შორენა სამუშიამ პროფესიული არჩევანი გაცილებით ადრე გააკეთა, ვიდრე სასურველი ამპლუისკენ რეალური ნაბიჯების გადადგმის დრო იდგა. ყოველთვის იცოდა, რომ მედიკოსობა მისთვის საინტერესო დარგის წარმომადგენლობას გულისხმობდა და იმასაც დარწმუნებით ხედავდა, კონკრეტულად რომელი მიმართულებით აიღებდა საკუთარ თავზე რთულ პასუხისმგებლობას, რომელსაც ექიმი ირჩევს. ათეულ წელზე მეტია, რაც შორენა სამუშია მეან-გინეკოლოგის კვალიფიკაციით საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ განუწყვეტლივ მუშაობს. ამჟამად ის კლინიკაში „ღია გული“ საქმიანობს და სათავეში უდგას მე-3 დონის განყოფილებას, რაც განსაკუთრებული რისკის წინაშე მყოფ ორსულებსა და გინეკოლოგიურ პაციენტებზე ზრუნვას გულისხმობს.
რატომ შეჩერდა თქვენი არჩევანი კლინიკაზე „ღია გული“?
უკვე 3 წელია, რაც მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში „ღია გული“ ვმუშაობ. დაწესებულება განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ორსულებს, გართულებულ შემთხვევებს ემსახურება. ასეთი სამედიცინო სივრცე კი საქართველოში ძალიან ცოტაა. სამეანო-გინეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული აქცენტების გარდა, კლინიკის უპირატესობა კარდიოლოგიური დაავადებების მკურნალობაცაა. ექიმი მეან-გინეკოლოგისთვის ეს არის ადგილი, სადაც ყველანაირი პირობაა ჩემს პაციენტს ნებისმიერი საჭირო კვლევა ჩაუტარდეს და დახმარება გაეწიოს. ეს უდიდესი კომფორტი და სიმშვიდის გარანტიაა, რის გამოც „ღია გულის“ გუნდის წევრი ვარ.
რამ განსაზღვრა თქვენი პროფესიის კონკრეტული მიმართულებით წარმართვა?
მეან-გინეკოლოგის პროფესიაზე არჩევანი ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდანვე შევაჩერე. ორიენტირი სწორედ ამ მიმართულებით მქონდა. საქმიანობა მუდამ ამ ამპლუაში წარმომედგინა, რა დროსაც გადამწყვეტი, ალბათ, ყოველთვის ახალი სიცოცხლის დაბადებასთან დაკავშირებული ემოცია და მშობიარეზე ზრუნვის სურვილი იყო.
რას მიიჩნევთ თქვენი საქმიანობის ყველაზე რთულ, თანმდევ გამოწვევად?
როგორც ნებისმიერი დარგის ექიმისთვის, პასუხისმგებლობა უმთავრესია. თუმცა ჩვენს შემთხვევაში ეს ორმაგი პასუხისმგებლობაა. გიწევს დედასა და შვილზე, ზოგჯერ შვილებზე ზრუნვა და მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე დაკვირვება. თუმცა პასუხისმგებლობასთან ერთად, უდიდესი სიამოვნებაა, რომ საშუალება გაქვს ორი სიცოცხლისთვის შრომა გასწიო.
რას ურჩევდით ორსულებს იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში გარდაუვალად დადებითი შედეგი დადგეს?
უპირველესად, მათ ვურჩევდი, რომ ჩვენი კლინიკის მსგავს, მრავალპროფილურ სივრცეში მოხვდნენ. რაც მთავარია, ფეხმძიმობის პერიოდი პროფესიონალ ექიმს დაუკავშირონ, რომელთან ვიზიტებსაც დანიშნულების მიხედვით განახორციელებენ.
განსაზღვრული ვიზიტების სწორი დაგეგმარება ექიმის პრეროგატივაა. ეს ისეთი სიზუსტით უნდა შეირჩეს, რომ ორსულისთვის არც ზედმეტ კვლევად დარჩეს და მის ჯანმრთელობაზე დაკვირვებასაც დრო არ მოაკლდეს.
არამხოლოდ ორსულისთვის, არამედ ქალბატონებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია გინეკოლოგთან ვიზიტი?
წელიწადში ერთხელ მაინც, ვიზიტი აუცილებელია. არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომელიც განსაკუთრებით ხშირია. მაგალითისთვის, კისტები და საშვილოსნოს კვანძოვანი ლეიომიომა. აღნიშნული, სიხშირით გამოირჩევა და პაციენტებსაც ამ მიმართულებებით ცოდნა და სიფრთხილე მეტად აქვთ. თუმცა არსებობს სხვა ტიპის პრობლემებიც, რომელთა დროულად აღმოჩენისა და პრევენციის შემთხვევაში, ორსულობაც გართულებების გარეშე ჩაივლის. სწორედ ამ მიზნით, ორსულობის დაგეგმვამდეც ხშირად მოგვმართავენ.
როგორია ის ოპერაციული ჩარევები, რომლებისთვისაც გინეკოლოგიური პაციენტები ყველაზე ხშირად მოგმართავენ?
უტეროვაგინალური პროლაფსის (საშოსა და საშვილოსნოს კედლების დაწევის) გამო, პაციენტები ხშირად მოგვმართავენ. მოცემულობა მრავალჯერ ნამშობიარებ ქალებში, ასევე დიდი ნაყოფით მშობიარეებს შორის გვხვდება, ასევე მათთან, ვისაც ხშირად უწევს სიმძიმის აწევა. ამ დროს პრობლემები შარდვისა და დეფეკაციის დროს, ასევე სრულფასოვან სექსუალურ ცხოვრებასთან მიმართებაში იჩენს თავს.
ქირურგიული ჩარევის შემდეგ ყველაფერი მარტივად ლაგდება და პაციენტი მეორე დღესვე ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. „ღია გულში“ გინეკოლოგიური ოპერაციებისთვის ხშირად მოგვმართავენ, რადგან აქ ისინი ვაგინალური და ლაპარასკოპიული მიდგომით ტარდება.
როგორია თქვენი სამუშაო გრაფიკი ყოველდღიურ დინამიკაში?
იწყება ადრიანი დილით, თუმცა არასდროს ვიცი, როდის დასრულდება. ზოგჯერ მეორე სამუშაო დღესაც კი ებმება. დღე დაკავებულია კონსულტაციებით, სამეანო და გინეკოლოგიური ოპერაციებით, ასევე სტუდენტებთან ურთიერთობით, რომელთაც ლექციებს ვუკითხავ. პაციენტების მონახულება და მოვლა-რეაბილიტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ასევე საპასუხისმგებლო პროცესია. მოდუნების საშუალება არასდროს გაქვს.
რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ექიმთან კომუნიკაცია მშობიარობის შიშის დაძლევის თვალსაზრისით?
ექიმთან კომუნიკაცია და ნდობის ჩამოყალიბება პაციენტის კომფორტის ზონის შესაქმნელად აუცილებელი პირობაა. ხშირად უთქვამთ, რომ ვერც გაიაზრეს, ისე სწრაფად ჩაიარა ყველაფერმა. ყოველთვის მთავარი პრინციპით ვხელმძღვანელობ, რომ პაციენტი თითოეულ ეტაპზე საქმის კურსში ჩავაყენო – როდის, რას და რატომ ვუკეთებ. კომუნიკაცია მშობიარობის პროცესშიც გრძელდება. ვუხსნი, რომ ახლა შესაძლოა დისკომფორტი იგრძნონ, ან სულაც ვერაფერი შეიტყონ. ექიმის გულისხმიერი, თბილი დამოკიდებულება ურთიერთკავშირს ქმნის, რაც პაციენტის ფსიქოლოგიური მზადყოფნის განმსაზღვრელია.
ჩემი პაციენტები ჩემი მეგობრები არიან, მათთან ურთიერთობა კი ექიმის საქმიანობის თანმდევი ნებისმიერი სირთულის კომპენსაციაა.
როგორი ემოციაა, როცა ახალი სიცოცხლის დაბადების მომსწრე ხართ?
საკუთარ ემოციებზე რომ არაფერი ვთქვათ, მშობიარეს ემოცია საოცრად გადამდებია. როცა იაზრებ, რომ შენი პატარა წვლილი შეიტანე, ეს დიდი ბედნიერებაა. ანაზღაურებს დატვირთულ წინა საათებს, ფეხზე რამდენიმესაათიან დგომას, რასაც პროცესში საერთოდ ვერ გრძნობ. როცა შინ ვბრუნდები, ხშირად ემოციებისგან დაძინებასაც ვერ ვახერხებ.
საკუთარ თავში ენერგიის პოვნას, განტვირთვას როგორ ახერხებთ?
შინ ოჯახი, მეუღლე და შვილი, ყვავილების დიდი კოლექცია და ორი ძაღლი მელოდება. რომ არა ექიმი, ალბათ, ფლორისტი ვიქნებოდი. მცენარეებსა და ცხოველებთან ურთიერთობით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, ეს ჩემი ენერგიის წყაროა.
შესაძლებელია ითქვას, რომ თქვენი პროფესია მსხვერპლის გაღებასაც გულისხმობს, რადგან ოჯახისთვის ძალიან მცირე დრო გრჩებათ?
როცა ჩემი შვილი პატარა იყო, მის გაზრდაში დედა მეხმარებოდა, რადგან რეალურად, ფიზიკურად შეუძლებელია პროფესიის გათვალისწინებით ბევრი რამის გაკეთება საავადმყოფოს მიღმა მოასწრო. ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, გქონდეს ექიმის კარიერა და თანაბრად უთმობდე დროს ოჯახსა და სამსახურს, როცა დღე-ღამეში დრო 24 საათია. თუმცა, ოჯახის წინაშე, ჩემი მხრიდან გამოსასყიდი დიდი დოზით სითბოსა და სიყვარულის გაცემაა.