მსოფლიო სტატისტიკით, ართროზს დაავადებათა რიგში მესამე ადგილი უჭირავს და მას მხოლოდ ონკოლოგიური, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უსწრებს რაოდენობრივად. საქართველოში ეს დაავადება ძალიან გავრცელებულია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, „აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის“ ორთოპედია-ტრავმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელ გიორგი კვარაცხელიასთან გასაუბრება.
სანამ უშუალოდ ართროზზე ვისაუბრებთ, მკითხველისთვის ძალიან საინტერესოა თქვენი, როგორც ექიმის, გამოცდილება.
ბავშვობიდან მაინტერესებდა მედიცინა. ექიმების ოჯახში ვარ გაზრდილი და სხვაგან არც კი წარმომედგინა საკუთარი თავი. არაფერია იმაზე დიდი ჯილდო, ვიდრე მადლიერი პაციენტი. ადამიანი, რომლის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილი შეგაქვს.
დღემდე მახსენდება ჩემი პირველი, დამოუკიდებელი ოპერაცია, კიევში, ლავიწის ძვალზე რომ ჩავატარე. თავიდან შიშმაც შემიპყრო, მაგრამ წარმატებულმა შედეგმა მაჩვენა – სწორედ ესაა ჩემი მოწოდება. აქტიური ადამიანი ვარ, ვერასდროს ვიჯდები კომპიუტერთან.
ჩვენი საქმე ისეთია, მუდმივად უნდა განვითარდე, ყველა სიახლე მეტად გეხმარება წარმატების მიღწევაში. ხშირად მიწევს საფრანგეთში ვიზიტი. მსოფლიოში ცნობილი ფრანგი ორთოპედი, პროფესორი ფარიზონი ჩვენს კლინიკასთან თანამშრომლობს. მისი სახელი ჩვენს სფეროში ყველამ იცის, თქვენს მკითხველს კი ვეტყვი, რომ ეს ადამიანი სენტ-ეტიენის საუნივერსიტეტო კლინიკაში საქმიანობს და იტალიის საფეხბურთო ნაკრების კონსულტანტი, ამავე დროს არაერთი ცნობილი იტალიელი სპორტსმენის ორთოპედია.
ფრანგული სკოლა წამყვანია ორთოპედიაში. სწორედ ლიონში ვეცნობით ახალ ტექნოლოგიებს, ახალ მეთოდებს, ვესწრებით ოპერაციებს და შესაბამისად, ყველა სიახლეს საქართველოში ვნერგავთ.
ფრანგული კონცეფცია ითვალისწინებს პაციენტის მაქსიმალური დაზოგვით მაქსიმალური შედეგის მიღწევას.
როგორც ჩანს, საინტერესო სიახლეები დანერგეთ. თუ შეიძლება, გვიამბეთ მათ შესახებ.
როგორც უკვე გითხარით, „თოდუას კლინიკაში“ მაქსიმალურად დამზოგველ ოპერაციებს ვანიჭებთ უპირატესობას, ეს მნიშვნელოვანია. ძალიან მცირე განაკვეთით, პრაქტიკულად, კუნთოვანი სისტემის დაზიანების გარეშე, იმპლანტი თავსდება სახსარში. სწორედ ამგვარი ოპერაცია გვაძლევს პაციენტების სწრაფი გააქტიურების საშუალებას. ოპერაციიდან 8-10 საათის შემდეგ ისინი სიარულს იწყებენ და მეოთხე-მეხუთე დღეს პრაქტიკულად საკუთარი ფეხით ტოვებენ კლინიკას. ასეთი ოპერაციისას შემცირებულია რეაბილიტაციის პერიოდი და პაციენტს რეალურ სახსართან მიახლოებული მოძრაობის შესრულება შეუძლია.
რაც შეეხება ხარისხს, ჩვენ ვმუშაობთ სწორედ იმ იმპლანტებით, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში ყველაზე აქტიურად გამოიყენება. უმნიშვნელოვანესი სიახლეა ართროსკოპი − აპარატი, რომლითაც ხდება აბსოლუტურად ყველა სახსრის დათვალიერება. ის ძალიან გვეხმარება სწორ დიაგნოსტიკაში და აადვილებს ენდოსკოპიური მეთოდით მრავალი ოპერაციის ჩატარებას.
ართროსკოპია სახსრის ქირურგიული მკურნალობის მინიინვაზიური მეთოდია, რომლის საშუალებითაც შევდივართ სახსარში და ვათვალიერებთ. ეს მეთოდი გვაძლევს საშუალებას, სახსრის დაზიანებული უბნის ნაწილობრივი ან სრული ამოღება-ჩანაცვლება განვახორციელოთ.
მაგალითად, თუ სახსარში გვაქვს მხოლოდ მცირე დაზიანებული უბანი, ართროსკოპიის საშუალებით ჩვენ ძალიან დამზოგველად ვიღებთ მას, ვაფასებთ ხრტილის მდგომარეობას. ასე, პოსტოპერაციულად, პაციენტს შესაბამისი კონსერვატიული მკურნალობა სწორად ენიშნება, ხოლო სახსრის რესურსს მაქსიმალურად ვიყენებთ.
უნიშვნელოვანესი სიახლე, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით, მუხლის სახსრის უცემენტო ფიქსაციის ენდოპროთეზის დანერგვაა.
როგორია ართროზის სტატისტიკა საქართველოში?
21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემა ართროზია. რა თქმა უნდა, გვიანი მომართვიანობა ართულებს საქმეს და ხშირ შემთხვევაში, ოპერაციის გარეშე პრობლემა არ გვარდება. დაავადება შესაძლოა თანდაყოლილი პათოლოგია იყოს, ხშირია შეძენილი დეფორმაციების შედეგებიც. მისი მკურნალობის ყველაზე წარმატებულ მეთოდად ევროპასა და აშშ-ში ქირურგიული ჩარევა მიიჩნევა, რაც სახსრის სრულ ან ნაწილობრივ ჩანაცვლებას მოიცავს.
საქართველოში მენჯ-ბარძაყის პრობლემა უფრო აქტუალურია, ვიდრე მუხლის სახსრის, რადგან ჩვენი რეგიონი დისპლაზიური, ანუ არასწორად განვითარებული სახსრისკენ მიდრეკილი რეგიონია.
ართროზის ყველაზე ხშირი გამოვლინება სახსარში ტკივილია. ტკივილის შემდეგ ვითარდება მოძრაობის შეზღუდვა, რაც პაციენტს დროთა განმავლობაში დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას უკარგავს, ეს მდგომარეობა კი გარდაუვალად ნიშნავს ქირურგიულ ჩარევას სახსრის ფუნქციურად აღდგენისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
შესაძლებელია პრევენცია?
ჩვენს კლინიკაში დიაგნოსტიკის მრავალი საშუალება გვაქვს, რომლის საშუალებით დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაა შესაძლებელი. დროულად დასმული დიაგნოზი მნიშვნელოვნად აიოლებს პრობლემასთან ბრძოლას. შესაბამისი მკურნალობის შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილებაც კი შესაძლებელია.
კვლევის მეთოდებიდან აღსანიშნავია დენსიტომეტრია. ოსტეოდენსიტომეტრიის ეს მეთოდი წარმოადგენს უზუსტეს, არაინვაზიურ და სწრაფ მეთოდს, რომელიც განსაზღვრავს ძვლის მინერალურ სიმკვრივეს, ადგენს ძვლის განლევის ხარისხს და მოტეხილობის რისკ-ფაქტორებს. სასურველია, წელიწადში ერთხელ მაინც ჩატარდეს კვლევა.
ყველაზე ხშირად ართროზის რა ფორმით მოგმართავენ?
პოსტტრავმული და დისპლაზიური ყველაზე ხშირი მომართვიანობის ფორმებია. დისპლაზიური კოქსართროზის შემთხვევაში, ასაკი შეიძლება იყოს ძალიან ახალგაზრდა, რადგან დისპლაზიური ართროზი ვითარდება თანდაყოლილი დეფორმაციების შედეგად. რიგ შემთხვევებში, პატარა ასაკშივე გვიწევს სახსრების ჩანაცვლება, რათა მოხდეს სხვა სახსრების დაზოგვა, სწორი ბიომექანიკის აღდგენა, რაც საბოლოო ჯამში, დაზოგავს სხვა სახსრების რეაქტიულ ცვეთას.
პოსტტრავმული ართროზი ვითარდება ტრავმის მიღების შემდეგ შეცვლილი ნორმალური ანატომიის შედეგად. ამ შემთხვევაშიც, ქირურგიული მკურნალობის მიზანი პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაა.
და კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო თქვენს მკითხველს: როგორც ყველა დაავადების დროს, ართროზის დროსაც უმნიშვნელოვანესია დროული მკურნალობა. ნუ დაელოდებით გაუსაძლის ტკივილს, პროფილაქტიკური გამოკვლევა თავიდან აგარიდებთ მძიმე შედეგებს.