თმა ადამიანის ინდივიდუალურობის ერთ-ერთი გამომხატველი ნიშანია და ხშირად პირველ ეფექტს სწორედ ლამაზი და მოვლილი თმით ვახდენთ. თუმცა ლამაზ და ჯანმრთელ თმას მოვლა ესაჭიროება, ეს კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე მეთოდი, როგორ უნდა მოვუაროთ თმას შინაურ პირობებში მინიმალური დანახარჯით. ჩვენ გთავაზობთ უებარ საშუალებებს, რომლებიც შეგიჩერებთ თმის ცვენას და მას ჯანმრთელსა და მბზინვარეს გახდით.
ზეთოვანი ნიღაბი – მოიმარაგეთ ქოქოსის, ნუშის, ჟოჟობას ან ზეითუნის ზეთი, 3 ამპულა E ვიტამინი. ზეთები ერთმანეთში კარგად გადაურიეთ. თავის კანი 10 წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ, წაისვით მიღებული ნარევი და ჯერ შხაპის ქუდი დაიხურეთ, ხოლო შემდეგ კი პირსახოცი შემოიხვიეთ. გაიჩერეთ რამდენიმე საათი ან მთელი ღამე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
თაფლის ნიღაბი – ამ ნიღბის დასამზადებლად დაგჭირდებათ სადილის კოვზი თაფლი და კონიაკი; კვერცხის გული, ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი; ზეთოვანი A და E ვიტამინები. გადაურიეთ აბუსალათინის ზეთი და თაფლი, შემდეგ კვერცხის გული და კონიაკი, ბოლოს ზეთოვანი ვიტამინები. მიღებული მასა წაისვით თმაზე და გადაინაწილეთ მთელ სიგრძეზე. თავზე ჯერ შხაპის ქუდი დაიხურეთ, შემდეგ კი პირსახოცი შემოიხვიეთ. გაიჩერეთ რამდენიმე საათი და ჩამოიბანეთ.
კვერცხის გულისა და ბანანის ნიღაბი – ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მწიფე ბანანი და კვერცხის გული. ბანანი კარგად დაჭყლიტეთ, დაუმატეთ კვერცხის გული. მიღებული ნარევი თმაზე წაისვით, 30-40 წუთი გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ.
კვერცხის გულისა და ყავის ნიღაბი – მოიმარაგეთ კვერცხის გული, ნახევარი სადილის კოვზი ნატურალური დაფქვილი ყავა და ეს ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ. დაიმასაჟეთ თავის კანი და შეიზილეთ მიღებული ნარევი. თავზე შხაპის ქუდი დაიხურეთ, გაიჩერეთ 40 წუთი და ჩამოიბანეთ.
კვერცხის გულისა და მწვანე ჩაის ნიღაბი – ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ კვერცხის გული და 2 სადილის კოვზი გამოყენებული მწვანე ჩაის ფოთლები. კომპონენტები ერთმანეთში კარგად გადაურიეთ. მიღებული ნიღაბი წაისვით თმაზე. ზემოდან შხაპის ქუდი დაიხურეთ და 30 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ გრილი წყლითა და შამპუნით.