საუკეთესო შეგრძნებაა, როდესაც ზუსტად იმას აკეთებ, რაც შენს ყოველდღიურობას უფრო ხალისიანსა და სასურველს ხდის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავის მოვლა და სილამაზე შენი ცხოვრების მთავარ საქმედ იქცევა. ამ სფეროს მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობიდან გაუჩნდა და მოგვიანებით, მოგზაურობისას აღმოჩენილმა თავის მოვლის პროდუქტებმა ინტერესი კიდევ უფრო გაუღრმავა. ჩვენი რუბრიკის გმირი და OK!-ის HEALTH AND BEAUTY BOOK-ის მოწვეული რედაქტორი „მის საქართველო 2005“, ულამაზესი ქალბატონი – სალომე ხელაშვილია, რომელიც მკითხველს თავის მოვლის მისეულ ხრიკებსა და ცხოვრებისეულ აღმოჩენებს გაუზიარებს.
თქვენ ხართ OK! Health and Beauty Book-ის მოწვეული რედაქტორი. გვესაუბრეთ ამ გამოცდილებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მსგავსი გამოცდილება აქამდე არ მქონია, არასოდეს მიმუშავია ამ მიმართულებით. ეს გამოცდილება ძალიან დიდი გამოწვევა აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან თავი ამ პროფესიაში გამოვცადე და სამყაროს ჟურნალისტის თვალით შევხედე. რა თქმა უნდა, ვღელავდი, თუმცა ამ შემოთავაზებას დიდი ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით მოვეკიდე. ნამდვილად ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მუშაობის პროცესი, განსაკუთრებით კი იმ თემებზე, რომელიც ჩემთან ასე ახლოსაა და შეიძლება ითქვას, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მკითხველს გავუზიარე ცხოვრების სტილი, რომლითაც ვცხოვრობ და მიმაჩნია, რომ შინაგანი და გარეგანი სილამაზისთვის აუცილებელია, რადგან ეს ორი ცალ-ცალკე არ განიხილება ჩემთვის. თავის მოვლის პროდუქტები, კვება, ვარჯიში, დიეტა, განტვირთვა... ვფიქრობ, ეს ის თემებია, რომლებიც ნებისმიერი ადამიანისთვის საინტერესოა, ამიტომ წაიკითხეთ OK! Health and Beauty Book-თან ერთად.
გაგვიზიარეთ თავის მოვლის თქვენეული რუტინა. როგორია თქვენი ყოველდღიურობა?
თავის მოვლა – ეს კონტექსტი უკვე მრავალი წელია არ მაქვს გამოყოფილი, როგორც ცალკეული მოვლენა, რადგან ისე შევითავსე ეს პროცესი, როგორც ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი. ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და ძალიან ვინტერესდებოდი ამ სფეროთი, ამიტომ ცხოვრების წესად იქცა. ჩემი დილა მზესთან ერთად გაღვიძებით იწყება და ადრე დაძინებით სრულდება. ვფიქრობ, ეს სილამაზისა და სასურველ ფიზიკურ ფორმაში ყოფნის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.
დილით ადრე გაღვიძების შემდეგ ვიწყებ ვარჯიშს. დილით იმიტომ, რომ მეტი ენერგია მაქვს და უფრო აქტიური ვარ, ვიდრე დღის სხვა მონაკვეთში. ამის შემდეგ ჩემი დღე გრძელდება პროცედურებით, რომლებსაც ყოველდღე ვიტარებ. მაგალითად, მედიტაცია, რომელიც თავის მოვლისთვის და განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალებაა. ასევე ვიყენებ საცხებს, რომლებიც აზიაში მოგზაურობისას აღმოვაჩინე. ეს პროდუქტები პირდაპირ ისახებოდა ჩემი სახის კანის ფერზე, თვალის ფერზე, ფრჩხილის ფაქტურაზე თუ თმის სტრუქტურაზე, და წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნით, გამოცდილებითა და ნანახი შედეგით შევქმენი პირადი მიმდინარეობა, რომელიც 100%-ით ნატურალური ბიონაწარმია.
ჩემი რუტინა ასევე მოიცავს მცირე პროცედურას – ნიღბის გაკეთებას, რომელიც ჩემს კანს ძალიან უხდება და ვფიქრობ, ნებისმიერი ქალატონისთვის უნიკალური პროდუქტია. არის ძალიან კომფორტული, რადგან ვიჩერებ მხოლოდ 3 წუთის განმავლობაში. ესაჭიროება მხოლოდ გაშრობა. ჭიმავს კანს, მატებს ბზინვარებას და აუმჯობესებს კანის ფერს.
გვესაუბრეთ ამ პროდუქტებზე უფრო ვრცლად – როგორ აღმოაჩინეთ ისინი?
თითოეულ ქვეყანაში, სადაც ვმოგზაურობდი, ვიტარებდი სხვადასხვა პროცედურას, რადგან როგორც აღვნიშნე, ბავშვობიდან ვინტერესდებოდი ამ სფეროთი. ყველა ქვეყანაში თავის მოვლის ერთმანეთისგან განსხვავებული კულტურა იყო და, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან საინტერესო გახლდათ თითოეული მათგანი. სწორედ ასე წავაწყდი იმ პროდუქტებს, რომლებითაც შემდეგ პირადი მიმდინარეობა შევქმენი. ეს პროდუქტები ბუნებრივი დანამატია და მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ მცენარეულ საცხებს.
როგორც აღნიშნეთ, აქტიურად ხართ დაკავებული ვარჯიშით. კონკრეტულად, სპორტის რომელი მიმდინარეობა გაინტერესებთ?
ბავშვობიდან მოყოლებული, სპორტული აქტივობის რამდენიმე სახეობა ვცადე, მათ შორის – კარატე, ძიუდო, კიკბოქსინგი, კრივი. ბოლოს, წონის კლების მიზნით დავიწყე სიარული იოგაზე. მაშინვე ძალიან ჩავერთე და დავინტერესდი ამ მიმართულებით.
იოგა არ არის მხოლოდ ვარჯიში. ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც მოიაზრებს ჯანსაღ კვებას, რეჟიმის დაცვას და წარმოადგენს ერთგვარ დისციპლინას, რომელიც საკმაოდ რთული დასაცავია, მით უმეტეს ასეთ დაბინძურებულ გარემოში. გარდა იმისა, რომ სხეულს ეხმარება საუკეთესო ფორმების შეძენაში, განტვირთვის საუკეთესო საშუალებაცაა. ვარჯიშის შემდეგ ვივსები ენერგიით და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
როგორია თქვენი კვების რაციონი?
კვებას რაც შეეხება, ვუსმენ ჩემს ორგანიზმს, რადგან მას უკვე კარგად ვიცნობ. სხეული ყოველთვის მკარნახობს, რა მესაჭიროება, მჭირდება თუ არა ენერგია. ვცდილობ მივიღო ის საკვები, რომელიც ენერგიას მომცემს, ყველანაირად ვცდილობ ადაპტირებული ვიყო დღევანდელ სამყაროსთან. ასევე აუცილებელია ცოცხალი საკვების – ხილისა და ბოსტნეულის უმად მიღება. ძირითადად, ვიკვებები ჯანსაღად, რადგან ეს აუცილებელი პირობაა ჯანსაღი და ჯანმრთელი ორგანიზმისა.
როგორ უნდა გავიცნოთ ჩვენი თავი?
იოგათი – ეს გეხმარება იმაში, რომ საკუთარ თავში იმოგზაურო ძალიან ღრმად. ასე ბევრად კარგად გრძნობ თავს და სიღრმისეულად ეცნობი მას.
თავისუფალ დროს რას აკეთებთ? რა არის თქვენთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება?
თავისუფალი დრო ძირითადად არ მაქვს, მაგრამ თუ მაინც მაქვს, ბავშვებთან ერთად ვატარებ. ასევე ძალიან მიყვარს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. ჩემთვის ყველაზე დიდი განტვირთვაა, როდესაც მშვიდ გარემოში ვკითხულობ წიგნს ან ფილმს ვუყურებ.
თქვენ ხართ „მის საქართველო 2005“. ალბათ, დიდი პასუხისმგებლობაა დღემდე, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის ტარება...
დიახ, ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის იდეალურ ფიზიკურ ფორმაში უნდა იყო და არ უნდა მოდუნდე. არ გაქვს ამის უფლება, რადგან ერთგვარი ტიტულის მატარებელი ხარ, რომელიც უნდა გაამართლო და მაგალითი მისცე სხვა ქალბატონებს.
რას ურჩევდით ქალბატონებს?
ქალბატონებს ვურჩევ დაიცალონ ყველანაირი უარყოფითისგან, გაიღიმონ ხშირად და იყვნენ კეთილგანწყობილნი. ვფიქრობ, ეს არის ქალის სილამაზის მთავარი ფორმულა.