სიამაყით მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი რუბრიკის გმირი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი და პროფესორი, ლევან რატიანი, რომელიც ერთ-ერთია იმ ექიმებიდან, ვინც დღეს საქართველოში კორონავირუსიან პაციენტებს მკურნალობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ვხედავთ და ვისმენთ მის პასუხებს ჟურნალისტების კითხვებზე, არავინ იცნობს ისეთს, როგორსაც OK! წარმოგიდგენთ. მაშ ასე, ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩვენი ქვეყნის მართლაც საამაყო ექიმ ლევან რატიანთან.
ბატონო ლევან, დავიწყოთ ბავშვობით... რაზე ოცნებობდით მაშინ და ვინ გინდოდათ გამხდარიყავით?
გავიზარდე სოფელ პატარა ფოთში. დედა მასწავლებელი მყავს და მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ ვიცოდი, რა იყო ბურთით თამაში, რადგან ბავშვობა გავატარე წიგნებთან და მასწავლებლებთან ერთად. მქონდა არასტანდარტული ცხოვრება, ვურთიერთობდი მხოლოდ და მხოლოდ იმ საგნებთან, რომლებიც განათლებას უკავშირდებოდა. მენატრებოდა დამალობანას და წრეში ბურთის თამაში, თუმცა მიუხედავად ამისა, არანაირად არ ვნანობ არცერთ განვლილ წუთს, რადგან სწორედ ასეთმა მიდგომამ განაპირობა ჩემი მომავალი. დედაჩემს ყოველთვის განსაკუთრებულად უნდოდა, ვყოფილიყავი ყველაზე წარმატებული და ამის ერთადერთი საწინდარი განათლების სრულფასოვნად მიღება იყო, რასაც მთელი სიცოცხლე შეალია.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ პროფესიის არჩევას, ექიმების ოჯახში გავიზარდე... დიპლომირებული ექიმების მეოთხე თაობა ვარ და აქედან გამომდინარე, ყოველთვის ძალიან მინდოდა გავმხდარიყავი ამ პროფესიის ღირსეული წარმომადგენელი. განსაკუთრებით კი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადამერჩინა. გამოცდები ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგიის უფასო სექტორზე, რომელიც წითელ დიპლომზე დავამთავრე და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი კარიერა.
გვიამბეთ ოჯახზე და განტვირთვის საათებზე... როგორია ცხოვრება საქმის მიღმა?
მყავს 3 შვილი და მეუღლე, რომელიც ასევე სამედიცინო სფეროში მსახურობს, კონკრეტულად კი პედიატრია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი დიდ დროს მოითხოვს, 99.9%-ს ჩემს პროფესიას ვუძღვნი. ფაქტობრივად ეს არის მთელი ჩემი ცხოვრება. ძალიან გვიან ვბრუნდები შინ და ოჯახის ყველა წევრი, განსაკუთრებით კი ჩემი შუათანა, 6 წლის შვილი, ჩემი შინ დარეკვის წუთიდანვე კართან დგას და მელოდება. უფროს ვაჟიშვილს და მეუღლეს გაცნობიერებული აქვთ, რომ ეს არის ჩემი საქმე და გაგებით ეკიდებიან იმას, რომ ძალიან ცოტა დრო მრჩება ოჯახში გასატარებლად. უზომოდ გამიმართლა მეუღლეში − სახლის საქმეები მთლიანად მას აქვს გადაბარებული. ალბათ მოვა დრო, როცა მეც დავუბრუნდები ოჯახს და დროის უმეტეს ნაწილს იქ გავატარებ, მაგრამ ჯერ არ ვაპირებ. საკმაოდ ადრეა ამ გადაწყვეტილებისთვის.
შეცვალა თუ არა თქვენი ცხოვრება პანდემიის გამოცხადებამ?
ჩვენს ქვეყანაში პირველ პაციენტს კორონავირუსი 26 თებერვალს დაუდგინდა და მას შემდეგ აქტიურად ჩაერთო ჩვენი კლინიკა მიმდინარე ბრძოლაში. უპირველეს ყოვლისა, ჩემი ოჯახი მცხეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში გავუშვი, რათა თავი აგვერიდებინა ყველანაირი საშიშროებისთვის. მას შემდეგ არცერთი მათგანი არ მინახავს. როდესაც ადამიანს ეუბნები, დაიცვას დისტანცია და გაუფრთხილდეს სხვის სიცოცხლეს, მომწოდებელი უნდა იყო ამის მთავარი მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ ვარ კლინიკის ხელმძღვანელი, ყოველდღე ვსინჯავ პაციენტებს და რისკი იმისა, რომ მეც დავინფიცირდე, ძალიან მაღალია. სწორედ ამიტომ გამოვეყავი ოჯახს დროებით.
რა არის თქვენი პროფესიის ყველაზე დიდი სირთულე და რა თვისებებია საჭირო მის დასაძლევად?
მე არჩეული მაქვს პროფესია, რომელსაც რეანიმატოლოგია ჰქვია. ეს არის სიცოცხლის გადარჩენაზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ფაქტობრივად, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ბეწვის ხიდზე გადიხარ. ხშირად შესაძლოა არ გამოგივიდეს, მაგრამ შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გამოიყენო პაციენტის გადასარჩენად. მე ასე ვცხოვრობ. არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის მრწამსს და პოლიტიკურ შეხედულებას, რადგან შენი ვალდებულებაა ოჯახს ცოცხალი დაუბრუნო ადამიანი. რასაკვირველია, არის შემთხვევები, როდესაც ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, არ გამოდის. ამ დროს წამიერად შენც მასთან ერთად კვდები, მაგრამ შემდეგ აცნობიერებ, რომ ხელახლა უნდა დაიწყო ცხოვრება, რათა სხვა სიცოცხლე გადაარჩინო. ვფიქრობ, ყველა რეანიმატოლოგი ამ პრინციპით ცხოვრობს, რადგან თითოეული ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე ძალიან დიდი ბედნიერებაა.
მიმაჩნია, რომ ეს არის ჰობი, ცხოვრების წესი და არა პროფესია. რეანიმატოლოგისთვის დროის სივრცე არ არსებობს, ამიტომ ბუნებითაც განხვავდება სხვა მიმართულების ექიმებისგან. ისინი არიან სიცოცხლისათვის მებრძოლი, თავდადებული ადამიანები. საბედნიეროდ, ბევრი ასეთი ექიმია ჩემ გარშემო და მეამაყება, რომ მეც მათი წევრი ვარ.
ბატონო ლევან, როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს რამდენიმე სიტყვით?
ძალიან რთულია საკუთარი თავის დახასიათება, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შრომისმოყვარე და მიზანდასახული ვარ. დიდ შრომას ვწევ იმისათვის, რომ მივაღწიო საბოლოო შედეგს. პრობლემებთან ერთად, უფრო და უფრო ძლიერი ვხდები, ვაცნობიერებ, რომ არაფერია დაუძლეველი.
როგორც ექიმი და ამავდროულად, საქართველოს მოქალაქე, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს?
ამ მოვლენებმა დამანახა, რომ ეს არის გლობალური პრობლემა, რომელიც დინამიკურია. სრულიად სხვა გარემოებაში მოგვიწია ცხოვრება. პირადად მე, ყველანაირი ღირებულება გადავაფასე. მაგალითად, აქამდე საკმაოდ ამბიციური პიროვნება ვიყავი, მაგრამ ამ ეტაპზე სრულიად მეორეხარისხოვანი გახდა ჩემი ეს დამოკიდებულება ყველაფერთან მიმართებაში და უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მომწონს უამბიციო ლევან რატიანი. ამ პროცესმა დამანახა, რომ ყველაფერს ორი ფაქტორი განსაზღვრავს − ეს არის სიყვარული და ერთგულება. დავინახე, რომ თუ ადამიანი ხარ ერთგული და ამასთან ერთად, გაქვს სიყვარულის გრძნობა, აუცილებლად გადალახავ ყველა პრობლემას.