25 წლის წინ ქართველი ქირურგის, მარლენ სულამანიძის გამოგონებამ პლასტიკურ კოსმეტოლოგიაში რევოლუცია მოახდინა. სახის კანის გასაახალგაზრდავებლად უნიკალური ძაფის საშუალებით მისი გადაჭიმვა შესაძლებელი გახდა მაშინ, როცა მსგავსი ეფექტის მისაღწევად ყველა სხვა მანიპულაციას მხოლოდ ქირურგია გვთავაზობდა, აპტოს ძაფებმა მცირე ინვაზიური მეთოდით გასაოცარ შედეგს მიაღწია. გამოგონება მალევე აღიარა მსოფლიომ, ხოლო ავტორი, მარლენ სულამანიძე და მისი ოჯახი საქართველოში საავტორო მეთოდს საკუთარ კლინიკა TOTAL CHARM-ში იყენებენ.
მარლენ სულამანიძესთან ერთად, მისი ვაჟები – გიორგი და კონსტანტინე სულამანიძეები საქართველოში პლასტიკური ქირურგიის ყველა უახლეს მიგნებას წლების განმავლობაში TOTAL CHARM-ში საერთო იდეის ირგვლივ, მედიცინის სხვადასხვა დარგის პროფესიონალ თანამოაზრეებთან ერთად ემსახურებიან.
საქართველოში პირველი კლინიკა 2007 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს და მომხმარებლებს სრული სპექტრის პლასტიკურ ოპერაციებს და დერმატო-კოსმეტოლოგიურ პროცედურებს სთავაზობს.
OK! TOTAL CHARM-ის დირექტორს, პლასტიკურ ქირურგ კონსტანტინე სულამანიძეს, დერმატო-კოსმეტოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელ ალბინა ქაჯაიას, ესთეტიკურ გინეკოლოგ თინათინ თომაძესა და სისხლძარღვთა ქირურგ ეკა ჩაფიძეს კლინიკის საქმიანობის იმ რამდენიმე მთავარ მიმდინარეობაზე ესაუბრა, რომელსაც თავად უძღვებიან.
კონსტანტინე სულამანიძე
კლინიკის მიერ არჩეული კურსი
„მიუხედავად იმისა, რომ TOTAL CHARM-ში თითქმის ნებისმიერი სახეობისა და სირთულის პლასტიკური ოპერაციები ტარდება, როგორიცაა სახის კანის აჭიმვა, ბლეფაროპლასტიკა, რინოპლასტიკა, მკერდის, მუცლის კორექცია, ლიპოსაქცია და ა.შ, ვცდილობთ, პაციენტებს მცირეინვაზიური ჩარევები შევთავაზოთ და სასურველ შედეგს პირობითად, აპტოს ძაფების ან ინიექციური მეთოდების საშუალებით მივაღწიოთ“.
აპტოსის უპირატესობა
დღეს მცირეინვაზიური პროცედურები კლინიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. სახისა და სხეულის კანის დაჭიმვა აპტოსის ძაფებით კანის ასაკობრივი ცვლილებებისა და რბილი ქსოვილების ფტოზის ეფექტური პროფილაქტიკა და მკურნალობაა. პროცედურის ჩატარება სახისა და სხეულის სხვადასხვა მონაკვეთზეა შესაძლებელი. პროცედურა სახის მიდამოზე მხოლოდ რამდენიმე ჩხვლეტას და ადგილობრივ ანესთეზიას საჭიროებს. დაახლოებით 30-წუთიანი ჩარევის შემდეგ პაციენტს შეუძლია ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს. აპტოსის მეთოდი დაბერების პირველი ნიშნების პრევენციისა და კორექციისთვის საუკეთესო, ნაკლებად ტრავმატული საშუალებაა, რომელიც კანზე განაკვეთებს არ საჭიროებს და ნაწიბურების გაჩენის და ქირურგიული ჩარევის სხვა რისკებს გამორიცხავს.
ასაკობრივი პაციენტებისთვის კი, აპტოსის მეთოდების კომბინირება კოსმეტოლოგიურ პროცედურებთან ქირურგიული ჩარევის ღირსეული ალტერნატივაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა პაციენტს ზოგადი ნარკოზისა და რთული რეაბილიტაციის გადატანა არ სურს.
ალბინა ქაჯაია
აპტოსის ძაფებით მიღებული შედეგი და კონკურენცია პლასტიკურ ქირურგიასთან
„ხშირად ძაფებით, ფილერების ან ბოტულინოტოქსინის ინიექციებით ისეთი ქირურგიული ოპერაციების ჩანაცვლება შეგვიძლია, რომლის ჩატარებას პაციენტები სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ბედავენ. მაგალითად, ნარკოზი, ნაწიბურები ან არასასურველი შედეგი აშინებთ.
ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, ჩვენ რინოპლასტიკის გარეშე მცირე კეხის, ნესტოების კორექცია ან ცხვირის წვერის აწევა შეგვიძლია. შედეგი დროებითია – ძაფების შემთხვევაში 3-5 წელი, ფილერით – 2 წლამდე. ეს შესანიშნავი გამოსავალია განსაკუთრებით მათთვის, ვინც ზუსტად არ იცის, როგორი ცხვირი მოუხდება და დროებით სურს ფორმის შეცვლა. ასეთი მეთოდების უპირატესობა ისაა, რომ საწყისი მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაიბრუნოთ, რაც ქირურგიული ოპერაციის შემთხვევაში სრულიად გამორიცხულია. მცირეინვაზიური მეთოდები თანამედროვე, აქტიური ადამიანის არჩევანია“.
ალბინა ქაჯაია
სიახლეები მსოფლიო ესთეტიკური მედიცინის სფეროში
„კანის შესახებ თანამედროვე მეცნიერული ცოდნა ახალი მეთოდებისა და პრეპარატების შექმნას უწყობს ხელს. მათი ფართო ასორტიმენტი უფრო ინდივიდუალური მიდგომების შექმნის საშუალებას გვაძლევს. მოთხოვნადია ბუნებრივობა და სახის ჰარმონიული პროპორციები. ჩვენ გვიხარია, რომ ეს ტენდენცია საქართველოშიც პოპულარობით სარგებლობს. პაციენტებს სურთ იყვნენ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია და არა ცნობილი ადამიანის ასლი. ამისათვის ხშირად მცირე ჩარევებიც საკმარისია. სწორი დოზირებით ბოტულინოტოქსინი ნაოჭებს ასწორებს, მაგრამ მიმიკას არ აშეშებს. ტუჩის მცირე ასიმეტრიის ან ოვალის კორექცია ფილერის ზომიერი მოცულობით არის შესაძლებელი. წარბების აწევას და ცხვირის ფორმის ოდნავ შესწორებას უკვე ოპერაციების გარეშეც ვაკეთებთ.
კოსმეტოლოგიის მსოფლიო ტენდენციებს შორის კომპლექსური მიდგომები გამოიყოფა. კანი არის ორგანო, რომელიც ორგანიზმის პრობლემებზე და არაჯანსაღი ცხოვრების წესზე გვანიშნებს, ამიტომ მასზე კომპლექსური მუშაობაა საჭირო“.
TOTAL CHARM-ის სამომავლო გეგმები
გახსნის დღიდან TOTAL CHARM-ის კლინიკა იზრდება, ყოველწლიურად ახალ მიმართულებებს, სპეციალისტებსა და პროცედურებს აერთიანებს, რათა ქართველ მომხმარებელს მათი სხვადასხვა სურვილის შესრულებისთვის საუკეთესო და უახლესი საშუალებები შესთავაზოს. ამ გამოწვევის გადალახვა დაუსრულებელი პროცესია და კლინიკის მასშტაბების გაზრდასა და მომსახურების გამრავალფეროვნებაში აისახება.
ესთეტიკური გინეკოლოგიის დარგი TOTAL CHARM-ში ერთ-ერთი სიახლეა, რომელიც მსოფლიოში ახალ და მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ესთეტიკური გინეკოლოგია არა მხოლოდ ესთეტიკურ შედეგს, არამედ ქალის ჯანმრთელობასა და თავდაჯერებულობას უკავშირდება. OK! TOTAL CHARMI-ის ესთეტიკურ გინეკოლოგს, თინათინ თომაძეს ესაუბრა.
თინათინ თომაძე
ესთეტიკური გინეკოლოგიის როლი
„ესთეტიკური გინეკოლოგია, როგორც ქირურგიული, ასევე მცირეინვაზიური მეთოდების საშუალებით ქალბატონებს მშობიარობის, ტრავმის შემდგომი და თანდაყოლილი ჯანმრთელობის ან ესთეტიკური პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.
ესთეტიკური გინეკოლოგია ცხოვრების, კერძოდ სექსუალური ცხოვრების ხარისხის ამაღლებას, ინტიმური ზონის ჯანმრთელობას, მკურნალობას, პროფილაქტიკასა და ესთეტიკას ემსახურება“.
ნაკლები ინფორმაცია, მეტი პრობლემა
„გინეკოლოგიური პრობლემები ხშირად ტაბუდადებული თემაა, მაგრამ კვლევები ცხადყოფს, რომ ინფორმაციული ვაკუუმის საფუძველი გარკვეული ინტიმური პრობლემებია. ესთეტიკური გინეკოლოგია მყარ, ხანგრძლივ ურთიერთობას ემსახურება; იმ ქალბატონების სამსახურშია, რომელთაც სურთ, თავდაჯერება გაუმძაფრდეთ. სექსუალური ცხოვრების ხარისხის დაქვეითება ხომ ურთიერთობებში გაჩენილი ხარვეზების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება“.
სიმპტომატიკა და მასთან ბრძოლის მეთოდები
„გინეკოლოგიური პრობლემების თვალსაზრისით, ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. შესაძლოა, ქალს არასოდეს უმშობიარია, სექსუალური ცხოვრება დაწყებული არ ჰქონდეს, თუმცა ინტიმური ზონის ფიზიოანატომიური აგებულება პრობლემური იყოს, ახასიათებდეს ჰიპერტროფია, ასიმეტრია და სხვა; ხშირად ინტიმური ზონის მშობიარობის შემდგომი დაზიანებებით მოგვმართავენ. მომართვიანობის მიზეზი შესაძლოა ჰორმონალური დისბალანსიც გახდეს. სხვადასხვა შემთხვევისას ინტიმური ზონის ჯანმრთელობისა თუ ესთეტიკურობის განმსაზღვრელად ქირურგიულ ან მცირე ინვაზიურად ჩარევას, კონტურულ პლასტიკას და პილინგსაც მივმართავთ“.
აპტოსის ძაფები ესთეტიკურ გინეკოლოგიაში
„ესთეტიკურ გინეკოლოგიაში ქირურგია წამყვანი მიდგომაა, თუმცა თანამედროვე მედიცინამ მცირე ინვაზიური მანიპულაციით ამ მიდგომაში ახალი სიტყვა თქვა. აპტოსის ძაფები ინტიმური ზონის კორექციაშიც დიდ როლს თამაშობს და ქირურგიის ალტერნატივად იქცა. მისი საშუალებით არა მხოლოდ იერსახის შეცვლა, არამედ ფუნქციების აღდგენა ხერხდება“.
კლინიკა TOTAL CHARM-ში სისხლძარღვთა ქირურგიას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა ექიმი, ეკა ჩაფიძე ხელმძღვანელობს, რომელიც OK!-ის ფლებოლოგიის, კლინიკაში არსებული აქტუალური მომსახურების – ვენების ლაზერული ქირურგიის როლზე ესაუბრა.
ეკა ჩაფიძე
ვარიკოზული დაავადების გამომწვევი მიზეზები
„ვარიკოზული დაავადებების გამომწვევ მიზეზად შესაძლოა გენეტიკური წინასწარგანწყობა ან ცხოვრების წესი იქცეს. დიდხანს დგომა, მოსვენებულ მდგომარეობაში ხანგრძლივად ჯდომა, ჰორმონალური დისბალანსი, ორსულობა – ის შესაძლო მდგომარეობებია, რომლებიც ვარიკოზულ დაავადებებს ხშირად იწვევს.
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის კურსის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, შესაძლოა შედეგად თრომბოზი ან თრომბოემბოლია დადგეს“.
მკურნალობის მეთოდოლოგია
ვენების ვარიკოზული დაავადებების მკურნალობას, ჯანმრთელობისა და ესთეტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მკურნალობა TOTAL CHARM-ში თანამედროვე, მცირე ინვაზიური მეთოდის გამოყენებით ვენის ლაზერული აბლაციით ხდება. გერმანული აპარატის, „ლეონარდო დუალ 45“-ის დახმარებით ოპერაციის საჭიროება ჩანაცვლდა და საშუალოდ 40-წუთიანი მანიპულაციის შედეგად, კიდურების წვრილი თუ მსხვილი ვენებისგან ესთეტიკური წმენდა და მკურნალობა ხერხდება.
გართულებული შემთხვევების დროს ქირურგიული ჩარევის საჭიროების შემთხვევაშიც, მცირე ოპერაციული მიდგომა სიწითლესა და პიგმენტურ ლაქას არ ტოვებს, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით და მანიპულაციიდან 1 საათში პაციენტი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.
ის არათუ შეზღუდულია მოძრაობაში, არამედ ცხოვრების აქტიური წესი მის მდგომარეობას აუმჯობესებს“.
უახლესი აპარატი, როგორც რეციდივის გამორიცხვის საშუალება.
ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას სანათურების გაფართოება და კედლების გათხელება ახასიათებს. როცა საჭირო დროს ვენების ოკლუზირება და მათი აბლაცია ხდება, ხელახალი გართულების შანსი ქრება. შედეგის შესანარჩუნებლად პაციენტის მხრიდან გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინებაა საჭირო, სხვა კერის აღმოცენების შესაძლებლობა რომ გაქრეს. უკვე ნამკურნალევ უბანზე რეციდივი არ ხდება.
დოპლეროგრაფია და სკლეროთერაპია
კონსულტაცია ერთ-ერთი უმთავრესი პროცესია, რა დროსაც დოპლეროგრაფიის, დიაგნოსტიკის საფუძველზე პაციენტის მდგომარეობა დგინდება. მას შესაძლოა სულაც არ დასჭირდეს მანიპულაცია და კონსერვატიული მკურნალობით შედეგი მიიღწეოდეს. კიდურებში სიმხურვალის, სიმძიმისა და წვის შეგრძნების დროს პაციენტმა ექიმს კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს, მკურნალობის გზები კი ინდივიდუალურად შემუშავდება.
სკლეროთერაპია მცირე ზომის, თუმცა თვალსაჩინო კაპილარულ ბადეს ებრძვის. მარტივი ინიექციის შედეგად მცირე ზომის ვენებიც წამებში ქრება. სპეციალური პრეპარატის შეყვანა კაპილარების სანათურებში ხდება და ნივთიერება სანათურის კედლების შეწებებას იწვევს. შესაბამისად, ის აღარ გაიხსნება და რეციდივის საფრთხე ამ შემთხვევაშიც არ არსებობს.