მსოფლიომ ნათლად დაინახა, რომ ყველაზე ძვირფასი ჯანმრთელობაა. ბოლო თვეებში არაერთი სამადლობელი სიტყვა ითქვა მათ მიმართ, ვინც ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად თავდაუზოგავად იბრძვის. კლინიკების ფუნქციონირებისა და ზოგადად, სამედიცინო სექტორის სწორი მენეჯმენტი დღეს, ისე, როგორც არასდროს, პირდაპირი მნიშვნელობით სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესია. OK! წარმოგიდგენთ წარმატებულ სამედიცინო მენეჯერს, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის გენერალურ მენეჯერ გიორგი დიასამიძეს.
ვინც ერთხელ მაინც ყოფილა აქ, აუცილებლად დაგვეთანხმება, რომ სტუმარს პირველი, რაც თვალში ხვდება, აბსოლუტურად გამორჩეული გარემოა. აშკარად ჩანს, რომ კლინიკის მენეჯმენტი დიდ ძალისხმევას ხარჯავს არა მარტო აპარატურასა და მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვაში, არამედ პაციენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნაში. აქ შეგიძლიათ იხილოთ რუსუდან ფეტვიაშვილის, პიკო ნიჟარაძის და ბევრი სხვა ძალიან ცნობილი მხატვრის უნიკალური, მუდმივმოქმედი ექსპოზიცია. უზარმაზარი აკვარიუმი, როიალზე ცოცხლად შესრულებული ჰანგები – ეს ყველაფერი ექიმთან მისული ადამიანის ნებისმიერ შფოთვას იოლად დაამარცხებს. ცოტა ხნით დაგვავიწყდა კიდეც, რომ რომელიღაც ძალიან საინტერესო მუზეუმს არ ვსტუმრობდით.
გიორგი, ცნობილი მოვლენების გამო, ადამიანებს უბრალოდ არ ჰქონდათ გადაადგილების შესაძლებლობაც კი. გაჩერდა მთელი მსოფლიო. თქვენს კლინიკას ფუნქციონირება არცერთი დღით არ შეუჩერებია...
რა თქმა უნდა, არსებული რთული სიტუაციიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ კლინიკას შეუფერხებლად გაეგრძელებინა ფუნქციონირება. მაშინ, როდესაც ადამიანებს ფიზიკურად შეეზღუდათ გადაადგილების საშუალება, ჩვენ გაჩერების უფლება არ გვქონდა. ჩვენი პაციენტების უმეტესობას მუდმივი მეთვალყურეობა და მკურნალი ექიმის კონტროლი ჭირდებათ. მათ ჩვენი იმედი აქვთ, ჩვენ აგვარჩიეს, ჩვენ მოგვმართეს მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გაუჭირდათ და შესაბამისად, უბრალოდ უფლება არ გვაქვს, შევეპუოთ სხვადასხვა დაბრკოლებას.
მიუხედვად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ COVID-კლინიკა, კარგად ვაცნობიერებთ, რომ რისკი მაინც არსებობს, ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ინფიცირებული პაციენტის მომართვა და პერსონალი მაღალი საფრთხის ქვეშაა. ამიტომ დავაწესეთ ორკვირიანი მორიგეობები. თითო ჯგუფი ორი კვირის განმავლობაში მუშაობს, შემდეგ მას მეორე ჯგუფი ანაცვლებს. ეს საკმაოდ კარგი სტრატეგიაა, რადგან თუ იძულებული გახდება მენეჯერი, რომ ერთი ჯგუფი კარანტინის რეჟიმში გადაიყვანოს მეორე ჯგუფი დაუბრკოლებლად გააგრძელებს მუშაობას. რა თქმა უნდა, ეს სამუშაო განრიგი პერსონალის ანაზღაურებაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს − ყველა თანამშრომელი სრულად იღებს კუთვნილ ანაზღაურებას.
ამასთან, ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან უამრავი ღონისძიება ტარდება: კლინიკის მთელ ტერიტორიაზე მუდმივად ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები, კოლიდორებში განთავსებულია ხელის სასტერილიზაციო საშუალებები, თოთოეულ შემომსვლელ ადამიანს უტარდება თერმოსკრინინგი, შეზღუდულია პაციენტების თანმხლები პირების დაშვება და სხვა ღონისძიებები, რომელთა გატარებითაც ჩვენს პაციენტებს და პერსონალს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს ვუქმნით.
ალბათ ბევრი პროექტი შეაჩერეთ. თუ შეიძლება, მათ შესახებ გვიამბეთ. რა სიახლეებს უნდა ველოდოთ თქვენგან?
ბუნებრივია, არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო იძულებული გახდა, დაწყებული მოლაპარაკებები დროებით შეეჩერებინა. გეგმა ბევრი და საინტერესო გვაქვს. ყველა მათგანს, ბუნებრივია, ახლა ვერ გიამბობთ, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე უნდა გაგანდოთ.
სულ მალე ჩვენს კლინიკაში იქნება ახალი მოტორიზებული სპირალური ენტეროსკოპი და ულტრაბგერითი ენდოსკოპია.
ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სიახლე გვაქვს ბირთვული მედიცინის მიმართულებითაც − ახალი ტრეისერების საშუალებით შეგვიძლია ცალ-პროტონ-ემისიური ტომოგრაფიის (SPECT) და პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის (PET) გამოყენებით ჩავატაროთ არაერთი ახალი ფუნქციური და ანატომიური კვლევა ბირთვული მედიცინის განხრით.
უფრო დაწვრილებით გვიამბეთ ენტეროსკოპიის შესახებ.
ენტეროსკოპია არის პროცედურა, რომელიც ეხმარება ექიმს საჭმლის მომნელებელ სისტემაში პათოლოგიის მოძიებასა და მკურნალობაში. ენტეროსკოპიის დროს, ექიმი იყენებს თხელ, მოქნილ მილს, რომელსაც მიმაგრებული აქვს კამერა. ამას ენდოსკოპი ეწოდება. ტრადიციულად, ძველი მეთოდით ენტეროსკოპიის დროს ენდოსკოპზე მაგრდება ერთი ან ორი კაფსულა. კაფსულა იბერება, რათა ექიმს დაეხმაროს უფრო ახლოს დაათვალიეროს საყლაპავის, კუჭისა და წვრილი ნაწლავის მონაკვეთი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ტრადიციული ენტეროსკოპიით წვრილი ნაწლავის მხოლოდ მცირე მონაკვეთის დანახვა იყო შესაძლებელი. უმეტესობა წვრილი ნაწლავისა ექიმებისთვის რჩებოდა შეუსწავლელი, შესაბამისად, პაციენტის მკურნალობისას ექიმები სხვადასხვა მონაცემის კომბინირებას ცდილობენ ამ ინფორმაციული დეფიციტის ასანაზღაურებლად.
თუმცა, კაფსულური ენტეროსკოპიის ფუნქციურ ნაკლოვანებებს სრულად ავსებს ახალი მოტორიზებული სპირალური ენტეროსკოპი. აღნიშნულმა ტექნოლოგიურმა ინოვაციამ რევოლუცია მოახდინა ენტეროსკოპიის პროცედურაში და მე ვამაყობ, რომ თოდუას კლინიკა შევიდა მსოფლიოს იმ ერთეულ კლინიკებში, რომელმაც შეძლო და ამ აპარატის შეძენის უფლება მოიპოვა. ახალი მოტორიზებული სპირალური ენტეროსკოპი სრულად აღწევს წვრილ ნაწლავში და მისი ლორწოვანის შესწავლის საშუალებას იძლევა, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. სპირალის დახმარებით, ენტეროსკოპი მარტივად გადაადგილდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში და ასევე მარტივად ტოვებს მას. აპარატი მიერთებული იქნება სპეციალურ საკონტროლო ბლოკზე, რომლითაც ექიმი მართავს ენტეროსკოპის მანევრებს და ასევე აკონტროლებს ნაწლავის დაჭიმულობას. ამით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს „თოდუას კლინიკა“ აღიჭურვა აპარატურით, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ნებისმიერი სეგმენტის შესწავლისა და დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.
ენტეროსკოპიით სარგებლობა პაციენტებს შემოდგომიდან შეეძლებათ. მას შემდეგ, რაც გაიხსნება საზღვრები და ჩვენი ექიმები შეძლებენ რამდენიმე კვირიან სასწავლო ტრენინგზე გამგზავრებას. მხოლოდ ამის შემდეგ მოვემსახურებით პაციენტებს კვალიფიციური სერვისით.
თქვენ ასევე ახსენეთ ულტრაბგერითი ენდოსკოპია. რომ განვმარტოთ კვლევის შესაძლებლობები..
ეს პროცედურა საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ საჭმლის მომნელებელი სისტემის შიდა ზედაპირი.
„თოდუას კლინიკის“ სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი უახლესი ულტრაბგერითი ენდოსკოპის საშუალებით, შეგიძლია არა მხოლოდ კუჭისა და საყლაპავის კანქვეშა წარმონაქმნების ბიოფსიის გაკეთება, არამედ რეგიონისთვის უპრეცედენტო პროცედურის − პანკრეასის ბიოფსიის ჩატარება ენდოსკოპიური მეთოდით. დღესდღეობით, პანკრეასის ბიოფსია საქართველოსა და მთელ რეგიონში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მხოლოდ ქირურგიული, მაღალინვაზიური ჩარევით ტარდება. ჩვენი ახალი ტექნოლოგიით პაციენტს საშუალება ექნება ჩაიტაროს პანკრეასის ბიოფსია ენდოსკოპიური მეთოდით, რაც მინიმალურად ინვაზიური პროცედურაა.
ისეთი შემთხვევებისთვის როდესაც საქმე გვაქვს კანქვეშა, სუბმიკოზურ წარმონაქმნებთან, „თოდუას კლინიკა“ აღჭურვილია ულტრაბგერითი ენდოსკოპებით. ეს ენდოსკოპები ჰგავს სტანდარტულ ენდოსკოპებს, თუმცა განასხვავებს შემდეგი მახასიათებლები:
ულტრაბგერითი ენდოსკოპი გამოსცემს ულტრაბგერით ტალღებს, რაც კუჭ-ნაწლავის რადიოლოგიური სტრუქტურის, ლორწქვეშა წარმონაქმნების ლოკალიზების შესწავლის, ასევე გავრცელებისა და ავთვისებიანობის დადგენის საშუალებას იძლევა.
ულტრაბგერითი ენდოსკოპი აღჭურვილია სპეციალური საბიოფსიე ნემსით, რომლითაც ულტრაბგერითი კონტროლით მოხდება კანქვეშა და მიმდებარე ორგანოების (ღვიძლი, პანკრეასი და სხვა) წარმონაქმნების ბიოფსია.
აღნიშნული პროცედურა უკვე ტარდება ჩვენს კლინიკაში და პაციენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ამ უნიკალური შესაძლებლობით.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში დააანონსეთ ახალი, „ჩეკ აპ პროგრამის“ შესახებ. ამ ამბავმა დიდი ინტერესი გამოიწვია. რას მოიცავს პროგრამა?
ვფიქრობთ, მართლაც საინტერესო პროგრამაა. ეს არის ადამიანებისთვის, ვისაც აქვს კულტურა და სურვილი, დაგეგმილად ჩაიტაროს კვლევები იმისთვის, რომ მუდმივად აკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობა. როგორც მოგეხსენებათ, დროული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში.
პროგრამის მონაწილეებს ექნებათ არჩევანი სამ პაკეტს შორის. მინიმალური პაკეტი 25 კვლევისგან შედგება.
პროგრამის მონაწილეებისთვის მოწყობილია ცალკე მოსასვენებელი სივრცე. შევეცადეთ მაქსიმალურად კომფორტული, თანამედროვე გარემო შეგვექმნა, სადაც ადამიანებს იზოლირებულად მოემსახურებათ პერსონალური მენეჯერი, რომელიც თავიდან ააცილებს რიგში დგომის დისკომფორტს და გაუწევს სრულ ლოჯისტიკურ მომსახურეობას.
ვფიქრობთ, რომ დღევანდელი სწრაფი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დროის დეფიციტია. სწორედ ამ გამოწვევას გვინდა ვუპასუხოთ და საზოგადოებას შევთავაზოთ სწრაფი, მოსახერხებული სერვისი, რომელიც ჯანმრთელობის სრულ შეფასებას მოიცავს.
პროგრამა ასაკისა და სქესის მიხედვით დიფერენცირდება. კვლევები მხოლოდ 1 სამუშაო დღეს მოიცავს. მონაწილეები ჯანმრთელობის შესახებ რაპორტს მათთვის სასურველი ფორმით კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებენ.
დღეს, გლობალური პანდემიის პირობებში განსაკუთრებული სიმძაფრით გამოჩნდა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობაზე ზრუნვას და მასზე სრული ინფორმაციის ფლობას. ვფიქრობთ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალიან დროული და საჭიროა.