საქართველოში ბოლოს წლებში ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებები ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს ონკოლოგიურ დაავადებათა შორის და კიბოს რეგისტრის მონაცემებით, ქალთა პოპულაციაში სიხშირით მეორე ადგილზეა – სარძევე ჯირკვლის ონკოლოგიური პათოლოგიის შემდეგ. მსოფლიოშიც იგივე ტენდენციაა და გამოვლენის სიხშირე ძირითადად დიაგნოსტიკური საშუალებების გაუმჯობესებას უკავშირდება.
რისკ-ფაქტორები
დაავადების გამომწვევი მიზეზები ზუსტად არ არის ცნობილი, თუმცა ბავშვთა ასაკში დასხივება, განსაკუთრებით კისრის მიდამოში, ასევე ბირთვული კატასტროფები (მათ შორის – ჩერნობილის რეაქტორზე მომხდარი აფეთქება) უთუოდ წარმოადგენს დაავადების გამომწვევ ძირითად რისკ-ფაქტორებს.
ძირითადი სიმპტომები
როგორც წესი, მიკროკარცინომა საწყის სტადიაზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა დაავადების გავრცელებული ფორმა იწვევს როგორც ყლაპვის გაძნელებას, ასევე ხმის ტემბრის ცვლილებას. კისრის გადიდებულმა ლიმფურმა კვანძებმა შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი და შეშუპება კისრის არეში.
იოდოთერაპია
შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სიმსივნურ უჯრედებს იოდის ცვლაში – მეტაბოლიზმში მონაწილეობის მიღების უნარი აქვთ. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ იოდი მოხვდეს უჯრედებში და მოახდინოს მისი განადგურება. ეს მექანიზმი მუშაობს მხოლოდ დიფერენცირებული სიმსივნეების შემთხვევაში, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის კარცინომების 90%-ს შეადგენს.
იოდი და მისი როლი
დიფერენცირებული სიმსივნეების მკურნალობის მეთოდი კომბინირებულია, რაც გულისხმობს პირველ ეტაპზე ტოტალურ – სრულ თირეოიდექტომიას ლიმფოდისექციით ან მის გარეშე, ხოლო მეორე ეტაპზე დასხივებას რადიოაქტიური იოდის გამოყენებით. იოდის გამოყენების ძირითად მიზანს წარმოადგენს არა მარტო სიმსივნური უჯრედების განადგურება, არამედ ქირურგიული ჩარევის შემდეგ არსებული უმცირესი ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების ელიმინაცია, რომელთაც აქვთ სიმსივნური მარკერის – თირეოგლობულინის გამომუშავების უნარი. თირეოგლობულინს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ პაციენტთა შემდგომი კონტროლის Follow-up-ისთვის, რადგან სისხლში მისი კონცენტრაციის უმცირესი მატებაც კი გვაფიქრებინებს დაავადების რეციდივის არსებობის შესახებ. უამრავი ლიტერატურული წყარო და სამედიცინო კვლევა ცხადყოფს, რომ კომბინირებული თერაპია მოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და ამცირებს რეციდივის განვითარების ალბათობას.
პრაქტიკაში გამოვიყენებთ იოდ 131 იზოტოპს, რომელიც მოგვეწოდება კაფსულის სახით და რომელიც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მეშვეობით შეიწოვება.
მოქმედების პრინციპი
იოდის მოქმედების თერაპიული ეფექტი დამყარებულია ბეტა-გამოსხივებაზე, რომელსაც აქვს ადამიანის ორგანიზმში შეღწევის – პენეტრაციის უნარი და შესაბამისად, ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს. დანარჩენ ჯანმრთელ უჯრედებზე დასხივება მინიმალურია და მათ დაზიანებას არ იწვევს. იოდის იზოტოპის მიღების შემდეგ, თავად პაციენტი ხდება გამოსხივების წყარო, რის გამო აუცილებელი ხდება მისი იზოლირება მინიმუმ 48 საათის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები
მკურნალობის თითქმის ყველა მეთოდს ახლავს გვერდითი მოვლენები. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თერაპიულმა ეფექტმა საჭიროა გადააჭარბოს მისგან გამოწვეულ გვერდით მოვლენებს. იოდოთერაპია მედიცინაში გამოყენებული ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტარგეტული – მიზანმიმართული თერაპიის მეთოდია, რომელიც უმნიშვნელო გვერდითი მოვლენებით ხასიათდება და ბოლო 70 წელია წარმატებით გამოიყენება მილიონობით პაციენტზე მსოფლიო მასშტაბით.
რადიაციული უსაფრთხოება
პაციენტის მიერ სტაციონარის დატოვება ხორციელდება რადიაციული უსაფრთხოების მკაცრად დადგენილი კანონის შესაბამისობაში, იზოტოპის მიღებიდან მინიმუმ 48 საათის შემდეგ. სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ, გარკვეული შეზღუდვა ვრცელდება ორსულებზე და ბავშვებზე, რაც შესაბამის წერილობით ინსტრუქტაჟში არის ასახული. მკურნალობის დასრულების შემდეგ აუცილებელია პაციენტი იმყოფებოდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, რათა დროულად მოხდეს პოტენციური რეციდივირების იდენტიფიკაცია და ადეკვატური მკურნალობის ჩატარება.
ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული სიმსივნეები პროგნოზულად ერთ-ერთი ყველაზე კეთილსაიმედო გამოსავლით ხასიათდება. ხშირ შემთხვევაში, გავრცელებული დაავადების დროსაც კი 10-წლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა 90% და მეტია. ამ შედეგის მიღწევა კი შესაძლებელია სტანდარტიზებულ მტკიცებულებაზე – საერთაშორისო გაიდლაინებზე დამყარებული კომბინირებული მკურნალობით.