თანამედროვე მამაკაცები რომ უფრო დიდ დროს უთმობენ თავის მოვლას, ვიდრე ეს რამდენიმე ათეული წლის წინ ხდებოდა, ახალი არავისთვისაა. საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა ელემენტარულით იწყება, შესაბამისად, სხეულის მოვლა და მის გაჯანსაღებაზე ზრუნვა მოეთხოვება ყველას, განურჩევლად სქესისა. რესპონდენტი, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, ჩვენს მკითხველს თავის მოვლის ყოველდღიური პროცედურებისა და სხვა არაერთი საინტერესო თემის შესახებ უამბობს. მაშ ასე, წაიკითხეთ საინტერესო ინტერვიუ ყველასთვის საყვარელ დიზაინერ, ავთანდილ ცქვიტინიძესთან.
ავთო, როგორია თავის მოვლის თქვენი ყოველდღიური პროცედურები?
დავიწყოთ იქიდან, რომ დილით ძალიან ადრე, ექვს ან შვიდ საათზე ვდგები და უპირველესად თბილ, ლიმონიანი წყალს ვსვამ, რომელიც გუნება-განწყობისა შექმნასა და ორგანიზმის მობილიზებაში მეხმარება. ბოლო ხუთი წელია სიგარეტს ვეწევი და ვგრძნობ, რომ ეს ჩემი ორგანიზმისთვის ძალიან ცუდია, ამიტომ ვცდილობ ამ პროცედურით ერთგვარი კომპენსირება გავაკეთო. ასევე, დილით სახეს აუცილებლად ვიბან ჯერ ყინულიანი, შემდეგ კი თბილი წყლით. გარდა ამისა, ყოველდღე ვიპარსავ წვერს. ამასთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრ წყალს მივირთმევ, რაც ძალიან სასარგებლოა თითოეული ადამიანის ორგანიზმისთვის.
თავის მოვლის რომელ საშუალებებს იყენებთ?
ჩემი თავის აბსოლუტურად ყველა მოვლის საშუალება pHformula-ს ბრენდისაა. მხოლოდ ამ კომპანიის პროდუქტს ვიყენებ – თხევადი საპნიდან დაწყებული, გამაგრილებელი საცხით დამთავრებული.
რამდენად აქტიურად ხართ დაკავებული ვარჯიშით?
ვარჯიში ჩემი ყოველი დილის შემადგენელი ნაწილია. კვირაში სამი დღე ჰანტელებით და გირებით ვვარჯიშობ, ხოლო კიდევ სამი დღე ე.წ. გამოშრობის ვარჯიშებს ვაკეთებ. თუ გამოშრობის დღე მაქვს, მაშინ დავრბივარ სარბენ ბილიკზე, ვხტუნავ ლახტით ან ვაკეთებ რომელიღაც სხვა კარდიოვარჯიშებს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გუნებაზე ვარ და რას ითხოვს ჩემი ორგანიზმი. თუ ზაფხულია, დილით აუცილებლად ცურვას ვუთმობ დროს, ხოლო თუ სტრესული პერიოდი მაქვს, ვვარჯიშობ კრივში. ყოველთვის ვუსმენ ჩემს ორგანიზმს და ვცდილობ გავუმკლავდე ყველა იმ რთულ მომენტს, რომელიც ცხოვრებას თან სდევს. შესაბამისად, მუდამ ვცდილობ ჩავუღრმავდე ჩემს თავს და ვისწავლო სტრესების მართვა, ფიზიკურადაც და სულიერადაც.
როგორია თქვენი კვების რაციონი?
როდესაც სხვა ქვეყანაში ვარ, კვებას ყურადღებას ვერ ვაქცევ, ამიტომ თავს არასოდეს ვიკავებ მივირთვა ის კერძები, რომელიც მიყვარს – რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში. თუმცა როდესაც თბილისში ვარ, ვცდილობ, საერთოდ არ მივირთვა ცომეული. მიუხედავად ამისა, კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ ვცდილობ გავახარო საკუთარი თავი და მივირთმევ ტკბილეულს, ნამცხვრებს და შოკოლადებს, რაც ძალიან მიყვარს.
ყოველდღიურ კვებას რაც შეეხება, დღეში ოთხჯერ ან სამჯერ ვიკვებები ნახშირწყლებისა და ცილების შერევით, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემს კვებას მთლად სწორსაც ვერ დავარქმევ, რადგან ხანდახან თავს უფლებას ვაძლევ ის მივირთვა, რაც მიყვარს. თუმცა ორგანიზმი ისეა ამ ყველაფერს შეჩვეული, რომ ჩემი წონის მატება არ არის ხოლმე რადიკალური. თუ ვხვდები, რომ ვიმატებ, მაშინ თავს ვიკავებ და მალევე ვარეგულირებ წონას.
თქვენი აზრით, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მოვლილი ქალი?
მოვლილი ქალი არის მაქსიმალურად ბუნებრივი და ნატურალური. არ ვარ ჩარევების წინააღმდეგი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რადიკალური და არაბუნებრივი.
რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში პანდემიამ?
ოცდახუთი წლის შემდეგ, პირველად დავუბრუნდი ფერწერას და საკმაოდ ბევრი ტილო დამიგროვდა პანდემიის პერიოდში. ამან აბსოლუტურად შეცვალა ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ. ფაქტობრივად, ახალი ავთო აღმომაჩენინა, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი. ყოველთვის საკუთარი თავის ძიებაში ვარ და მუდმივად ვაანალიზებ, რა პერიოდში რა ტიპის ადამიანი ვარ. მოკლედ, რომ ვთქვა, მიყვარს ჩემი თავის შესწავლა და გაცნობა. ხშირად ბევრ ახალ თვისებას აღმოვაჩენ ხოლმე საკუთარ თავში, თუმცა არის ისეთი თვისებებიც, რომელიც მუდმივად მახასიათებდა. მაგალითად, გულწრფელობა, იუმორის გრძნობა და ემოციურობა, რის გადაკეთებას და შეცვლასაც არ ვცდილობ. ერთადერთი, რასაც ვცდილობ, ემოციების კონტროლია.
ხატვის დასაწყისში არასდროს ვიცოდი რას ვხატავდი, რამაც ახლებურად დამანახა ჩემი ფიქრები. უკეთ მივხვდი, რა მაწუხებდა ან რა მიხაროდა. ეს ყველაფერი გადმომქონდა ტილოზე, ფერებში. როდესაც უყურებ, როგორ გამოიყურება შენი ნამუშევარი, ძალიან იცვლები ადამიანი. ბევრი პრობლემა ქრება, ბევრი მოგონება იღვიძებს და გადადიხარ რადიკალურად სხვა სამყაროში. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც შენი ახლობლები აფასებენ შენს ნამუშევარს და თავისებურად კითხულობენ ამ ნახატებს. ხშირად ჩემი ფიქრი და ნააზრევი არ ემთხვევა იმას, რაც მათ დაინახეს, ზოგჯერ კი ზუსტად იმას კითხულობენ, რაც ამ ნამუშევარში ჩავაქსოვე, და ეს ძალიან მახარებს.