მზიან სეზონს დიდხანს ველით, თუმცა, როგორც წესი სასიამოვნო მზის აბაზანები არც ისე კარგად სრულდება: ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანი შრება და მასზე მცირე ნაოჭები წარმოიქმნება. მაგრამ კანის სწრაფი აღდგენა შესაძლებელია. ამაში ეფექტური ექსპრეს-ნიღბები დაგეხმარებიან.
გამათეთრებელი ნიღაბი. ხანდახან სახე ძლიერ იწვება, ამ შემთხვევაში კიტრის ნიღაბი დაგეხმარებათ. მის მოსამზადებლად საჭიროა მხოლოდ კიტრის სირბილე ქერქის გარეშე.
გამაჯანსაღებელი ნიღაბი. დაგეხმარებათ კანის ფერის გაუმჯობესებაში და დაღლილობის ნიშნების გაქრობაში. გამოწურეთ საზამთროს სირბილიდან წვენი და გაყინეთ ყინულის ფორმებში. ყოველდღე 20 დღის მანძილზე გადაიტარეთ საზამთროს კუბიკი სახესა და სხეულზე.
დამატენიანებელი ნიღაბი. გამოგადგებათ კოლაგენის სტიმულირებისთვის. გამოაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან. აურიეთ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი კვერცხის გულთან. დაიდეთ ფაფა სახეზე. 20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი კანს კვებავს და სიმშრალის წინააღმდეგ მშვენიერი საშუალებაა.
მკვებავი ნიღაბი. სწრაფად აღადგენს და არბილებს კანს რუჯის შემდეგ. დაჭყლიტეთ 1 საშუალო ზომის ბანანი და დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი. კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნიღაბი დაიდეთ გასუფთავებულ კანზე 15 წუთით, შემდეგ თბილ წყალში დასველებული ბამბით ჩამოიბანეთ.
დამამშვიდებელი ნიღაბი. დაგეხმარებათ კანის სიწითლეების შემთხვევაში და მოხსნის წვას რუჯის შემდეგ. მის მოსამზადებლად დაასხით 1 ს.კ. გვირილას ყვავილებს ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი და დატოვეთ 40 წუთით. აიღეთ თხელი ნატურალური ქსოვილი დაახლოებით თქვენი სახის ზომის. გამოჭერით თვალების, ცხვირის და პირის ადგილები. ჩაალბეთ ქსოვილი გვირილას ნაყენში და დაიდეთ სახეზე 5 წუთით. ამის შემდეგ ნიღაბი კიდევ რამდენჯერმე დაასველეთ, სანამ სახის გაღიზიანება არ ჩაცხრება.