აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის მულტიპროფილური საქმიანობა მრავალმხრივი მიმართულებით მომუშავე ექიმების კოორდინირებულ თანამშრომლობას ეფუძნება. კლინიკის კარდიო-რადიოლოგიის დარგის პროფესიონალი, მედიცინის დოქტორი მარიკა რაზმაძე აღნიშნული გუნდის წევრის ამპლუაში ყოფნის 28 წელს ითვლის და გამოცდილების კვალდაკვალ, სფეროს განვითარებაზე დაკვირვებით, მკითხველს კარდიოლოგიის დარგის მთავარ მიღწევებს უზიარებს. თოდუას კლინიკის მუდმივი მეთოდოლოგიური თუ ტექნოლოგიური განახლება ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რაც მედპერსონალის პროფესიონალიზმთან ერთად, სანდო გარემოს ქმნის. მარიკა რაზმაძე კლინიკის უახლეს მიგნებებთან ერთად, OK!-ის მეთოდებისა და პრემიუმკლასის აპარატურის შესახებაც ესაუბრა.
რატომ შეაჩერეთ პროფესიული არჩევანი დიაგნოსტიკური მედიცინის სასარგებლოდ?
თითოეულ ექიმს მხოლოდ ერთი მთავარი მიზანი ამოძრავებს და ეს პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე ყოფნაა. ვფიქრობ, დიაგნოსტირება ის ღერძია, რომელზეც მკურნალობა და სწორი პროტოკოლის შედგენაა დამყარებული. საბოლოო, დადებითი შედეგის მისაღებად გასავლელი გზა სათავეს სწორი დიაგნოზის დასმიდან იღებს. ეს წარმოუდგენლად საპასუხისმგებლო პრეროგატივაა და რასაკვირველია, როცა სტუდენტი ხარ და მომავალ პროფესიაზე ფიქრობ, ყველაზე მომხიბლველი სწორედ ეს რთული და პასუხისმგებლობით სავსე გზა გეჩვენება.
გვიამბეთ იმ მთავარი უპირატესობის შესახებ, რომელსაც თოდუას კლინიკას აქ დანერგილი მეთოდოლოგია ანიჭებს?
თანამედროვე მიგნებებამდე მოსვლას წინ მრავალწლიანი განვითარება უძღოდა. უკანასკნელ ათწლეულში, ულტრაბგერითი აპარატურის მოდერნიზაციის შედეგად მიღწეულ იქნა სერიოზული წარმატებები გულსისხლძარღვთა სისტემის ვიზუალიზაციის კუთხით, რამაც საგრძნობლად გააფართოვა კარდიოლოგების წარმოდგენა გულის ფიზიოლოგიის შესახებ. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან შესაძლებელი გახდა ქსოვილოვანი დოპლერის პრაქტიკული გამოყენება, თუმცა, როგორც დადგინდა, მეთოდი სრულყოფილებისგან ჯერ კიდევ შორს იყო. ის სკანირების კუთხეზე დამოკიდებული გახლდათ, რის გამოც გარკვეული სეგმენტები ნაკლებად ვიზუალიზირდებოდა. როგორც ვიცით, გული გულმკერდის ღრუში რთული ტრაექტორიით მოძრაობს, ამიტომ დეფორმაციისა და დეფორმაციის სიჩქარის განმსაზღვრელი სრულიად ახალი მეთოდი, სახელწოდებით „2D-3D სფექლ თრექინგი“ შეიმუშავეს. აღნიშნული მეთოდი არ არის დამოკიდებული სკანირების კუთხეზე, რამაც შესაძლებელი გახადა დეფორმაციისა და დეფორმაციის სიჩქარის შეფასება 3-განზომილებიან სიბრტყეში (სიგრძივი, რადიალური და ცირკულარული მიმართულებით). სწორედ ეს არის თოდუას კლინიკაში დანერგილი მეთოდოლოგია, რომელსაც ანალოგი არ აქვს და გულის ნებისმიერი პათოლოგიის დიაგნოსტიკაში ყველა წინაღობა დაამარცხა.
მეთოდს სპეციალიზებული აპარატურის გამოყენებით მიმართავთ. როგორია აღნიშნული ტექნოლოგია?
კარდიოლოგიური განყოფილება, ისევე, როგორც ყველა სხვა მიმართულება კლინიკაში, პრემიუმკლასის აპარატურითაა აღჭურვილი. სულ ორიოდე თვეა, რაც განყოფილებაში ფუნქციონირებს უახლესი თაობის ულტრაბგერითი სკანერი Canon Aplio i900 4D მატრიცული გადამწოდით, რომელიც აღჭურვილია უნიკალური iBeam ტექნოლოგიით, რაც ახდენს უწვრილესი ულტრაბგერითი სხივის ფორმირებას და შესაძლებლობას იძლევა, ერთდროულად დამუშავდეს სხვადასხვა სიხშირის ულტრაბგერითი ნაკადები.
დავამატებდი, რომ Canon-ის ჯადოსნური აპარატი დადგენილი დაავადების მიზეზსაც განსაზღვრავს. მაგალითისთვის, შეგვიძლია დიფერენცირება მოვახდინოთ, როცა ჰიპერტონული დაავადების მქონე პაციენტთან გვაქვს საქმე, ფიზიოლოგიურია მიზეზები თუ გამოწვეულია რომელიღაც დაავადების შედეგად.
როგორია იმ პაციენტთა სპექტრი, რომელიც თქვენ მოგმართავთ?
კლინიკის მრავალპროფილურობიდან გამომდინარე, ცენტრში მრავალმხრივი პრობლემის მქონე პაციენტები იყრიან თავს. შესაბამისად, კარდიოლოგიურ განყოფილებას მომართავენ არა მხოლოდ სპეციფიკური კარდიოლოგიური ჩივილებით, არამედ, წინასაოპერაციო კვლევისთვის, ასევე ონკოლოგიური პაციენტები. სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობის გვერდით ეფექტს კარდიოტოქსიკურობა წარმოადგენს, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია მიოკარდის ცვლილებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. მიოკარდის სიგრძივი დეფორმაცია გაცილებით მგრძნობიარეა მარცხენა პარკუჭის ადრეული ცვლილებების მიმართ, ვიდრე განდევნის ფრაქცია.
თოდუას ცენტრის ერთ-ერთი უპირატესობაც სწორედ ესაა, რომ ერთ სივრცეში სრული, კვალიფიციური მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.
რა ტიპის რეკომენდაციებს გასცემდით? როგორია რისკ-ფაქტორები და გზები, რომელთა საშუალებითაც კარდიოლოგიურ გართულებებს ავირიდებთ?
რისკ-ფაქტორებში აღსანიშნავია: ჭარბი წონა, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, მემკვიდრული წინასწარგანწყობა, სტრესი... ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება და აქტიური სპორტი კი კარდიოლოგიურ გართულებებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
რას უნდა მიაქციონ ყურადღება პაციენტებმა? როგორია სიგნალები, რომლებიც კარდიოლოგიურ პრობლემას მოასწავებს?
ასაკის შეუზღუდავად, ჩივილებია: არტერიული წნევის მომატება, უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში, მოჭერითი ხასიათის ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ირადიაციით ბეჭში. შესაძლოა პაციენტმა იგრძნოს სუნთქვის უკმარისობა, რომელიც შეიძლება იყოს სტენოკარდიის ეკვივალენტი. აღსანიშნავია, რომ ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს კორონარული, ანუ გულის მკვებავი არტერიების კონტრასტული კვლევის მეთოდი − კომპიუტერული კორონაროგრაფია. მეთოდი არის არაინვაზიური, შესაძლებლობას იძლევა შეფასდეს ათეროსკლეროზული პროცესის გავრცელება, ათეროსკლეროზული ფოლაქი და მისი სტრუქტურა, სხვადასხვა თანდაყოლილი ანომალია, შუნტისა და სტენტის შემთხვევაში, მათი გამავლობა.
იზიარებენ თუ არა თქვენს პროფესიას ოჯახის წევრები?
ჩემი მეუღლე განათლებით ექიმი-ქირურგი გახლავთ, თუმცა ის ახლა ამ მიმართულებით არ მუშაობს. მყავს ორი ქალიშვილი − ნათია და ეკა. ნათია იურისტია, გახლავთ საკორპორაციო სამართლის მაგისტრი, ამჟამად მუშაობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ეკა სწავლობს ნიუ იორკში, სამაგისტრო ხარისხის კანდიდატია ფინანსებში. მყავს ერთი შვილიშვილი − 9 წლის ნინო.
რაზე ჩერდება თქვენი ფოკუსი კლინიკის მიღმა? როგორ ახერხებთ განტვირთვას და რა არის თქვენთვის სხვა, მნიშვნელოვანი გატაცებები?
ჩემთვის ოჯახთან ერთად გატარებული დრო მთავარი განტვირთვაა. მიყვარს მცენარეების მოვლა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი ჰობია. ხელოვნებას განსაკუთრებულ დროს ვუთმობთ. დავდივართ კინოში, თეატრსა და ოპერაში. ვცდილობთ, არასოდეს დავივიწყოთ ოჯახური ტრადიციები და უქმეების დადგომისთანავე ერთად, სრული შემადგენლობით შევიკრიბოთ.