2005 წელს კლინიკა HAIRLINE INTERNATIONAL-ის დაარსებით, თმის გადანერგვის ტექნოლოგიებში საქართველომ მსოფლიო მასშტაბით წამყვანი პოზიციის დაკავება შეძლო. წარმატების მიღმა პროფესორ თამაზ თამაზაშვილისა და მეცნიერისა და ქირურგის, ირაკლი ბებიაშვილის საქმიანობა დგას. მრავალი წლის წინ − მაშინ, როცა თამაზ თამაზაშვილმა თმის გადანერგვაზე მუშაობა დაიწყო, უკვე წარმატებულმა ქირურგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა და ზოგადი ქირურგიის კათედრის პროფესორმა ყველაფერი გვერდით გადადო და ახალი შესაძლებლობებისკენ მიზანმიმართული სვლა მიზნად დაისახა.
ესთეტიკური მედიცინის ახალი დარგის საქართველოში დანერგვის დღიდან, კლინიკა HAIRLINE-ში მეცნიერული, თეორიული კვლევა და დარგის განვითარებაზე ზრუნვა ერთი დღითაც არ შეჩერებულა.
„ჰეალაინი“ კლინიკაა, რომელიც სამეცნიერო კუთხით მუდმივად ინოვაციური მიღწევებით გამოირჩევა, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი მონაპოვარია.
ირაკლი ბებიაშვილი თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო სამეცნიერო ცენტრ „ჰეალაინის“ საქმიანობისა და 16-წლიანი არსებობის განმავლობაში აღსანიშნავი მიღწევების შესახებ OK!-ის ესაუბრა.
როგორ ფიქრობთ, რა სამუშაო პრინციპების ხარჯზე დაიკავა ლიდერის პოზიცია „ჰეალაინმა“?
წამყვანი პოზიციის მოპოვება განვლილ ისტორიასა და მეცნიერულ კვლევებს ემყარება. „ჰეალაინის“ ხელმძღვანელობის პარალელურად, ბატონი თამაზი ამჟამად ნიუ-იორკში ორგანოთა და ქსოვილთა გადანერგვის ცენტრში წამყვანი გუნდის ხელმძღვანელია.
გვეამაყება, რომ ასეთი ადამიანი ჩვენ გვერდითაა და ვფიქრობ, ეს არა მარტო ჩვენთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია.
საქართველოში ყველა სპეციალისტი, ვინც თმის გადანერგვის სფეროში მუშაობს, მისი გაზრდილია. წარმატების მთავარი ფაქტორი, რა თქმა უნდა, სწორედ კლინიკის გამოცდილი გუნდია და ერთად, დაარსების დღიდან, უცვლელი ბირთვით ვმუშაობთ. საქმიანობა კი ძალიან საინტერესოა. თავის დროზე თავადაც უზომოდ გამიტაცა დარგმა და საკუთარი თავი აქ მეცნიერული კვლევების მიმართულებით მეტად დავინახე.
რამდენად გუნდურია თავად თმის ტრანსპლანტაციის სკრუპულოზური პროცედურა?
როგორც ტრანსპლანტოლოგიის სხვა დარგები, თმის გადანერგვაც ოპერაციაში გუნდური ჩართულობის პრინციპით ხასიათდება. თმის გადანერგვის პროცესში მუდმივად 7-8 სპეციალისტი მონაწილეობს − 4-5 ექიმი და მათი დამხმარე სპეციალისტები.
წარმატებულ შედეგებს მათი ჰარმონიული მუშაობა განაპირობებს, რასაც წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევა და გამოცდილება ხელს უწყობს. აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ოპერაციას მხოლოდ და მხოლოდ ექიმები ვუძღვებით.
როგორია მეთოდები, რომლებიც „ჰეალაინში“ ალოპეციასთან საბრძოლველად გამოიყენება?
ჩვენს კლინიკაში მსოფლიოში არსებული ყველა ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია, თუმცაღა ჩვენი გააზრებითა და გამოცდილებით, უპირატესობას გარკვეულ მეთოდებს ვანიჭებთ.
წლების წინ, ჩვენს კლინიკაში უნაკერო მეთოდით ოპერაციების ჩატარება დავიწყეთ მაშინ, როცა დიდი წილი ნაკერიან მეთოდზე მოდიოდა. დღესდღეობით კი 90%-მდე ოპერაცია უნაკერო მეთოდით ხორციელდება. უნაკერო ოპერაცია ოქროს სტანდარტს წარმოადგენს, რაც ნიშნავს კეფის მიდამოდან და პაციენტის სხეულის სხვა უბნებიდან თმის ფოლიკულების სათითაოდ მოპოვებას, სპეციალურ ტემპერატურაზე დამუშავებას, გრაფტების (ტრანსპლანტანტის ერთეული) მომზადებას და გადანერგვას. ექიმის მთელი პროფესიონალიზმი ფოლიკულების დაუზიანებლად ამოღებისა და გადანერგვის პროცესში ჩანს. ჩვენს კლინიკაში თმის ფოლიკულების მოპოვება წარმატებით ხორციელდება პაციენტის სხეულიდან და წვერიდანაც (რაც ყველას არ ხელეწიფება).
თმის გადანერგვის დარგში ბოლო მიღწევა − ეს გახლავთ HST-მეთოდით თმის გადანერგვა, იგივე ინტელექტუალური მეთოდი, რომლის გამოყენებამაც ფურორი მოახდინა. შედეგი რეალურად 100%-იანია, გამორიცხავს მცირე წუნსაც კი.
ზოგადად, სადონორე მასალის მოპოვება კი შესაძლებელია სხეულის ნებისმიერი ადგილიდან (გასაოცარი ფაქტია, რომ თავზე თმის „გაკეთილშობილება“ თავისთავადი პროცესია და გადანერგვის შემდეგ ზუსტად იმეორებს თავის თმის ანაგენს).
ფიქრი იმაზე, რომ სრულიად გამელოტებულ ადამიანს შეუძლებელია თმა გადავუნერგოთ, უსაფუძვლოა.
სასურველი შედეგის ყველაზე სწრაფად მიღების გზა, ალბათ, ე.წ. გრძელი თმის გადანერგვის მეთოდია. გვიამბეთ ამის შესახებ...
გრძელი თმის გადანერგვა FUE-მეთოდით ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო თმის აღდგენითი ქირურგიის ევოლუციის გზაზე. ეს მეთოდი მინიმუმამდე ამცირებს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდს და პაციენტს უდიდეს დადებით ემოციას ოპერაციის დასრულებისთანავე ანიჭებს.
მიუხედავად იმისა, რომ გრძელთმიანი ფოლიკულური გაერთიანებების FUE-მეთოდით გადანერგვა ძალიან საინტერესო და პროგრესული მიმართულებაა, დღეისათვის მთელ მსოფლიოში მხოლოდ ერთეულ კლინიკებს შეუძლიათ მისი განხორციელება და ჩვენთან ის აპრობირებულია.
უშუალოდ ტრანსპლანტაციის გარდა, თმის აღდგენითი მედიცინის რა სახის საშუალებებს წარმოადგენთ „ჰეალაინში“? როგორ დგება მკურნალობის პროტოკოლი?
თმის დაზიანების განსაზღვრა გადანერგვამდე სრულყოფილი კვლევების მეშვეობით ხდება, რაც გამორიცხავს წინასწარი შესწავლის გარეშე, შაბლონურად, თმის გადანერგვის ჩვენების განსაზღვრას და არასაჭირო მანიპულაციების ჩატარებას.
დღესდღეობით, თმის ცვენის არაერთი სამკურნალო, არაქირურგიული მეთოდი არსებობს. იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში რომელი მედიკამენტი ან მედიკამენტების კომბინაციაა ყველაზე მისაღები, დამოკიდებულია ასაკსა და გამელოტების ხარისხზე. უმრავლეს შემთხვევაში, საუკეთესო შედეგი მკურნალობის ქირურგიული და არაქირურგიული მეთოდების კომბინაციის დროს მიიღება.
„ჰეალაინში“ შედეგის მისაღწევად ასევე ფიზიოთერაპიული, ლაზეროთერაპიული და მეზოთერაპიული მკურნალობაა დანერგილი. გარდა იმისა, რომ ტრიხოლოგიური პროცედურები წამყვანია, კლინიკაში ესთეტიკური ცენტრიც ფუნქციონირებს, ტარდება გამაახალგაზრდავებელი და პლასტიკური ოპერაციები.
როგორ ხასიათდება ალოპეციის პრობლემის მქონე პაციენტთა ზოგადი განწყობა და როგორია თქვენთვის, როგორც ექიმისთვის, თითოეული წარმატებული ისტორიის დარიცხვა საკუთარ ანგარიშზე?
თმის ცვენა უსიამოვნო განცდებს იწვევს. მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობა, რომელსაც ხშირად კარგი გარეგნობა გვიქმნის. თავიდან თმის ცვენა ნაკლებად შესამჩნევია, აქა-იქ მცირე შეთხელების დაფარვა შესაძლებელია ვარცხნილობის შეცვლით, მაგრამ როდესაც თმის ცვენა ძალიან პროგრესირებს და მალე გამელოტებული ადგილებიც ჩნდება, თვითშეფასება დაქვეითებას იწყებს. FDA-იმ (აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების მაკონტროლებელი სამმართველო) დიდი ხანია, თმის ცვენა დაავადებების ნუსხაში შეიტანა, ხოლო Jama facial plastic surgery (იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამედიცინო ჟურნალი ესთეტიკური მიმართულებით) თავზე არსებულ თმის საფარს განიხილავს როგორც ახალგაზრდობის, მიმზიდველობის, წარმატებისა და მიღწევებისადმი მიდრეკილების წარმომქმნელ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს.
ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა, რასაკვირველია, უდიდესი სტიმულია, მედიკოსის საქმიანობაც ხომ სწორედ ამ მიზნის გარშემო ტრიალებს. რა როლი მიუძღვის საქართველოში, სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში თმის ტრანსპლანტაციას და კერძოდ, კლინიკა „ჰეალაინს“?
კლინიკა „ჰეალაინ ინტერნეშენალი“ შედის მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებს შორის. ამიტომაც თბილისში ხშირად ჩამოდიან პაციენტები სხვა ქვეყნებიდან. გარდა იმისა, რომ ისინი კვალიფიციურ, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას იღებენ, ეზოგებათ ფინანსებიც.
კლინიკაში გამოყენებული პროგრესული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, რომ პაციენტები მეორე დღიდანვე დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მათ აქვთ საკმარისი თავისუფალი დრო, რათა დაათვალიერონ საქართველოს ღირსშესანიშნაობები (ექსკურსიის მარშრუტები შეუძლიათ თვითონ ამოირჩიონ) და ისიამოვნონ უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის განუმეორებელი ბუნებითა და კერძებით.
როგორც ცნობილია, „ჰეალაინი“ სოციალური პასუხისმგებლობითაც გამოირჩევა. როგორია ამ მხრივ არჩეული კურსი?
ჩვენს კომპანიას, დღიდან დაარსებისა, სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობით გამსჭვალული განვითარების სტრატეგია აქვს შემუშავებული და მუდმივად ვცდილობთ სხვადასხვა სოციალური პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობა მივიღოთ. ამ ეგიდით ვახორციელებთ არაერთ პროექტს. ვფიქრობ, სავალი გზა გრძელია, მაგრამ ნელ-ნელა კორპორაციულ მოქალაქეებად ვყალიბდებით.
როგორია თქვენი ცხოვრება საქმიანობის მიღმა? როგორ ახერხებთ განტვირთვას?
მყავს მეუღლე, სამი ვაჟი და ერთი შვილიშვილი − ისიც ბიჭი. სრული შემადგენლობით შეკრება რთულია, რადგან ყველას გადატვირთული გრაფიკი გვაქვს. მეუღლეს ეს კარგად ესმის, რადგან ისიც ექიმია. ვცდილობთ, დრო დავუთმოთ ოჯახურ შეკრებებს, ერთად სადილს და კულტურულ თუ შემეცნებით ღონისძიებებზე დასწრებას.
რაც შეეხება ჰობის, ეს გოლფის თამაშია და ჩემთვის უდიდესი რელაქსაციაა. თავისუფალ დროს სიამოვნებით ვუთმობ კლინიკის საქმიანობისთვის საჭირო კვლევებზე მუშაობას, რაც ჩემთვის სასიამოვნო რუტინაა.