კოსმეტიკური საშუალებების ხშირი გამოყენებით, მზის სხივების და გარემოს ზემოქმედებისგან ჩვენი თმა მტვრევადი ხდება, იყოფა ბოლოები და კარგავს ბზინვარებას. მშრალი თმა კი კვებას და დატენიანებას საჭიროებს. სიატუაციას მარტივად გამოასწორებთ ხელმისაწვდომი საშუალებებით, რომლებიც ხშირად სამზარეულოში მოგვეპოვებიან. სანამ სალონები დაკეტილია, გამოიყენეთ ეს ნატურალური ნიღბები სახლში.
კეფირი:
კეფირი სასარგებლოა არამხოლოდ საჭმელად, არამედ თმის მოსავლელადაც. ის მთელ რიგ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, რომელთა შორისაა ვიტამინი E, კალციუმი და ვიტამინი B. ის აქტუალურია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ქერტლი აწუხებს ან ცხიმიანი თმა აქვს. კეფირი ატენიანებს მშრალ თმასაც, კურნავს ბოლოებს და აფერხებს თმის ცვენას. დაიდეთ ის თავზე, შეიხვიეთ პარკით და პირსახოცით და დაიტოვეთ 1 საათით. რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში გაგიუმჯობესდებათ თმის ხარისხი და იერი. თუმცა, არაა რეკომენდირებული შეღებილი თმისთვის, რადგანაც პიგმენტს მალე რეცხავს.
თაფლი:
თაფლის მკვებავი ნიღბები ბევრი ქალის ფავორიტია. ეს პროდუქტი ბრწყინვალედ ატენიანებს თმას, აღადგენს დაზიანებულ თმას და ხდის მას გლუვსა და მბზინვარეს. ამასთან, თაფლი კურნავს ქავილს და თავის კანის გაღიზიანებას. არაა საჭირო ის სხვა კომპონენტებთან აურიოთ, რადგანაც მარტოც ეფექტური შედეგი აქვს. დაიდეთ დატენიანებულ თმაზე, შეიზილეთ თავის კანში. შედეგის გასაძლიერებლად, შექმენით სითბოს ეფექტი, შეიხვიეთ თმა პარკით და პირსახოცით. გაარკვიეთ გაქვთ თუ არა ალერგია თაფლზე - დაიდეთ რამდენიმე წვეთი კანის მცირე ნაწილზე და დააკვირდით რეაქციას. თუ არ გაგიწითლდათ და არ გაგიღიზიანდათ, მაშინ გამოიყენეთ.
ზეითუნის ზეთი
მის შემადგენლობაშ უამრავი სასარგებლო კომპონენტი შედის. მათ შორის: კალციუმი, რკინა, ფოსფორი, ვიტამინები A, E და K. ის აღადგენს თმას, იცავს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, მათ შორის ულტრაიისფერი სხივებისგან. ის იდეალურია მშრალი და მტვრევადი თმისთვის, მაგრამ არაა რეკომენდირებული მათთვის, ვისი თმაც ცხიმიანობისკენაა მიდრეკილი. წასმამდე გაათბეთ ზეთი მიკროტალღურ ღუმელში 30 წამის მანძილზე. შემდეგ გაანაწილეთ მთელ სიგრძეზე და ძირებზე, დაიმასაჟეთ თავის კანი.