ჩვენი რუბრიკის სტუმარმა საკუთარი სამედიცინო საქმიანობა მაშინ წამოიწყო, როცა თბილისში ჯერ კიდევ არ არსებობდა კერძო სამედიცინო კლინიკების კულტურა. მერაბ გრძელიძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოში ეს კულტურა დანერგა და რამდენიმე მეგობართან ერთად დააფუძნა კერძო, მრავალპროფილური სტომატოლოგიური კლინიკა „დენტექსი 95“, რომელიც დღემდე სფეროს ლიდერია.
წარმატება ბევრმა შრომამ, ფასდაუდებელმა გამოცდილებამ და მუდმივად ინოვაციასა და განვითარებაზე ორიენტირებამ მოიტანა. ამბობს, რომ პერსპექტივა ყოველთვის არსებობს და მთავარი მის გამოსაყენებლად ზრუნვაა, თუმცა, მეგობრებისა და პარტნიორების თანადგომას წარმატებისთვის არანაკლები მნიშვნელობა აქვს. როგორ ჩამოყალიბდა „დენტექსი 95“, რა არის მერაბ გრძელიძისთვის მთავარი პროფესიული პრინციპები და ვინ არის ჩვენი რუბრიკის სტუმრის საიმედო საქმიანი პარტნიორი - წაიკითხეთ მასთან საინტერესო ინტერვიუში.
ბატონო მერაბ, მოგვიყევით, როგორ აირჩიეთ პროფესია და რას ნიშნავს ის თქვენთვის.
პროფესია სრულიად დაუგეგმავად ავირჩიე. როცა ინსტიტუტში გამოცდების ჩაბარებას ვაპირებდი, ჩემმა მეგობარმა მირჩია, ერთად აგვერჩია სტომატოლოგიური ფაკულტეტი. მაშინ 16 წლის ვიყავი და სხვა სურვილები მქონდა ჩემს მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით, თუმცა დავუჯერე მეგობარს და არც მინანია − სწავლის პერიოდშივე შემიყვარდა სტომატოლოგია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე.
გაიხსენეთ სტუდენტობის წლები და მაშინდელი გამოცდილება. რა მოგცათ იმ წლებმა?
არაჩვეულებრივი სტუდენტობა გამოვიარეთ. სხვათა შორის, დღესაც მუდამ ვინტერესდები, როგორ ატარებს თანამედროვე ახალგაზრდობა სტუდენტობას, რამდენად ნაყოფიერი და სასარგებლოა ეს წლები მათთვის. გარდა იმისა, რომ სტუდენტობის დროს ავითვისე ის მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომელმაც ჩემი პროფესიული წარმატება განსაზღვრა, შევიძინე ასევე მეგობრები, რომელთან ერთადაც ვუდგავარ სათავეში დღეს ჩვენს კლინიკას. სულ ოთხი დამფუძნებელი ვართ. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ცხინვალში გავიარე მნიშვნელოვანი პრაქტიკა. მოგეხსენებათ, ადრე სახელმწიფოს მიერ ხდებოდა განაწილება სხვადასხვა რეგიონში და სწორედ ასე მოვხვდით მე და ჩემი მეგობრები ცხინვალის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც თავდაუზოგავად, საოცარი დატვირთვით ვიმუშავეთ 2 წლის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, 28 საშტატო ერთეულზე 16 ექიმი ვმუშაობდით. რასაკვირველია, ძალიან ვიღლებოდით, მაგრამ საოცრად ნაყოფიერი პრაქტიკა გავიარეთ.
ბატონო მერაბ, თქვენს კლინიკაზე მოგვყევით, „დენტექსი 95“-ზე. როდის დააარსეთ ის და კონკრეტულად რა სახის მომსახურებას სთავაზობთ პაციენტებს?
1993 წელს მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ ერთობლივად წამოგვეწყო დამოუკიდებელი საქმიანობა და დავაარსეთ ეს კლინიკა, თუმცა სხვა სახელწოდებით. 1995 წელს შევუცვალეთ მას სახელი და დავარქვით „დენტექსი 95“. მაშინდელ თბილისში, ფაქტობრივად, არ არსებობდა კერძო სტომატოლოგიური კლინიკები, ჩვენამდე მხოლოდ ერთი ასეთი კლინიკა ფუნქციონირებდა. დღეს „დენტექსი 95“ პაციენტებს სთავაზობს აბსოლუტურად ყველანაირ სტომატოლოგიურ მომსახურებას, ალერგიული სინჯის გაკეთების გარდა, რადგან კანონის მიხედვით ამის უფლება არ გვაქვს. ჩვენს კლინიკაში შემოსული პაციენტი ყველანაირ მომსახურებას იღებს, რომელიც მისი მარტივი თუ რთული სტომატოლოგიური პრობლემების აღმოფხვრას და წარმატებით მოგვარებას უკავშირდება.
როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს თქვენს კლინიკას და რა არის ის განსაკუთრებული ნიშა, რის გამოც პაციენტები ირჩევენ მხოლოდ მას?
მე ვფიქრობ, საიდუმლო პაციენტების მიმართ ზრუნვაში, მუდმივად წინსვლასა და პროფესიონალიზმშია. ბოლო პერიოდში ჩვენ დავნერგეთ კლინიკაში ზოგადი ნარკოზის ახალი მიმართულება − სედაცია. ეს გახლავთ ნარკოზის სახე, როდესაც პაციენტი ექიმთან კონტაქტში რჩება. სედაციიდან გამოსულ პაციენტს არაფერი ახსოვს მკურნალობის პროცესიდან, ვერ აღიქვამს ტკივილს, დისკომფორტს და ამის მიუხედავად, მანიპულაციების დროს ის კონტაქტურია და ასრულებს ექიმის ბრძანებას, რაც დიდი კომფორტია პაციენტისთვისაც და ცხადია, ექიმისთვისაც. დაახლოებით ორი წელია, რაც ნარკოზის ეს ფორმა დავნერგეთ კლინიკაში. „დენტექსი 95“-ის კლინიკური ხელმძღვანელია ყბა-სახის ქირურგი, პროფესორი გიორგი მენაბდე. ჩვენი კლინიკის ეს ინოვაციური მიმართულება სწორედ მისი დანერგილია და თავად მართავს და ხელმძღვანელობს მას.
გარდა ამისა, ჩვენს კლინიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორ და მაღალკვალიფიციურ დიაგნოსტიკას. დგება კონსილიუმები, რომელშიც რამდენიმე ექიმი მონაწილეობს. დღეისათვის სტომატოლოგია აღარ არის მხოლოდ კარიესიანი კბილის დაბჟენა − ის გაცილებით ფართო და მრავალპროფილური სფეროა. კარდიოქირურგებიც კი არ ეხებიან პაციენტს, ვიდრე პირის ღრუ სრულიად სანირებული არ იქნება, სასიცოცხლო ჩვენების გარდა, ცხადია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პაციენტებისთვის ძალიან კომფორტულია, როცა ხედავენ, რამდენიმე მიმართულების სპეციალისტი ერთად როგორ წყვეტს მისი მკურნალობის გეგმას, მისივე თანდასწრებით. ეს მიდგომა პაციენტის შინაგან სიმშვიდეს უზრუნველყოფს. ჩვენ საქმეს არასოდეს აღვიქვამდით, როგორც მხოლოდ ბიზნესს. ექიმობა უპირველესად არის ზრუნვა პაციენტზე და სწორედ ესაა ჩვენი განმასხვავებელი ნიშა, რომელსაც ძალიან ვუფრთხილდებით.
ბატონო მერაბ, გაგვიმხილეთ, რა როლი მიუძღვის „საქართველოს ბანკს“ თქვენს პროფესიულ წარმატებაში?
შემიძლია ბევრი ვილაპარაკო „საქართველოს ბანკზე“, ჩვენს ერთგულ პარტნიორზე. მრავალი წლის წინ, როცა კლინიკა გავხსენით, ფინანსური მხარდაჭერა სწორედ „საქართველოს ბანკმა“ გაგვიწია. ჩვენი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება. მათ მართლაც შესანიშნავი პირობები შეგვიქმნეს იმისათვის, რომ ჩვენი ბიზნესი კიდევ უფრო გავაფართოვოთ და მეტი წარმატებისკენ ავიღოთ გეზი. ვინაიდან „საქართველოს ბანკის“ პირობები საუკეთესო იყო დღევანდელი ქართული საბანკო-საფინანსო ბაზრის ფარგლებში, გვყავს მხოლოდ ერთი პარტნიორი. ცალკე მინდა აღვნიშნო „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლების პროფესიონალიზმი. ისინი არიან ახალგაზრდა, ძალიან გონიერი და კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც სწრაფად და ხარისხიანად აკეთებენ თავიანთ საქმეს.
პროფესიული პრინციპები, რომელსაც არასოდეს უღალატებთ...
ეს პრინციპები თავად პროფესიაში, ექიმების საქმიანობაში დევს. არ შეიძლება პაციენტის დაღალატება და იმაზე მეტის აღება საკუთარ თავზე, ვიდრე ექიმს შეუძლია. ეს უკანასკნელი იწვევს ძალიან დიდ უსიამოვნებას და არასასურველ შედეგებს. ცოტა უფრო გლობალურ ჭრილშიც თუ განვიხილავთ, აფუჭებს ზოგადად ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას და ცუდ სტერეოტიპებამდე მივყავართ, რაც დღეს, საქართველოში, საკმაოდ დიდი პრობლემაა. ჰიპოკრატემ ოქროს პრინციპები ჩამოაყალიბა და მათ შორის პირველი არის − არ ავნო პაციენტს. შეცდომები აბსოლუტურად ყველას მოსდის, მაგრამ აუცილებელია მათი გამოსწორების და მათზე რეაგირების გზების ცოდნა და მოძებნა.
სამომავლო პროფესიულ გეგმებზე გვესაუბრეთ.
„დენტექსი 95“-ს 1993 წლიდან აქვს გეგმები და ხშირად ვამბობ, იმედია, არასოდეს დადგება ისეთი დრო, რომ გეგმები არ გვქონდეს-მეთქი. კლინიკის ხელმძღვანელები ხშირად ვიკრიბებით, ვუზიარებთ ერთმანეთს სამომავლო ხედვებს, მიმდინარე საკითხებს, მათი მოწესრიგებისა და მოგვარების გზებს. პერსპექტივა ყოველთვის არსებობს და აუცილებელია ვიზრუნოთ მის გამოყენებაზე, რადგან სხვანაირად ჩამოვრჩებით. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა ახალგაზრდებთან მუშაობა, სწორედ ამიტომ ჩვენთან ფუქციონირებს სარეზიდენტო ბაზა, სადაც მომავალ ექიმებს ვზრდით, ვცდილობთ ყველანაირ პროცედურაში, ოპერაციებში ჩავრთოთ ისინი. მათი მხრიდან სურვილის შემთხვევაში, ვცდილობთ ვაჩვენოთ, ვასწავლოთ ყველაფერი, მიუხედავად იმისა, შედის თუ არა ის კონკრეტული პროცედურა მათ სასწავლო პროგრამაში − იქნება ეს კომპიუტერული ტომოგრაფიის გარჩევა და წაკითხვა, იმპლანტაციის ოპერაციები თუ რაიმე სხვა. ამ ახალგაზრდებიდან საუკეთესოებს ხშირად ჩვენს კლინიკაშივე ვთავაზობთ სამუშაოდ დარჩენას და დღეს ბევრი მათგანი უკვე ჩვენი თანამშრომელია.