ესთეტიკური მედიცინა ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მუდმივად იზრდებოდა მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან სიახლეებზე და ინოვაციებზე. ბოლო პერიოდში კი ადამიანები უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ დაბერების პროცესი იწყება არა მხოლოდ კანიდან, არამედ სხეულის ყველა შრიდან და ცდილობენ, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან დაიწყონ სიბერის გადავადება. დღესდღეობით კი უკვე არსებობს ისეთი საშუალებები, რომლებიც სწორედ ამ პრობლემას გვიგვარებენ, გვიხანგრძლივებენ ახალგაზრდა, ჯანმრთელ კანს და გვინარჩუნებენ ფორმებს. ილია მესხის ესთეტიკური მედიცინის ცენტრი კი ის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა, რომელიც უსაფრთხო და თვალშისაცემ შედეგს სთავაზობს მომხმარებლებს. OK! კლინიკის სამედიცინო დირექტორს, ილია მესხს ესაუბრა.
მოგვიყევით თქვენ შესახებ.
პროფესიით ზოგადი ქირურგი ვარ. თავდაპირველად მუცლის ღრუს ქირურგიით ვიყავი დაკავებული, შემდეგ კი გადავინაცვლე ენდოკრინულ, კერძოდ, ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიაში. სადისერტაციო ნაშრომიც დაცული მაქვს ამ მიმართულებით. 5-6 წლის წინ კი ესთეტიკით დავინტერესდი. ვინაიდან გარკვეულწილად დაკავებული ვიყავი ფარმაცევტული ბიზნესით, შემოგვთავაზეს ბრენდი, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა ესთეტიკას. როდესაც დავიწყე შიდა ბაზრისთვის სპიკერის მოძიება, გამიჩნდა იდეა, რომ თავად განმეხორციელებინა ეს საქმე და სწორედ ასე დაიწყო ჩემი პირველი შეხება ამ სფეროსთან. გავიარე გარკვეული კურსები ამ მიმართულებით, რადგან ეს პროფესია მოითხოვს სპეციალურ განათლებას და გამოცდილებას იმისათვის, რათა მიიღო სრულფასოვანი ცოდნა და გახდე პროფესიონალი შენს საქმეში. დღესდღეობით მე ვფლობ ორ ლიცენზიას − დერმატოლოგის და ზოგადი ქირურგის.
ამ ეტაპზე ვარ საკმაოდ დიდი კომპანიების სპიკერი. ისეთების, როგორიცაა Hyalual, BioFormula. მსოფლიო მასშტაბით ყველა წამყვან კონფერენციაზე მე ვარ მოწვეული სპიკერი და გართულებებზე მომუშავე ბორდის წევრი. ასეთ წარმატებას ალბათ ჩვენი ხედვა განსაზღვრავს, რადგან ამ საქმეს ჩვენ ვუყურებთ, როგორც კლინიკურ მეცნიერებას და არა უბრალოდ პაციენტის ნებაზე სიარულს.
განგვიმარტეთ ქირურგიული ჩარევებისა და ესთეტიკის თქვენეული ხედვა და მიდგომა.
ვინაიდან ეს გახლავთ ახალგაზრდა მეცნიერება, მასში არ არის დანერგილი კლასიკური მედიცინის მოთხოვნები, ანუ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკა. მე არ მაქვს უფლება კლასიკურ მედიცინაში ოპერაცია გავაკეთო ისე, როგორც მინდა. შემიძლია გავაკეთო მხოლოდ ისე, როგორც არის ყველაზე სწორი. ამას ჩვენ ვსწავლობთ წიგნებიდან და ასევე გვასწავლიან დარგის აღიარებული სპეციალისტები კვლევებზე დაყრდნობით. ადამიანებმა, რომლებმაც მედიცინიდან ესთეტიკაში გადმოვინაცვლეთ, ვცდილობთ დავნერგოთ კლასიკური მედიცინის დოქტრინა, რაც უზრუნველყოფს პაციენტის უსაფრთხოებას და შესაბამისად, ჩვენს წარმატებას. სწორედ ასეთმა მიდგომამ განსაზღვრა ჩვენი კლინიკის სტრატეგიაც.
რა სახის პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებელს?
ჩვენ პაციენტს ვთავაზობთ მხოლოდ იმ პროცედურებს, რომლებსაც ცნობს „დიდი“ მედიცინა. ესენია: პლაზმოთერაპია, ანუ საკუთარი სისხლის პლაზმით მკურნალობა, ბიორევიტალიზაცია ჰიალურონის მჟავით, კონტურული პლასტიკა შემავსებლით, სადაც ვიყენებთ მხოლოდ ჰიალურონის მჟავას შემცვლელ საშუალებებს, ე.წ. „ფილერებს“, რადგან ეს არის ერთადერთი სწორი პრაქტიკა; კონტურული პლასტიკა ძაფებით და ლიპოლიზი (ცხიმის დაშლა).
ჩვენ არ ვიყენებთ ლაზერს, ულტრაბგერას და სხვა ფიზიკურ საშუალებებს, იმიტომ, რომ ეს არ არის გაახალგაზრდავების სამედიცინოდ დამტკიცებული მეთოდოლოგია. რა თქმა უნდა, ლაზერი და ულტრაბგერა კარგია ქირურგიაში, მაგრამ მისი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ჩვენთვის არ არის მისაღები, რადგან არ არის დასაბუთებული მისი უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენი მიზანია ვაწარმოოთ სამედიცინოდ გამართლებული მიდგომებით მკურნალობა და ვფიქრობ, სწორედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ნიშა. ჩვენ ვაკეთებთ ძაფებით კონტურულ პლასტიკას, სადაც ვიყენებთ „აპტოსის“ ძაფებს. ეს არის ქართველების მიერ შექმნილი ბრენდი, რომელიც ქართველი მომხმარებლებისთვის საკმაოდ ხელმისაწვდომია. ამ მეთოდმა ფაქტობრივად გადაავადა ოპერაცია, რადგან ეს არის მოშვებული კანისა და ქვეშმდებარე რბილი ქსოვილების ზემოთ გადანაცვლება და აჭიმვა.
რომელი ქვეყნების მიერ წარმოებულ პრეპარატებს იყენებთ?
ვიყენებთ მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ და ამერიკულ პროდუქციას, რადგან ეს პროდუქტები გადის უმკაცრეს კონტროლს და მათი გამოყენების შემთხვევაში რისკის მაჩვენებელი ფაქტორები ძალიან დაბალია. ეს პრეპარატები ხშირად საკმაოდ ძვირია, ამიტომ ვცდილობთ მომხმარებელს ასევე შევთავაზოთ შედარებით ხელმისაწვდომი, მაგრამ ასევე ევროპული პრეპარატები, რომლებსაც ორჯერ ნაკლები ფასი აქვს, მაგრამ გამოირჩევა ძალიან კარგი ხარისხითა და შედეგით.
თქვენ ხშირად ატარებთ მასტერკლასებს. რა არის ამის მთავარი მიზანი?
ჩვენ ძალიან ხშირად ვატარებთ მასტერკლასებს, როგორც ბრენდის ფარგლებში, ასევე ზოგადად, მნიშვნელოვან საკითხებზე სფეროს განვითარების მიზნით. გარდა ამისა, ხშირად ჩამოგვყავს უცხოელი სპიკერები საქართველოში, რომლებიც ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს საინტერესო გამოცდილებებს უზიარებენ.
ვატარებთ სასწავლო კურსებს, რომლების მოიცავს გვამთან მუშაობად. საქართველოში კანონმდებლობით აკრძალულია მსგავსი პრაქტიკის მიღება, ამიტომ არ არის პირობები და სერვისი. შესაბამისად, გვიწევს უცხოეთში წასვლა და იქაურ ცენტრებში საქმიანობა. ეს მეთოდი კარგია ანატომიის უკეთ შესასწავლად, რის გარეშე წარმოუდგენელია სწორად და უსაფრთხოდ მუშაობა. პირადად მე ვატარებ უცხოეთში მსგავს ტრენინგებს − პოლონეთში, პოზნანის ლაბორატორიაში, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებული ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია ქირურგების გადამზადების, და მათ შორის ესთეტიკური მედიცინისთვის. აქ თავს იყრის უამრავი სპეციალისტი. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგია პრაქტიკის მისაღებად.
რა არის თქვენი მიზანი?
კონკურენცია ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია. რაც მეტი კლინიკა გაიხსნება საქართველოში, მივესალმებით. ჩვენი მიზანია ესთეტიკა მივიყვანოთ იმ დონემდე, რომ ადამიანმა წელიწადში რამდენჯერმე ჩაიტაროს მისთვის აუცილებელი პროცედურები, ანუ გვინდა ეს კულტურა განვავითაროთ. ეს არ არის მაინცდამაინც ტუჩის გადიდება ან ყვრიმალის კორექცია − ეს ზოგადად, სიბერესთან ბრძოლაა.
რა ასაკიდანაა სხვადასხვა პროცედურის ჩატარება რეკომენდებული?
30 წლამდე ქალბატონებს გამაახალგაზარდავებელი პროცედურები არ სჭირდებათ, სჭირდებათ მსუბუქი ბიორევიტალიზაცია, ისიც იმ შემთხვევაში, თუ სოლარიუმის ხშირი სტუმრები არიან. ეს იცავს მათ კანს გამოშრობისგან. 30-35 წლიდან ადამიანს ვიზუალურად უკვე ეტყობა დაბერების ნიშნები, შესაბამისად, ამ ასაკიდან უკვე რეკომენდებულია სხვადასხვა საჭირო პროცედურის ჩატარება. დაბერების კვალდაკვალ ვაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია, ინდივიდუალურია ადამიანის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე.
პაციენტს ვთავაზობთ უსაფრთხოებას და მისთვის სასურველ შედეგს სწორი მიდგომითა და სწორი პრეპარატების არჩევით. ხშირად არარეალური მოთხოვნები აქვთ და თანაც რამდენიც უნდა ვიკამათოთ, არსებობს სილამაზის პარამეტრები, რომლებიც დაფუძნებულია მტკიცებულებებზე, ამიტომ პაციენტებს ყოველთვის ვურჩევთ, რა მოუხდებათ მათ.