ქალების უმეტესობამ იცის, რომ კანი თვალის გარშემო განსაკუთრებით ნაზია და სპეციალურ მოვლას საჭიროებს. მაგრამ, ყველას არ გამოდის ოპერატიულად იპოვნოს სწორი გადაწყვეტილება ამ ზონისთვის. სტრესის, მოწევის და ალკოჰოლის გავლენა პირველ რიგში სწორედ თვალის გარშემო აისახება. ამასთან, გენეტიკაც თავის როლს თამაშობს. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ წესს, რომელიც თვალებთან არსებული კანის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
ნუ შეეხებით ნაზ კანს უმიზეზოდ. თუ მაინც გიწევთ, არათითი გამოიყენეთ, რადგანაც ის უფრო პასიური თითია და ძალაც ნაკლები აქვს. თუ კრემს არათითით წაისმევთ, კანს არ დააზიანებთ.
რაც შეეხება დემაკიაჟს, ეცადეთ აირჩიოთ საშუალებები, რომლებიც რბილად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოგაცილებთ კოსმეტიკას თვალებიდან. ნუ იმოქმედებთ ქუთუთოებზე ძალიან აქტიურად. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ და სერიოზულ გამწმენდ საშუალებებს იყენებთ, ეცადეთ ისინი თვალის გარშემო ზონაზე არ მოახვედროთ, რათა კანი არ გამოშრეს.
შეძლებისდაგვარად ისწავლეთ ზურგზე წოლა. დილით არამხოლოდ თვალების გარშემო არსებული კანი, არამედ მთლიანად სახის კანი იქნება უფრო ახალგაზრდული და ჯანსაღი.
შეარჩიეთ საშუალება, რომელიც ზუსტად თქვენ გერგებათ: ინგრედიენტებით, სურნელით, შეგრძნებებით და ეფექტით. ნუ გამოიყენებთ კრემს მხოლოდ იმის გამო, რომ ის თქვენს მეგობარს დაეხმარა და სასწაულმოქმედ ეფექტს გპირდებათ. კანის მოვლის დროს არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე პირადი შეგრძნებები.
ასევე, ნუ წაისმევთ კრემს ან გელს წამწამების ხაზთან ძალიან ახლოს. ამან შესაძლოა ალეგიული რეაქცია ან გაღიზიანება გამოიწვიოს.
თუ თვალების დასიება თქვენი მუდმივი პრობლემაა, ეცადეთ არ დალიოთ დაძინებამდე ორი საათით ადრე და საერთოდ არ წაისვათ კრემი მთელი ღამით. დილის მოვლა ამ შემთვევაში სავსებით საკმარისია.
კრემებთან ერთად ახლა დიდი პოპულარობით სარგებლობენ პატჩები. სილამაზის ინდუსტრიაში ისინი კანის პანაცეად ითვლებიან. თუმცა, არ ღირს, ყოველდღე გამოიყენოთ ისინი. იაფიანი პატჩების შეძენას აჯობებს უფრო ძვირადღირებული ბრენდების ნაწარმს მიმართოთ, რომლებიც სერიოზულ ინგრედიენტებს იყენებენ. საკმარისია გამოიყენოთ ისინი 1-2-ჯერ კვირის მანძილზე. ეფექტი დროთა განმავლობაში შესამჩნევი გახდება. ასევე, მათი მორგება სასურველია დაწოლილ მდგომარეობაში და არა ფეხზე.
ეფექტურობას არ კარგავენ სილამაზის ის საშუალებები, რომლებიც ჩვენს ბებიებს ეხმარებოდნენ. პირველ რიგში ეს სიცივეა. ნუ მიაყენებთ ქუთუთოებს შოკს ექსტრემალური ტემპერატურებით. თუ ყინულის კუბიკების გადასმას მიჩვეული არ ხართ, დააკვირდით კანის რეაქციას: თუ შეგრძნებები სასიამოვნო არაა, ეს რიტუალი დაივიწყეთ.
სახის ტრენაჟორი კარგი ინსტრუმენტია ტონუსისა და ელასტიურობისთვის.
თუ ხელთ არანაირი საშუალება არ გაქვთ, ქუთუთოებზე ახლად დაჭრილი კიტრის ქერქი დაიდეთ. მზერა გაცილებით დასვენებული გაგიხდებათ, კანი კი დატენიანებული.