მარინა მეგრელიძე არც ისე ცოტა ხანია, რაც იოგათი დაინტერესდა და მას შემდეგ აქტიურად არის დაკავებული ამ მიმართულებით. ამბობს, რომ ამ გადმოსახედიდან იოგას გარეშე მისი სიცოცხლე წარმოუდგენელიც კია, რადგან ეს არის საუკეთესო საშუალება ჯანსაღი ცხოვრებისა და საკუთარი თავის სრულყოფილად გაცნობისა.
როდის დაინტერესდით იოგათი?
იოგათი 4 წლის წინ დავინტერესდი და მას შემდეგ აქტიურად ვარ ჩართული ამ საქმეში. იოგამ შეცვალა ჩემი ხასიათი, შეხედულებები ცხოვრებაზე და დამოკიდებულებები ყველაფრის მიმართ.
როგორია თქვენი კვების რაციონი?
ვიკვებები ხილით, ბოსტნეულით და სხვადასხვა ჯანსაღი პროდუქტით. არ მივირთმევ ხორცს, არ ვარ წინააღმდეგი, როდესაც მომინდება, შემიძლია მივირთვა, მაგრამ მგონია, რომ არ არის ამის აუცილებლობა. ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან ვიტამინებს სხვადასხვა ჯანსაღი პროდუქტისგან ვიღებ.
რა არის თქვენთვის იოგა?
არ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება იოგას გარეშე. ეს იგივეა, რაც დილით ადგომისთანავე წყლის დალევა. ეს არ არის ჩემთვის უბრალოდ ვარჯიში, ეს არის სულიერი პრაქტიკა, რომელიც მეხმარება საკუთარი თავის გაცნობაში, და ბალანსი, რომლის მიღწევა სხვა შემთხვევაში ძალიან რთულია. იოგას დახმარებით ვარ მუდმივად მშვიდად. მას შეუძლია მიგახვედროს, რა გინდა სინამდვილეში. არ ვცხოვრობ წარსულით, არც მომავლით, ჩემთვის მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომელშიც კონკრეტულ დროს ვიმყოფები.