აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი რომ უამრავ პროფესიონალ ექიმს აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებით, ამაში არაერთხელ დაარწმუნა ჟურნალმა OK!-იმ თავისი მკითხველი, ამჯერად კი ექიმ-რადიოლოგ ნინო ბატიაშვილის შესახებ გიამბობთ, რომელიც თოდუას კლინიკის გუნდს 9 თვის წინ შეუერთდა, თუმცა მანამდე სამედიცინო რადიოლოგიის რეზიდენტურა ამავე კლინიკაში გაიარა და აქ მიღებულმა ცოდნამ და კომფორტულმა გარემომ გადააწყვეტინა გამხდარიყო თოდუას კლინიკის გუნდის წევრი. მაშ ასე, წაიკითხეთ ახალგაზრდა ექიმ-რადიოლოგის საინტერესო ინტერვიუ, სადაც ის სიამოვნებით გვიზიარებს მიღებული გამოცდილებებისა და ექიმის მთავარი გამოწვევების შესახებ.
ნინო, გვესაუბრეთ თქვენ შესახებ. რამდენი ხანია, რაც თოდუას კლინიკის გუნდს შეუერთდით და რატომ აირჩიეთ ეს კლინიკა?
დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2012 წელს. 2018 წელს დავამთავრე სამედიცინო რადიოლოგიის რეზიდენტურის კურსი.
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის არჩევა რთული ნამდვილად არ ყოფილა, რადგან სწავლის პერიოდში დავრწმუნდი, რომ აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი უპირობო ლიდერია პროფესიონალი მედპერსონალითა და სამედიცინო აპარატურით.
რას მოიცავს თქვენი მიმართულება და საქმიანობა თოდუას კლინიკაში?
პროფესიით ექიმი-რადიოლოგი ვარ. აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობ. ამ ეტაპზე ჩემი ძირითადი სფეროა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კორონაროგრაფია, რაც გულის სისხლძარღვების არაინვაზიური კვლევის მეთოდია.
კონკრეტულად, რას ადგენს ეს კვლევა?
კტ-კორონაროგრაფია წარმოადგენს არაინვაზიურ კვლევის მეთოდს, რომლის დროსაც ინტრავენურად შეყვანილი საკონტრასტო ნივთიერების საშუალებით შეგვიძლია გამოვიკვლიოთ კორონარული არტერიები.
კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კორონაროგრაფიით შესაძლებელია კორონარული არტერიების სანათურში ათეროსკლეროზული პროცესის გამოვლენა, სტენოზის ხარისხის განსაზღვრა, სტენტის ან შუნტის მდგომარეობის შეფასება, გულ-სისხლძარღვთა განვითარების ანომალიების გამოვლენა.
კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კორონაროგრაფია რეკომენდებულია კორონარული არტერიების დაავადების დაბალი/საშუალო რისკის მქონე პაციენტებისთვის.
კვლევის ჯგუფში შედიან ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ მემკვიდრული წინასწარგანწყობა, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი, ან არიან თამბაქოს მომხმარებლები.
რამდენად დროულად მოგმართავენ პაციენტები?
ეს კვლევა არ არის საქართველოში იმდენად ფართოდ გავრცელებული, რომ პაციენტებმა ადრეულ სტადიაზე პრევენციის მიზნით ჩაიტარონ კვლევა, ამიტომ ძირითადად მოდიან ის ადამიანები, რომელთაც უკვე აქვთ კლინიკური გამოვლინება.
რამდენად ხშირია გულის დაავადებები?
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები განიხილება, როგორც სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი მსოფლიოში.
ამიტომ აუცილებელია ჩატარდეს დროული კვლევა, რათა ადრეულ ეტაპზე იქნას პრობლემა აღმოჩენილი.
რომელი აპარატით ტარდება ეს კვლევა?
აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში ეს კვლევა ტარდება ბოლო თაობის TOSHIBA-ს ფირმის AQUILION ONE 640-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით. თოდუას კლინიკა მოწინავეა ამ მიმართულებით, აქ წარმოდგენილია ყველა საჭირო აპარატურა, რომლებიც შეესაბამება ბოლო თაობის ინოვაციურ სტანდარტს.
პროფესიიდან გამომდინარე, დროის ძირითად ნაწილს მუშაობაში ატარებთ. როგორ განიტვირთებით?
როგორც ყველა ექიმს, მეც ნაკლებად მაქვს თავისუფალი დრო, თუმცა ვცდილობ ძირითადად ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გავატარო დარჩენილი პერიოდი.
რა მიგაჩნიათ ამ პროფესიის მთავარ გამოწვევად?
ზოგადად, ექიმობას, უამრავი სირთულე ახლავს, თუმცა დაღლილობისა და სტრესის მიუხედავად, ყველაზე დიდი სტიმული ის არის, რომ აკეთებ საყვარელ საქმეს, ზრუნავ პაციენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე.