საქართველოს ბაზარზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე მოთხოვნა დღითი დღე იზრდება, რადგან ჯანსაღი პროდუქტი ორგანიზმისთვის სიჯანსაღის უმთავრესი პირობაა. ეკოპროდუქტი გულისხმობს, რომ მისი წარმოებისას არ გამოიყენება შხამქიმიკატები და ჯანმრთელობისთვის მავნე კონსერვანტები. განვითარებულ ქვეყნებში უკვე კარგად იციან ჯანმრთელობის ფასიც და ბიოპროდუქტების მნიშვნელობაც, და საქართველოც აქტიურად მიჰყვება მოვლენების განვითარებას.
ორგანული პროდუქტი იწარმოება კონსერვანტების, E დანამატების, ნიტრატების, პესტიციდების, გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების, ზრდის ჰორმონების გარეშე, ხოლო პროდუქტის ტრანპორტირება ხორციელდება განსაკუთრებული სიფრთხილით, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, სათანადო შეფუთვით. ორგანული პროდუქტის ამოცნობა არ ხდება არც ვიზუალზე დაკვირვებით, არც ხელის შეხებით, არც დასუნვით, არც სიპრიალის განსაზღვრით და არც იმით, რომ პროდუქტი ცოცხლად გამოიყურება. იმის გასარკვევად, არის თუ არა ესა თუ ის პროდუქტი ნატურალური, შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ თანდართული ეტიკეტის საშუალებით. პროდუქტის მარკირება Organic-ით მიუთითებს იმაზე, რომ მისი წარმოების მთელი პროცესი – ფერმერის მიერ მოყვანა, გადამუშავების მეთოდი და შეფუთვაც კი სერტიფიცირებულია, ხოლო პროდუქტი წარმოებულია უმკაცრესი მოთხოვნებისა და ეკოლოგიური სტანდარტის დაცვით, რომელიც შეესაბამება ევროკავშირისა და საერთაშორისო სერტიფიცირების ორგანიზაციების მოთხოვნებს. ბიოპროდუქტების წარმოების ლიცენზიას საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოს აკრედიტებული ორგანო, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებისა და დოკუმენტური რევიზიის დასკვნების შესაბამისად იძლევა.
ბიოპროდუქტები, რომელიც პრემიუმსეგმენტს განეკუთვნება, საკმაოდ რთულ და სერიოზულ შრომას მოითხოვს და ფასიც შესაბამისად საკმაოდ მაღალი აქვს. ამას სერტიფიკატების, ვეტერინარული კონტროლის, ლაბორატორიული კვლევების, შეფუთვისა და სხვა ტიპის ხარჯებიც ემატება. სამაგიეროდ, ადამიანი სერიოზულ სარგებელს იღებს, რადგან მეტი მინერალი და ვიტამინი ორგანიზმს სასიცოცხლოდ ამდიდრებს. 40%-ზე მეტი ანტიოქსიდანტი, რომელსაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შეიცავს, კარდიოვასკულარული და სიმსივნური დაავადების რისკს 40%-ით ამცირებს, ხოლო რძის ნაწარმში, რომელიც ბიოტექნოლოგიებით მზადდება, ანდიოქსიდანტები 90%-ზე მეტს შეადგენს.