აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის თავ-კისრის ქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელის პოზიციაზე, ექიმი გიორგი ქრისტესაშვილი რამდენიმე თვის წინ შეუერთდა, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, თოდუას კლინიკასთან მისი ურთიერთობა მრავალ წელს მოიცავს, რადგან პროფესიულ სამსახურში ყოფნისას, გამოცდილ კოლეგებთან გზები არაერთხელ გადაკვეთილა. ახლა, როცა თავად, საკუთარი გამოცდილებით, პაციენტების სამსახურში თოდუას კლინიკის სახელით დგას, ახარებს, რომ სწორედ აქ, კომფორტული გარემო არა მხოლოდ მისთვის მუშაობის უპირატესობას განსაზღვრავს, არამედ პაციენტებისთვის სანდოობის განმაპირობებელია. OK! გიორგი ქრისტესაშვილს საკუთარი სამუშაო მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პროფესიის თანმდევ საინტერესო ასპექტებზე ესაუბრა.
მრავალწლიანი საქმიანობის გაგრძელებისას, რატომ შეჩერდა თქვენი არჩევანი თოდუას კლინიკაზე?
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემი, როგორც ექიმის, სამუშაო მიმართულება ძირითადად ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას ეხება, საკითხი ცალსახად მრავალპროფილური კლინიკის პრეროგატივაა. თუ ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების მიღებას ვკურირებთ, ადეკვატურად მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკაში მუშაობას მივიჩნევ, თოდუას კლინიკა კი სწორედ ასეთი მრავალმხრივი და ერთ სივრცეში გაერთიანებული საჭირო სერვისების ადგილია − გამორჩეულად პროფესიონალი მედპერსონალისა და ტექნიკური მხარდაჭერის მქონე მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება. ამიტომაც, აქ მუშაობა, უდიდეს კომფორტთან ერთად, ექიმისთვის ძლიერი დასაყრდენია.
როგორია თავ-კისრის ქირურგიის განყოფილების სამუშაო არეალი? რა ჩივილებთან გამკლავებას გულისხმობს თქვენი, როგორც ექიმის, დანიშნულება?
ჩემი პროფილი საკმაოდ მრავალფეროვანია და ძირითადად გულისხმობს თავისა და კისრის მიდამოს კანის სიმსივნურ დაავადებებს, ფარისებრი ჯირკვლის, ცხვირ-ხახის, ხორხის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ტუჩის, ყბაყურას, ყბისქვეშა ჯირკვლის სიმსივნურ დაავადებებს და მრავალ სხვას.
ფაქტობრივად, თქვენი მუშაობის მეტ წილს ონკოლოგია მოიცავს. რომელი ტიპის სიმსივნური დაავადებებია ყველაზე ხშირი? როგორია ყველაზე გავრცელებულ სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლის საერთო სურათი და მათთან თანმხლები დამაიმედებელი პროგნოზები?
10 წლის წინ, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ხუთეულშიც არ ეკავა ადგილი, თუმცა სამწუხაროდ, ახლა ეს დაავადება მეორე ადგილზეა და ჩვენს განყოფილებაში ყველაზე მაღალი მომართვიანობა გამოარჩევს. მიუხედავად ამისა, ხაზგასასმელია, რომ ის საწყის სტადიებზე იკურნება.
რაც შეეხება ზოგად სურათს, ქალებში ძუძუსა და საშვილოსნოს, ხოლო მამაკაცებში ფილტვის, შარდის ბუშტისა და პროსტატის სიმსივნეები განსაკუთრებით ხშირია. საბედნიეროდ, თითოეულ კლინიკურ შემთხვევაში განკურნება აქაც შესაძლებელია, დროული მკურნალობა კი აუცილებელი.
როგორ არის შესაძლებელი, რომ პაციენტმა მკურნალობა არ დააგვიანოს? რა ჩივილებს უნდა მიექცეს ყურადღება, რათა დაავადების სხვადასხვა ფორმა ფოკუსს მიღმა არ დარჩეს?
უპირველესად, ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია. ეს არცთუ დიდ ფინანსურ რესურსს უკავშირდება (უმეტესობა მათგანი ფინანსდება), მომავალში კი შესაძლოა დიდი უსიამოვნებები აგვაცილოს თავიდან.
მედიცინა უმჯობესდება და განკურნება უამრავი მიმართულებით უკვე ძირითადი შედეგია, თუმცა ყურადღების მოდუნება არ შეიძლება.
თუ კანის სიმსივნის შემთხვევაში დაავადება ფაქტობრივად თვალხილულია (პაციენტს აღენიშნება წარმონაქმნი, რომელიც იცვლის შეფერილობას, აქვს გამონადენი და ა.შ.), ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის შემთხვევაში პირველსა და მეორე სტადიებზე დაავადების შემჩნევა პაციენტის მხრიდან, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მას გამოხატულება არ აქვს. თითოეულ სიმსივნურ შემთხვევას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, თუმცა დროული გამოკვლევა არის გარანტია, რომელიც თავიდან აგვარიდებს ყველანაირ გართულებას.
რა შეგრძნებაა ექიმისთვის ონკოლოგიაში გადადგმული თითოეული პროგრესული ნაბიჯი?
ეს ემოციურია და იმედისმომცემი. მიგნებები სხვადასხვა მიმართულებით მეტ-ნაკლებად ხშირია, თავ-კისრის ქირურგიის მიმართულებით, დიაგნოსტიკური თვალსაზრისით დიდი წინსვლაა, რაც თავისთავად ძლიერი სტიმულია.
საქართველოში უამრავი პაციენტი აზერბაიჯანიდან, დაღესტნიდან, სომხეთიდან გვსტუმრობს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში წამყვანი როლი გვაკისრია.
შეგიძლიათ თქვენი დაკვირვებით აღნიშნოთ, რამდენად დიდი ძალა აქვს განწყობის თეორიას დაავადებასთან ბრძოლაში?
ამას ნამდვილად დავკვირვებივარ და გეტყვით, რომ განწყობას, დადებით მუხტს უდიდესი ძალა აქვს. ეს, არა მხოლოდ პაციენტის შინაგან მდგომარეობაზე აისახება კარგად, არამედ რეალურად აუმჯობესებს მის ჯანმრთელობას.
როგორია თქვენი სამუშაო დღე?
დილის 9-ის ნახევრიდან დატვირთული. პირველი ნახევარი საათი, დილით შემოვლით იწყება, შემდეგ კი თოდუას კლინიკის ყველა ექიმი კონფერენციას ყოველდღიურად ესწრება. ეს არის წინა დღის ანგარიშის მოსმენის ადგილი, რისთვისაც თითოეული ჩვენგანი ვემზადებით. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენცია არა ფასადური, არამედ რეალურად შედეგისმომცემი შეკრებაა. ორასამდე ექიმი ერთად განვიხილავთ საინტერესო შემთხვევებს და აზრს ვცვლით.
მნიშვნელობა არ აქვს ვისთან შემხებლობაშია პაციენტი. ერთობლივად ვმსჯელობთ საერთო შედეგის მისაღწევად, რაც, საბოლოოდ, ნებისმიერ მხარეს გარანტიებს აძლევს.
რას მიიჩნევთ თქვენი საქმიანობისას მთავარ სტიმულად?
ჩემს პაციენტებს. მათ, ვისაც წლების წინ ოპერაცია გავუკეთე და ვხედავ, რომ კონტროლზე მოდიან და არიან ჯანმრთელები. ფაქტობრივად, ყველა მათგანის გვარი დღესაც მახსოვს.
როგორია ცხოვრება კლინიკის მიღმა? მუდმივად ფიქრობთ სამუშაოზე, ადამიანებზე?
ასეა. შვებულების დროსაც კი, თუ ქალაქიდან გავდივარ, გამუდმებით, აქტიურად ვფიქრობ, რა ხდება კლინიკაში. სატელეფონო ზარებიც მუდმივია, რაც რეალურად არასდროს მოგწყვეტს საქმიანობას. ექიმი ასე ცხოვრობს.
როგორ ახერხებთ განტვირთვას?
ჩემთვის განტვირთვა სპორტული აქტივობაა. ძალიან მიყვარს ფეხბურთი − არა მხოლოდ როგორც მაყურებელს, არამედ მოთამაშესაც. კვირაში 3-ჯერ, ვცდილობ, რეგულარულად, ვიცურაო, ვესტუმრო სპორტულ დარბაზს. ვარჯიში ჩემი ცხოვრების ნაწილია.
როგორ ატარებთ დარჩენილ დროს ოჯახთან ერთად? რთულია მათთვის თქვენს გრაფიკთან შეგუება?
მყავს მეუღლე და ვაჟი − შოთიკო, რომელიც მალე 4 წლის გახდება. ვცდილობ ბავშვს საღამოს, ჩაძინებამდე მივუსწრო და დრო ერთად გავატაროთ. შაბათ-კვირას ვუფრთხილდები და თუ ამის შესაძლებლობა მაქვს, ოჯახისთვის გამოვყოფ. მეუღლეც კლინიკაში მუშაობს და ამიტომ ესმის, რამდენად შეიძლება დაკავებული ვიყო. ჩემი ოჯახისგან განსხვავებით, მის ოჯახში წინაპრები მედიკოსები იყვნენ: დიდი ბაბუა, ალექსანდრე ედიბერიძეა, ყბა-სახის ქირურგიის ფუძემდებელი, ხოლო ბაბუა, პროფესორი ზურა კაციტაძე, რომლის სახელმძღვანელოდან თავის დროზე მე ანატომიას ვსწავლობდი...