ნებისმიერი ექიმისთვის ადამიანის სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენი რესპონდენტისთვის, რომელიც ადამიანს ჩანასახის ეტაპიდანვე იკვლევს, ყველაზე საპასუხისმგებლო და ფასეულია. OK! რადიოლოგ ბადრი შარიქაძეს გაგაცნობთ, რომელიც სულ რამდენიმე დღეა აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის გუნდის წევრი გახდა და როგორც თავად აღნიშნავს, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, განახლების სურვილი, პროფესიონალ ექიმთა ძლიერ გუნდში მუშაობის მოთხოვნილება და ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კომფორტული სამუშაო გარემოა, რომელსაც უზრუნველყოფს კლინიკის ხელმძღვანელობის შესაშური სწრაფვა განვითარებისკენ. გთავაზობთ ინტერვიუს ბადრი შარიქაძესთან.
მოგვიყევით თქვენ შესახებ. როდის გაგიჩნდათ სამედიცინო სფეროს მიმართ ინტერესი?
სამედიცინო სფეროს მიმართ ინტერესი სკოლაში სწავლის ბოლო წლებში გამიჩნდა, რაშიც გარკვეული წვლილი ჩემი ოჯახის რჩევასაც მიუძღვის. გადავწყვიტე, გამოცდები ჩამებარებინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. კონკრეტულად ის მიმართულება, რომელიც მე ავირჩიე, უნივერსიტეტის ბოლო კურსებმა გადამაწყვეტინა. ამის შემდეგ, გავიარე სპეციალიზაცია რადიოლოგიაში და 2000 წლიდან ვსაქმიანობ ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში.
რა გზა გაიარეთ დღევანდელ დღემდე მას შემდეგ, რაც პირველად ჩაიცვით თეთრი ხალათი?
უნივერსიტეტის ბოლო კურსზე სწავლისას უნდა გადამეწყვიტა, შემდგომში რომელ სპეციალობას ავირჩევდი. გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი წვლილი ბატონ გურამ ტატიშვილის რჩევამ შეიტანა. ბატონი გურამი ჩემი მეგობრის – მერაბ ტატიშვილის მამა, ღვაწლმოსილი ქირურგი და დიდებული პიროვნება იყო, რომელიც შეუცდომლად ხედავდა ახალგაზრდაში განვითარების ამა თუ იმ პერსპექტივას. მადლობას ვუხდი მას და მერაბს, მე რომ დღეს რადიოლოგი ვარ და ჩემს საყვარელ სფეროს ვემსახურები.
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის საფუძვლების შესასწავლად, ბატონი გურამის უფროსი ვაჟის, დავით ტატიშვილის კლინიკაში გავიარე სასწავლო კურსი, რისთვისაც ბატონი დავითის და იმ პერიოდში მის კლინიკაში მომსახურე ექიმი-რადიოლოგების მადლობელი ვარ. მადლობა ბატონ სერგო მათითაშვილს, რომელმაც კლინიკა „იუნონაში“ მუშაობისას თავისი ცოდნა და გამოცდილება გამიზიარა. „იუნონაში“ მუშაობის პირველმა წლებმა განაპირობა მეან-გინეკოლოგიური ულტრაბგერით ჩემი განსაკუთრებული დაინტერესება. ხშირი იყო პაციენტების მხრიდან ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევის მონაცემების არასწორი ინტერპრეტირება, რასაც ხშირად მათი გაუმართლებელი ქმედებები მოჰყვებოდა (ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სახით).
ექიმის მიერ პაციენტის არასწორი ინფორმირება ხშირად ნაყოფის ბედის გადამწყვეტია, ამიტომაც ავირჩიე ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ეს მიმართულება, რათა ჩვენი ძალისხმევით ორსულისათვის სწორად მიწოდებული ინფორმაციით გაუმართლებელი ქმედებების რიცხვი მინიმუმამდე დაგვეყვანა. ვფიქრობ, ჩემმა არჩევანმა გაამართლა, რადგან დღემდე ძალიან ბევრს უთქვამს, რომ ჩემმა სწორად ნათქვამმა სიტყვამ გადაურჩინა ბავშვი, რომელიც, ფაქტობრივად, აბორტისთვის ჰყავდათ განწირული.
გაიხსენეთ თქვენი პირველი ყველაზე სერიოზული და საპასუხისმგებლო საქმე.
პირველად ისიც სერიოზული და საპასუხისმგებლო იყო, პაციენტის პირისპირ დამოუკიდებლად რომ აღმოვჩნდი. მეანს სურდა ნაყოფის მდებარეობა ექოსკოპიით განგვესაზღვრა. გამოუცდელობისა და ზედმეტი ნერვიულობის გამო, ამ უმარტივეს დავალებას რამდენიმეწუთიანი წვალების შემდეგ თავი ძლივს გავართვი. დროთა განმავლობაში, დავალებების სირთულე იზრდებოდა და თავისთავად მდიდრდებოდა გამოცდილებაც. ვფიქრობ, თითოეულმა პაციენტმა და შემთხვევამ გამოცდილება და ცოდნა შემმატა.
რამდენი ხანია, რაც თოდუას კლინიკასთან დაიწყეთ თანამშრომლობა?
ერთი კვირაა, რაც თოდუას კლინიკის თანამშრომელი გავხდი და ეს ძალიან მახარებს. კლინიკა აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურით და მათი განახლების პროცესი განუწყვეტლივ მიმდინარეობს. უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებისთვის, ულტრათანამედროვე აპარატურის დახმარებით კიდევ უფრო გაიოლდა დაავადებათა დიაგნოსტიკა. შესაბამისად, გაიზარდა მკურნალობის ეფექტურობაც. კლინიკაში სამუშაოდ ხელშემწყობი ყველა პირობაა, რომელსაც ქმნის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ძალიან ძლიერი, შეკრული გუნდის დაუღალავი მუშაობა. მადლობა თითოეულ თანამშრომელს საკუთარი საქმის პირნათლად შესრულებისთვის.
გვესაუბრეთ თქვენს პაციენტებზე...
პაციენტთან დიალოგი არის ის, რასაც სწორ გადაწყვეტილებამდე მივყავართ. თითოეულ პაციენტთან მიდგომა ინდივიდუალურია და ერთმანეთისგან განსხვავებული. ვცდილობ, ისე მივუდგე თითოეულ მათგანს, როგორც კონკრეტული სიტუაცია მოითხოვს. პაციენტების დიდი ნაწილი მომმართავს გენეტიკური პათოლოგიის გამოსარიცხად, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ეს მხოლოდ ულტრაბგერით შეუძლებელია. ამისათვის არსებობს კვლევის ლაბორატორიული მეთოდები. ექოსკოპიით შესაძლებელია გენეტიკური ანომალიების მხოლოდ რისკის ჯგუფების შედგენა, ანუ ვარაუდი ამ პათოლოგიის არსებობაზე ან არარსებობაზე. ულტრაბგერით შესაძლებელია მხოლოდ მაკროსტრუქტურული ანომალიების დადგენა ან გამორიცხვა. უჯრედში და (მიკროსკოპული) სტრუქტურებისა და პროცესების დადგენა ამ მეთოდით შეუძლებელია. ამ ყველაფრის ახსნა ორსულისათვის აუცილებელია, რათა სწორად იყოს ინფორმირებული და თვითონ გადაწყვიტოს, რისი ცოდნა სჭირდება.
ემოციურად რამდენად რთული და სტრესულია თქვენთვის ეს პროფესია?
როდესაც რთული შემთხვევაა და პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, ძალიან განვიცდი. ასეთი შემთხვევა მქონდა 2007 წელს, რომელიც განსაკუთრებით იმიტომ დამამახსოვრდა, რომ სტრესის ფონზე გარკვეული ხნით მხედველობა დავკარგე და მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში ვეღარ შევძელი. ადამიანი ბევრ რამეს ეჩვევა ცხოვრებაში, მაგრამ თითქმის შეუძლებელია პაციენტის გასაჭირი გულთან არ მიიტანო.
რას ურჩევდით მომავალ ექიმებს? პირადად თქვენ, ხასიათის რომელი თვისებები გამოგადგათ ამ გზაზე?
ექიმისათვის აუცილებელია შესაბამისი განათლება, ადამიანის სიყვარული, თვითკრიტიკულობა, ღვთის შიში და მყარი ნერვული სისტემა, რადგან ემოციურად ძალიან რთული პროფესიაა. მეან-გინეკოლოგია განსაკუთრებით, რადგან ხშირია ნაყოფისა და ორსულობის მიმდინარეობის პრობლემები. თითოეული პაციენტი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. ვფიქრობ, ექიმი მოწოდებით უნდა იყო, რადგან ამ პროფესიას, უბრალოდ, პროფესიის შეძენის მიზნით ვერ შეიყვარებ.