ერექციის მიღწევისა და შენარჩუნების შეუძლებლობას ან გაძნელებას ერექციულ დისფუნქციას უწოდებენ.1 ერექციის დარღვევა ნეგატიურად აისახება ყველა ასაკის მამაკაცის ცხოვრებაზე. ხშირია მძიმე დეპრესია, შრომისუნარიანობის მკვეთრი დაქვეითება, კონფლიქტები სექსუალურ პარტნიორთან.2
ერექციული დისფუნქცია ყველა ასაკის მამაკაცისათვის სერიოზული პრობლემაა. თუ შედარებით ახალგაზრდა მამაკაცებში მისი სიხშირე 10-20%-მდე მერყეობს, 40-დან 70 წლამდე მამაკაცებში ერექცია ნახევარზე მეტ მამაკაცს (52%-ს) აქვს დარღვეული.3,4
გასული საუკუნის 90-იან წლებამდე მიიჩნეოდა, რომ ერექციული დისფუნქცია მეტწილად ფსიქიკური მიზეზებით იყო განპირობებული. ბოლო წლების სამეცნიერო კვლევებით კი აღმოჩნდა, რომ 80%-ში ერექციის დარღვევა რომელიღაც ორგანული დაავადებითაა გამოწვეული. ყველაზე ხშირად ერექციულ დისფუნქციას გულ-სისხლძარღვთა და ნივთიერებათა ცვლის პროცესთან დაკავშირებული დაავადებები (ხშირად − შაქრიანი დიაბეტი) იწვევს.5 ერექციული დისფუნქციის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი ქირურგიული ოპერაცია (მაგალითად, რადიკალური პროსტატექტომია), აგრეთვე ტოქსიკომანია და ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, მედიკამენტური მკურნალობა და ა.შ.6
ერექციული დისფუნქციის მქონე მამაკაცის დიაგნოსტიკის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ერექციის დარღვევის მიზეზის დადგენა. ამიტომაც მიზანშეწონილია სპეციალისტთან კონსულტაცია, ვინაიდან დიაგნოზის ზუსტი დადგენა ეფექტური მკურნალობის აუცილებელი წინაპირობაა.
ერექციული დისფუნქციის მკურნალობა უპირველესად ითვალისწინებს მედიკამენტურ მკურნალობას, ანუ „პირველი ხაზის“ თერაპიას, რაც გულისხმობს ეფექტური მედიკამენტების მიღებას.7
ზოგჯერ ერექციული დისფუნქციის მკურნალობა ეტაპობრივ ხასიათს ატარებს და კომბინირებულობის პრინციპზეა აგებული, რაც გულისხმობს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად საჭირო გახდეს ფსიქოთერაპია/სექსოთერაპიული ტრენინგები.8
როგორც ზემოთ აღინიშნა, ერექციის დარღვევისას ერთ-ერთი მთავარია გამომწვევი მიზეზის (ორგანული თუ ფსიქიკური) დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ექიმი-სექსოლოგის კონსულტაცია უზრუნველყოფს ზემოთ აღნიშნული ამოცანების ოპტიმალურ გადაწყვეტას და უმრავლეს შემთხვევაში საშუალებას იძლევა ერექციული დისფუნქცია განიკურნოს „პირველი ხაზის“ თერაპიის საშუალებით, ანუ პაციენტისთვის ყველაზე დამზოგველი მეთოდით, რაც გულისხმობს ეფექტურ მედიკამენტურ მკურნალობას.
ცხოვრების ჯანსაღი რეჟიმის დაცვა, როგორიცაა სწორი კვება და წონის კორექცია, ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის შეზღუდვა, თამბაქოსა და სხვა მავნე ჩვევებზე უარის თქმა და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ერექციის დისფუნქციის პრევენციისთვის, აგრეთვე მისი მკურნალობის პროცესში.
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა მნიშვნელოვნად ეხმარება მამაკაცებს ერექციული დისფუნქციის დაძლევაში.9
ერექციული დისფუნქცია იმ დაავადებათა შორისაა, რომლის მკურნალობის ეფექტურობა ძალიან მაღალია, რაც წყვილს თუნდაც დიდი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი სქესობრივი ცხოვრების აღდგენისა თუ მისი არსებითი გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. ეს კი ბედნიერებას ანიჭებს ნებისმიერი ასაკის ადამიანს.