2020 წელი მსოფლიოს ისტორიაში საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ვირუსით ჩაეწერება. Covid 19, რომლის გამოც, 9 აპრილის დილის მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვმა 88 502-ს მიაღწია, თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ვირუსის ძირეული შესწავლის პროცესში არიან, ბუნებრივია, ჩნდება კითხვაც, თუ რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა ის ამ უხილავ მტერს ამარცხებს. ამჟამად, ვირუსისგან 330 589 ადამიანია განკურნებული, შესაბამისად, უკვე შესაძლებელია იმ შედეგებზე დაკვირვებაც, რომელთა მაპროვოცირებელიც გადატანილი ვირუსი ხდება.
დროისა და რესურსის უკმარისობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, საკითხის ძირეული მოკვლევა რთულია, თუმცა ScienceMag-მა უკვე გამოავქყენა სტატია, რომელშიც საუბარია ყოფილი პაციენტების მდგომარეობაზე. "პრობლემა, რომლის წინაშეც სულ მალე აღმოვჩნდებით, არის ის, თუ როგორ დავეხმარებით ამ ადამიანებს რეაბილიტაციაში,"- აღნიშნა Yale School of Medicine-ის პულმონოლოგმა, ლორენ ფერანტემ.
მისი თქმით, Covid 19-ის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე მრავალშრიანია. მისი მთავარი სამიზნე ფილტვებია, თუმცა ჰაერის უკმარისობასა და ფილტვების ანთებას შეუძლია დააზიანოს კუჭი, გული, ტვინი, ღვიძლი და სხვა ორგანოები.
ასევე ირკვევა, რომ პნევმონია ზრდის მომავალში გარკვეული პრობლემების რისკს, მაგალითად, გულის შეტევის ალბათობას, ინსულტს და ღვიძლის დაავადებებს.
რეპორტში ნათქვამია, რომ სასუნთქ ვენტილატორზე შეერთებული პაციენტების გამოჯანმრთელების შანსი გაცილებით დაბალია, ლონდონის ინტენსიური განყოფილების ცნობით, ინგლისში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში Covid 19-ით გარდაცვლილთა 67 პროცენტს რესპირატორული დახმარება დასჭირდა. ხოლო მათ, ვინც შეძლო მისი გადატანა, უვითარდებათ კუნთის ათროპია და გრძნობენ სისუსტეს.
ყველაზე მეტად ყურადსაღები ფსიქიკური ჯანმრთელობაა, რადგან ე.წ დელირიუმს შეუძლია პაციენტი კოგნიტურ დარღვევამდე მიიყვანოს, როგორიცაა მაგალითად მახსოვრობის დეფიციტი. გაძლიერებული ხველისა და სუნთქვის პრობლემების გამო შექმნილი დისკომფორტის დასაძლევად, პაციენტები საჭიროებენ ძლიერ დამამშვიდებელ საშუალებებს, რომელსაც დელირიუმამდე შეუძლია ადამიანის მიყვანა.