აიურვედა − ეს არის ადამიანის ჯანმრთელობის ცოდნის სისტემა, რომლის მეშვეობითაც თავს ვგრძნობთ ძალიან კარგად არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც. ეს არის ინდური ტრადიციული სამედიცინო სისტემა, რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება, როგორც ალტერნატიული მედიცინის ფორმა და უკვე 5 000 წელს ითვლის. ყველაფერი კი ინდოელი ბერებისგან დაიწყო, რომლებიც თაყვანს სცემდნენ საკუთარ სხეულს ისე, როგორც ტაძრებს.
„აიურვედა“ ორი სიტყვისგან („აიურ“− „სიცოცხლე“ და „ვედა“− „ცოდნა“) შედგება. შესაბამისად, დასახელებაში ჩადებულია და კონცენტრირებულია იმპულსი, გადასცე მომავალ თაობებს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ იცხოვრო ყოველი დღით ჰარმონიულად ღმერთის შექმნილ იმ გარემოში, რომელსაც სამყარო ჰქვია. აიურვედა არა მხოლოდ ჯანმრთელობის აღდგენისა და შენარჩუნების სისტემა, არამედ მთელი სამყაროს ჭეშმარიტი აღქმის თვალთახედვაა. იგი გვთავაზობს მდიდარ და ყოვლისმომცველ კონცეფციას ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე. განსხვავება, რომელიც გამოარჩევს აიურვედას სხვა გამაჯანსაღებელი სისტემებისგან, წარმოადგენს იმის გაგებას, რომ ადამიანის სიცოცხლე ბუნების განუყოფელი ნაწილია.
აიურვედას თანახმად, განსაკუთრებულად მოქმედებს ჯანმრთელობაზე წელიწადის დროების ცვალებადობა, კლიმატური პირობები, ქარის ცვალებადობა, ტემპერატურა, ტენიანობა, ნარჩენების რაოდენობა. გარშემომყოფი ელემენტების ბალანსი კი მოქმედებს დოშების ბალანსზე ორგანიზმში.
აიურვედას ერთ-ერთი დადებითი მხარე, სხვა მრავალთან ერთად, ისიცაა, რომ მას საუკუნეების შემდეგ, დღევანდელ რეალობაში თავისუფლად გამოსაყენებელი ცნებები აქვს. აიურვედა მოგვიწოდებს სიმშვიდისკენ და ბედნიერებისკენ, გვასწავლის ჯანსაღი, დაბალანსებული ცხოვრების წესს. აიურვედა ასობით პრაქტიკული რეკომენდაციის მეშვეობით ცხოვრებაში ჰარმონიის პოვნაში გვეხმარება.
აიურვედას ერთ-ერთი უმთავრესი მცნება საკვებს ეხება, რომელიც უნდა იყოს არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოც. სწორი კვება ჯანმრთელობის უმთავრეს წინაპირობად აქვს ამ მოძღვრებას განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ განწყობისთვის და კუჭ-ნაწლავის პრობლემების პრევენციისთვის ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო საკვები – სეზონური ხილი და ბოსტნეული უნდა მივირთვათ და თავი შორს უნდა დავიჭიროთ ე.წ. „ფასტფუდისგან“.
აიურვედას მიხედვით, ჯანმრთელი ქალი, რომელიც საკუთარ თავთან ჰარმონიაშია, სილამაზეს ასხივებს. ბუნებრივი სილამაზე თითოეულ ქალში არსებობს, საჭიროა მხოლოდ მისი გამოღვიძება. აიურვედა სწორედ ამ შეგრძნებას და ცხოვრებისეულ ენერგიას იძლევა და გვასწავლის, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ არის დამოკიდებული საკუთარ სხეულისადმი მიდგომაზე. კანზე ზრუნვას დიდი ყურადღება ეთმობა აიურვედაში − იზრუნეთ თქვენს კანზე, გაიკეთეთ მასაჟები, გამოიყენეთ ბუნებრივ ექსტრაქტებზე და პროდუქტებზე დამზადებული კოსმეტიკა. ნუ წაისვამთ კანზე ისეთ რამეს, რასაც საკვებად ვერ გამოიყენებდით. აიურვედა ძილის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და გვირჩევს, იმდენი ვიძინოთ, რამდენიც ჩვენს ორგანიზმს ესაჭიროება.