, ეს არის ლოგინის გასწორება – ეს ჩვევა ბავშვობიდან მაქვს და არასოდეს ვტოვებ გასასწორებელ ლოგინს. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა შევდივარ აბაზანაში და იწყება ჩვეულებრივი თავის მოვლის პროცედურა: შხაპის მიღება, სახის, კბილების გაწმენდა... მოკლედ რომ ვთქვათ, პირადი ჰიგიენა, რომელიც ყველა ადამიანს სჭირდება. აუცილებლად ვცდილობ წავიხემსო და შინიდან მშიერი არ გავიდე.
როგორია თქვენი ყოველდღიური ჩაცმის სტილი?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მივდივარ, რადგან სწორედ ამის შესაბამისად ვიკეთებ მაკიაჟს და ვარჩევ სამოსს. ძირითადად, მიყვარს თავისუფლად და სპორტულად სიარული, ჯინსები და დაბალი ფეხსაცმელი. თუ გადაღება მაქვს, რა თქმა უნდა, სხვანაირი მაკიაჟით, გრიმით და ტანსაცმლით მივდივარ. ზაფხულში ეს ძალიან რთულია, მაგრამ როცა სიტუაცია მოითხოვს, სხვა გზა არ არის.
მაკიაჟს ყოველდღე იყენებთ?
მსუბუქ მაკიაჟს ყოველდღიურად ვიყენებ, მაკიაჟის გარეშე არასოდეს არ გამოვდივარ შინიდან და ყოველთვის ჩემით ვიკეთებ – იქნება ეს სასცენო, სატელევიზიო თუ ყოველდღიური მსუბუქი მაკიაჟი.
თმას რაც შეეხება, ხშირ შემთხვევაში, როდესაც სველი თმით გავდივარ შინიდან, მივდივარ ჩემს საყვარელ სტილისტ გიორგი ელიაძესთან და იქ ვივარცხნი თმას.
როგორია თქვენი კვების რაციონი?
ძალიან მინდა, ვიკვებო ჯანსაღი საკვებით. ვიცი, რომ შაქარი უნდა ამოვიღოთ, ნახშირწყლები ზომიერად უნდა მივიღოთ, ცილების მიღებაც უნდა დავაბალანსოთ, მაგრამ ხანდახან ეს არ გამოდის. მე ვფიქრობ, რომ ორგანიზმმა ყველაფერი უნდა მიიღოს, მაგრამ გარკვეული დოზებით, რადგან გადამეტებული არაფერი არ არის კარგი. ვერ ვიტყვი, რომ დღის რაციონი გაწერილი მაქვს, მაგრამ ამ პანდემიის პერიოდში მე თვითონ დავიწყე კერძების მომზადება, ვიცოდი, რითი მქონდა მომზადებული, რა დოზებით, რას შეიცავდა და უფრო გამიადვილდა ამ პერიოდში კვების რაციონის კონტროლი. ხუთი საათის შემდეგ არ მივირთმევდი და 24-საათიან შუალედს ვაკეთებდი, მაგრამ იმ ერთი კვებისას ძალიან კარგად მივირთმევდი, რათა მთელი დღის განმავლობაში გამყოლოდა და შიმშილის გრძნობა არ მქონოდა.
რა დროს უთმობთ ვარჯიშს?
მთელი ცხოვრების განმავლობაში ვვარჯიშობ, თუმცა პერიოდულად. მაგალითად, სწორედ ახლა ვგეგმავ ვარჯიშის განახლებას, ამის თაობაზე უკვე ველაპარაკე ჩემს მწვრთნელს, დათუნა ნადარაიას და აუცილებლად შევუერთდები ძალიან მალე. პანდემიისა და ამით გამოწვეული რეგულაციების გამო, ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, ვერ ვმუშაობ და მინდა რაიმეთი დავკავდე. ძალიან დიდი ენერგია მაქვს და ის, რომ ამ ენერგიას ვერ ვხარჯავ, ფიზიკურადაც და სულიერადაც ჩემთვის ძალიან დამღლელია, ამიტომ მჭირდება ვარჯიშის ძალიან მალე განახლება.
თავის მოვლის რომელ პროდუქტებს იყენებთ?
უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად ვიყენებ ტონერს, დამატენიანებელს. ჩემი ასაკის ქალებისთვის აუცილებელია ასევე ლიფტინგი. ზაფხულში საერთოდ არ მინდა, კანი გაცხიმიანდეს და ამიტომ ძალიან კარგ ჟელესებრ კრემს ვიყენებ, რომელშიც 24 კარატი ოქრო შედის. არასოდეს ვიტოვებ მაკიაჟს სახეზე, აუცილებლად ვიშორებ, შემდეგ პირს ვიბან და ლოსიონით ვიწმენდ. შემდეგ ვისვამ ტონერს, დამატენიანებელ საცხს და თვალისა და ტუჩის ირგვლივ საცხს. ეს ყველაფერი ერთიანობაში გვაძლევს ძალიან კარგ შედეგს. როდესაც კომპლექსურად აკეთებ რაღაცას, შედეგიც ბევრად უკეთესია.
რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას ადამიანის გარეგნობაში?
კონკრეტული კრიტერიუმები არ მაქვს, მთლიანობაში უნდა აღიქვა ადამიანი – დაწყებული ფეხსაცმლიდან, ფრჩხილით დასრულებული. როგორ გამოიყურება, როგორი მაკიაჟი აქვს, ასევე მნიშვნელოვანია გემოვნება, იცვამდეს შესაბამისად იმ ადგილთან, სადაც არის. ეს ჩემთვის ძალიან ბევრი რამის მიმანიშნებელია. ამით შეიძლება ადამიანის ხასიათის ამოცნობა.
რას ურჩევდით ქალბატონებს ჯანსაღი კანის შესანარჩუნებლად?
თუ ამის სურვილი, საშუალება და ხალისი აქვთ ადამიანებს, გააკეთონ ის პროცედურები, რომლებსაც მე ვაკეთებ – აუცილებლად კარგი შედეგი ექნებათ. ადამიანი როგორიც არის შინაგანად, იმას ასხივებს გარეთაც. თუ მუდმივად ცუდად არის და პრობლემას არაფერში ხედავს, ის მდგომარეობის შესაბამისად გამოიყურება. შესაძლოა არსებობდეს დაუძლეველი პრობლემები, მაგრამ როდესაც არსებობს ისეთი პრობლემა, რომლის მოგვარებაც შენს ხელშია, ნერვიულობად ნამდვილად არ ღირს.
ვურჩევ ყველას, ეცადონ მაქსიმალურად გაიხალისონ და გაილამაზონ ცხოვრება. ჩვენს თავზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუნდაც პანდემია, რომელიც ჩვენ ირგვლივ ტრიალებს. ვფიქრობ, ტყუილად არაფერი ხდება და ეს სივრცე, სადაც ჩვენ ჩაგვკეტეს, საკუთარი თავის უკეთ შეცნობის საშუალება იყო. 72 საათის შემდეგ ადამიანი უკვე იწყებს საკუთარი თვისებების გამოვლინებას, იქ უკვე ვეღარ თამაშობ, იქ არც შირმაა, არც ადამიანები არიან და იწყებ შენი თავის გამოვლინებას.