ყველა ქალს რომ თავისებური, ინდივიდუალური სილამაზე აქვს, ამაზე არავინ დავობს, თუმცა არსებობენ ქალები, რომლებიც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევიან. ლამაზმანები ერთნაირი წარმატებით შთააგონებენ და ღუპავენ შემოქმედებს, მათ შორის რეჟისორებსაც, რომლებიც ბრწყინვალე ფილმებს ქმნიან ქალის სილამაზეზე.
მაშ ასე, ცოტა ხნით გადადეთ ყველაფერი, იფიქრეთ მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე და მიენდეთ კინოს მაგიურ ძალას.
„უდაბნოს ყვავილი“
ვარის დირიე 13 წლის სომალელი გოგონაა, რომელიც სამშობლოდან გამოქცეული მხოლოდ საოცრების წყალობით ხვდება ლონდონში, სადაც საკუთარი სილამაზის დახმარებით სწრაფად აღწევს წარმატებას სამოდელო ბიზნესში. თუმცა, საინტერესოა, მოუტანს თუ არა ვარისს ბედნიერებას მოულოდნელი წარმატება და დიდება?
„მოჩვენებითი სილამაზე“
ჰოვარდ ინლეტის ცხოვრება კარგად მიდის: სამსახურში მას აფასებენ, მეგობრები აღფრთოვანებულნი არიან მისით, შინ კი ლამაზი ცოლი და ქალიშვილი მუდამ ელოდებიან. მაგრამ პირადი ტრაგედია ჰოვარდის ცნობიერს თავდაყირა დააყენებს და საშინელ დეპრესიაში ჩააგდებს. თანამშრომლები გადაწყვეტენ, რადიკალური ზომები მიიღონ, რომ კოლეგას დაეხმარონ. ფილმი მთავარ კითხვებზე პასუხებს გიკარნახებთ, სასწაულის არსებობასაც დაიჯერებთ და მშვენიერ განწყობასაც საჩუქრად მიიღებთ.
„ფიფქია: გნომების შურისძიება“
თქვენ წინაშე ზღაპრული სამყაროს ფარდა გაიხსნება და ნახავთ, თუ რა არის სინამდვილეში ბოროტება და რა − სიკეთე.
„დანიელი გოგონა“
1920-იანი წლების კოპენჰაგენი. მხატვარი ცოლის თხოვნით, ეინერი ქალივით გამოეწყობა და ხატვის პროცესში აცნობიერებს, რომ თავს კომფორტულად სწორედ ამ ფორმაში, ამ იდენტობაში გრძნობს, რათა საკუთარი სილამაზე შეიცნოს. ის სქესის შესაცვლელად ოპერაციის გაკეთებას გადაწყვეტს, რაც საშინლად ტრაგიკული მოვლენების ფონზე ხდება.
„მალენა“
ფილმის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება პატარა სიცილიურ ქალაქში, სადაც ლამაზმანი მალენა ქმართან ერთად გადაბარგდა. ქალაქის ბინადარ მამაკაცებს უსაზღვროდ შეუყვარდებათ მალენა, ეჭვიანობითა და შურით შეპყრობილ ქალებს კი, საშინლად სძულთ. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, მალენა იძულებულია დამოუკიდებლად ისწავლოს ცხოვრება, რაც არც ისე მარტივია, რადგან ჭორიკანა ქალბატონებმა უკვე გაავრცელეს ბინძური ჭორები, რაც ხელს უშლის მალენას ღირსეული სამუშაოს პოვნაში.